სინონიმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინონიმები – (< ბერძნ. synpnimos – თანამოსახელე). სიტყვები, რომლებიც განეკუთვნებიან ერთსა და იმავე მეტყველების ნაწილებს (ასევე ფრაზეოლოგიზმებს ფართო გაგებით, მორფემებს, სინტაქსურ კონსტრუქციებს) და აქვთ სრულად ან ნაწილობრივ თანმხვდომი მნიშვნელობები. სინონიმურებად მიიჩნევიან მხოლოდ ისეთი სიტყვები, რომლებიც სალიტერატურო (სამწერლობო და სასაუბრო) ენის კუთვნილებას წარმოადგენენ. შესაბამისად, ასეთებად ვერ ჩაითვლებიან სიტყვათა წყვილები, როგორიცაა: არქაული ალქატი – ღარიბი; დიალექტი (აჭარული) მისკმა – მირტყმა; (ინგილოური) ნაბუთა – ნაბოლარა; ჟარგონი დიმელი – ქურდი, ქეში – მწეველი; სპეციალური მიოპია – ახლომხედველობა, აბსცესი – ჩირქგროვა და მისთ.

ლექსიკური სინონიმების აზრობრივი დაპირისპირების ერთეულად ითვლება არა მთლიანად სიტყვა, არამედ მისი ელემენტარული მნიშვნელობა – ლექსიკურ-სემანტიკური ვარიანტი. ამიტომაც პოლისემიურ სიტყვას თავისი სხვადასხვა მნიშვნელობით შეუძლია შევიდეს სხვადასხვა სინონიმურ მწკრივში:
1. აშკარა – ცხადი, ნათელი, მკაფიო…
2. აშკარა – ნამდვილი, ჭეშმარიტი, მართალი;
3. აშკარა – ღია, ლეგალური;
4. აშკარა – მტკნარი, პირწმინდა.

თითოეულ სინონიმურ მწკრივს აქვს თავისი დომინანტა, რომელიც, როგორც წესი, წარმოადგენს სიტყვის სემანტიკურად უფრო მარტივ, სტილისტურად ნეიტრალურ და სინტაგმატურად ნაკლებად მიმაგრებულ ვარიანტს. მაგ., დინჯი (ადამიანი) – ფეხდადგმული (საუბარი); დინჯი (საქციელი) – ეპიკური (წიგნი). თითოეული სინონიმური მწკრივის წევრები დომინანტის მიმართ იდენტიფიცირდებიან სემანტიკურად და სტილისტიკურად.

იგივეობრივი ან მსგავსი მნიშვნელობის იმ სიტყვათა სინონიმურობის ხარისხი, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთთან ჩანაცვლება, საპირისპირო სემანტიკური ნიშნების ნეიტრალიზება ტექსტში შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს: მნიშვნელობის სრული ადეკვატურობიდან მისი ნიუანსების ფართო გრადაციამდე. ამის შესაბამისად, სინონიმები იყოფა სრულ (აბსოლუტურ) (ლინგვისტი – ენათმეცნიერი, დოღი – ჯირითი) და ნაწილობრივ (ფარდობით) (ცხვირი – დინგი – დრუნჩი, აღდგენილი – განახლებული) სინონიმებად.

სინონიმების უმნიშვნელოვანესი სემანტიკური ფუნქციებია დაზუსტება და ჩანაცვლება დაზუსტება მდგომარეობს ცნების ამა თუ იმ მნიშვნელობის აქცენტირებაში. ეს ფუნქცია რეალიზდება ჩვეულებრივ ერთი წინადადების ფარგლებში, როდესაც ერთმანეთის დამაზუსტებელი ნაწილობრივ ეკვივალენტური სიტყვები კონტექსტში ახლოს არიან განლაგებული. დაზუსტების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ აღსანიშნი, თავისი მრავალმხრივობიდან გამომდინარე, ვერ „გადაიფარება“ ერთი სიტყვით. ამიტომაც ჩნდება რამდენიმე სინონიმის ერთდროულად ხმარების აუცილებლობა. ამ სინონიმების არათანმხვდომი სემები აღსანიშნ საგანში ახალ მხარეებს წარმოაჩენენ. ჩანაცვლება ყველაზე ხშირად შეინიშნება ერთმანეთის მომდევნო წინადადებებში და მისი მიზანია სემანტიკურად ადეკვატური ერთეულების ურთიერთჩანაცვლებით ტავტოლოგიის თავიდან აცილება.

სინონიმების უმნიშვნელოვანესი სტილისტიკური ფუნქცია, შეფასება და შეფასების ემოციური გამოხატვა ეფუძნება სინონიმების სხვადასხვა სტილურ მიმაგრებას (ნეიტრალურის ზემოთ ან ქვემოთ), რაც აღსანიშნი ობიექტის დადებითი ან უარყოფითი კლასიფიკაციის საფუძველია. ტექსტის საერთო სემანტიკიდან და სტილიდან გამომდინარე. ასეთი სინონიმები ასრულებენ მისი სტილისტიკური ორგანიზაციის ფუნქციას.

ზემოთ აღნიშნული ფუნქციების შესაბამისად ს-ში შემდეგი ჯგუფებია გამოყოფილი: ს ემაჩნტიკური (იღეოგრაფიული) – აღსანიშნი ობიექტის სხვადასხვაგვარი ნიუანსის გამომხატველი (სადილი – ტრაპეზი – წვეულება; დაუდევარი – უპასუხისმგებლო – უყურადღებო – გაუფრთხილებელი); სტილისტიკური (შეძლებული – საუბ. ჩაქცეული; ტრუსი – საუბ. ნიფხავი) და სემანტიკურ-სტილისტური – ორივე ამ ფუნქციის შემთავსებელი (მიდის – მიიზლაზნება).

სტრუქტურის მიხედვით გამოყოფილია სინონიმების შემდეგი ჯგუფები: სხვადასხვა ძირიდან წარმოებული (ჩადებული – ჩაწყობილი – ჩალაგებული. გამოწკეპილი – გამოწყობილი); ერთი ძირიდან, მაგრამ ერთმანეთისაგან პრეფიქსებით განსხვავებული (შექმნილი – წარმოქმნილი, დაგროვებული – მოგროვებული – შეგროვებული); სუფიქსებით განსხვავებული (მოხუცი – მოხუცებული, ფერადი – ფერადოვანი): ერთდროულად პრეფიქს-სუფიქსებით წარმოქმნილი (საკვირველი – გასაკვირი – განსაკვირველი). ერთი ძირის სინონიმებს ქმნიან აგრეთვე სატყვაგაორკპეცებული კომპოზიტები (ჭრელი – ჭრელა-ჭრულა, არეული – არეულ-დარეული, ფერადი – ფერად-ფერადი), სიტყვა – რთული სიტყვა (ნათელი – თვალნათელი, ამაყი– გულამაყი. დაბალი – ტანდაბალი). დაბოლოს, სინონიმები შეიძლება იყოს სიტყვა და შესიტყვება (აშკარა – ცხადზე უცხადესი, სადილი – პურის ჭამა).

მ. აბალაკი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები