ხოვლე
ხოვლე - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ხეხმელას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, კასპიდან 30 კმ-ზე, გრაკლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 7 კმ-ზე. აქ დაიბადა ქართული ეროვნული მეცნიერების უპირველესი ბურჯი, დიდი მამულიშვილი ივანე ჯავახიშვილი.
ვახუშტი ბაგრატიონი ხოვლეს შესახებ გადმოგვცემს: „თეზმის დასავლით არს ხევი ხოვლესი, გამოსდის რაზმითის მთას, მოდის ჩდილოდამ, ერთვის მტკუარს სამხრიდამ“ (ქც 4: 342,9,10). იოანე ბაგრატიონი ხოვლეს ხევში ჩამოთვლის შემდეგ სოფლებს: „მდუღრის ხევი აწ ხოვლის ხევად წოდებული: ხოვლე, გრაკალი, დოესი, აგარა...“
აქ მოპოვებული დიდძალი და დიდადმნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ ეს რეგიონი ქართველთა შორეულ წინაპრებს სამოსახლოდ ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვის XVI-XV საუკუნეებში ჰქონიათ დაკავებული. მიწისზედა ქრისტიანული ძეგლებიდან ძალზე საყურადღებოა შუა საუკუნეთა ეპოქის დარბაზული ეკლესიის ე.წ. „ნიღბლიანი საყდრის“ ნაშთები. ხოვლის შემოგარენში დგას კვართის წმ. გიორგი ეკლესია (XI-XII ს.ს.) და „წითელი ეკლესია“, რომელიც იმავე პერიოდს განეკუთვნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლიდან 4-5 კმ-ზე მდებარე საკულტო ნაგებობა (წმ. გიორგის სახელობისა), რომელიც მცხეთის ჯვრის ხნოვანობისაა (VI-VII ს.ს.); ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია XI-XII საუკუნეების კანკელის ფრაგმენტები, ხოვლის ხეობის უძველესი და დიდი კულტურის არსებობაზე მეტყველებს გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლი – ხოვლეგორა, რომლის წიაღიდან მოპოვებული მრავალფეროვანი მასალა შთამბეჭდავად მოგვითხრობს აქ მოსახლე უძველესი ხალხის 3500-4000-წლოვანი ისტორიის ბობოქარი ამბების შესახებ.“
სახელწოდება
ტოპონიმი ხოვლე, როგორც მიუთითებენ, ხოვლ– ევ- ფორმისაგან ყოფილა წარმომდგარი -ევ სუფიქსის თანხმოვნითი ნაწილის მოკვეცის გზით, ზუსტად ისე, როგორც ეს ნოსტე-ში მომხდარა (ნოსტ-ევი – ნოსტ-ე), უთუოდ ხოვლ-ევ- ფორმის რეალურად არსებობამ უბიძგა ხალხური ეტიმოლოგიის ავტორს, რომ ასეთი კითხვა-მიგებითი შინაარსის თქმულება შეეთხზა: „ძველად ამ სოფელში დიდძალი თათრის ჯარი შემოსულა. რაც რამ შეხვედრიათ, ერთიანად დაუწვამთ და გადაუბუგიათ. თათრებს ტყვეთ ჩაუგდიათ ერთი ქართველი მეომარი, ძაან მამაცი და უშიშარი. წაუყვანიათ და ერთ ღრმა ხაროში ჩაუგდიათ, არც ასმევენ, არც აჭმევენ, უნდათ რო ათქმევინონ მეფის ოჯახის საიდუმლო ადგილსამყოფელი. მერე და მერე, ძაან რო გაუჭირდა, წყალი უთხოვია, ამ თათრებს კიდევ, ამდგარან და მიუტანიათ ცხენის რძე, აჰა და, დალიეო. იმას პირს როგორ დააკარებდა! წაუღიათ უკან. ერთი დღის მერე კიდე მიუტანიათ ეს ცხენი რძეი, დალიე, არც ახლა დაილევო? ეს ბიჭი კიდევ ზიზღობს ამ რძესა, სიკვდილს ათავებს, მაგრამ რანაქნას? აუღია და ერთი ყლუპი რის გულიკვლით დაულევია. – დალიეო, დალიეო, – ეძახიან, – ხო ვლეო, – ამოუგმინია ამ ბიჭსა, გადაბრუნებულა და დაულევია სული“ (ნ. კომაძე, სოფ. ხოვლე).
არსებობს სხვაგვარი გადმოცემაც. ამ ვერსიის მიხედვით აქ უწინ უცხოვრიათ ფხოვიდან გადმოსულ ხალხს, ამიტომ სოფლისთვისაც ფხოვლე ანუ ხოვლე შეურქმევიათო (შ. ბაისონაშვილი).
რა თქმა უნდა, არცერთი ამ გადმოცემათაგანი სინამდვილეს არ შეესაბამება. ტოპონიმი ხოვლე უკავშირდება დიალექტურ ჴოლ- სიტყვას, რაც დაქცეულ, ჩაქცეულ, უპატრონოდ მიტოვებულ ნაგებობას ნიშნავს. ხევსურულში, მაგალითად, ყოველგვარი საცხოვრებელი ნაგებობის ნანგრევს ნაშალი, ჴოლ-ი ეწოდება. აქ ყოფილა ადგილი, რომელსაც ჴოლისკალუანი („ნანგრევთ კალოები“) რქმევია. ფშაურ დიალექტში ჴოლ- სიტყვის ნაცვლად გვხვდება ჴოვლი. აქ, შარახევის შემოგარენში, დღესაც არის ნასოფლარი ჴოვლიანა („კარგ მეაბჯრედ ითვლებოდნენ კუდოში მცხოვრები თათარ თანდილაშვილი, ხილიანაში მცხოვრები ივანე თურმანაული, ხოვლიანაში მცხოვრები ბადოხარა ხარანაული). ჴოვლ- სიტყვას განიხილავდა ცნობილი მწერალი, ქართლური დიალექტის მკვლევარი გიორგი შატბერაშვილი. მისი თქმითაც თეძმის-ხევის სოფელი ხოვლე განთქმულია უძველესი საცხოვრისებით ანუ ნახოვლარი ადგილებით, სადაც უწინ ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ რაღაც მიზეზით აყრილა ან ამომწყდარა. სიტყვა ხოვლეს გ. შატბერაშვილი ზოგადქართულ ერთეულად მიიჩნევს, რადგანაც ის, ფშავ-ხევსურეთისა და ლეჩხუმი გარდა, ქართლშიც გვხვდება სოფლის სახელადო.
ტოპონიმ ხოვლეს სხვაგვარი წარმოშობისად მიიჩნევდა ნ. ბერძენიშვილი. იგი დასაშვებად თვლიდა ხოვლეს კავშირს ხულევ||ხულებ სიტყვებთან. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ იგი ხოვლეს განიხილავდა როგორც სპეციფიკურ საცხოვრისს და არა როგორც დანგრეულ-დანაქცევ და ჩახოვლილ ადგილს. იგი წერდა: „ხოვლე სხვა გორაებისაგან განსხვავებული, განსაკუთრებულ ნაგებობათა შემცველი ხომ არ იყო და ამიტომ ხომ არ ეწოდება ეს სახელი?… ამ გვარს (ერთ გორაზე მცხოვრებ ხალხს, გ.ბ.) აქ ხულევი უნდა ჰქონოდაო“.
ჩვენი ფიქრით ტოპონიმ ხოვლევის (– ხოვლე) ხულა (ხულევ) სიტყვასთან დაკავშირება ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან აღმოსავლეთ საქართველოს ტოპონიმიაში არასოდეს გვქონია (და არც ამჟამად გვაქვს) ხულა- სიტყვისაგან წარმომდგარი გეოგრაფიული სახელწოდებები. ხოვლე აღმოსავლურ-ქართული ძველისძველი სიტყვაა (როგორც ვნახეთ, ფშავ-ხევსურეთში მისგან ტოპონიმებიც წარმოქმნილა) და სრულიად ბუნებრივია, რომ მას ქართული ენის დედადიალექტშიც (ქართლურში) სათანადო ასახვა უპოვია. ხოვლე, მაშასადამე, უნდა გავიგოთ როგორც „დაქცეული, მოსახლეობისაგან უპატრონოდ მიტოვებული ძველი სამოსახლოები“. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა, რომ ხოვლეს არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ არქეოლოგიური გათხრების უბანში, ხოვლეგორაზე, მიკვლეული რვა(!) სამოსახლო ფენა, რომლებიც აქაურ უძველეს მკვიდრთა საკმაოდ შფოთიან, გამანადგურებელი ომებითა და ხანძრებით აღსავსე ისტორიაზე მეტყველებენ. სახელწოდება ხოვლე, როგორც ვხედავთ, ზუსტად მიესადაგება ძველ მდუღრისხეველთა ნგრევებითა და კვლავ აღმშენებლობითი ენერგიით სავსე ისტორიას.
XIX საუკუნის 60–იან წლებში აქ დაარსდა პირველი სოფლის სკოლა, რომელშიც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღვთო სჯულსა და ხელსაქმეს. 1864 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით სკოლა გადაკეთდა 4-წლიან სასწავლებლად 1868 წლის სექტემბრიდან შეუდგა მუშაობას ახალი პროგრამით. სწავლება ქართულ ენაზე წარმოებდა. სკოლას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ნ. თარხნიშვილი, გრ. კავსაძე, ი. ციციშვილი, ი. ცხვედაძე, ი. ჭიჭინაძე, ზ. ჯავახიშვილი, ქ. ჯავახიშვილი და სხვ.
ხოვლეში გახსნილია ი. ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი.
წყარო
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი
- ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი