ფშაური დიალექტი
ფშაური – ქართული ენის დიალექტი. ქართველთა ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფის – ფშავლების – მეტყველება. ყველა დონის ენობრივი ნიშნების მიხედვით ერთიანდება აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტების (ხევსურული, მოხეური, მთიულური, თუშური) ჯგუფში. ფშაურის, როგორც ტერიტორიული დიალექტის, ფორმირება მოხდა საკუთრივ ფშავში, ანუ, როგორც ხშირად უწოდებენ, უკანა ფშავში, ფშავის არაგვის ხეობაში, სადაც დღემდე შემორჩენილია ტრადიცია ფშავის ხეობის 12 თემის შესახებ და არსებობას განაგრძობს 12 სათემო საკულტო სალოცავის სახით. ფშავის მოსახლეობის ბარისაკენ ჩამოწევა მოხდა გვიან შუა საუკუნეებში ფშავ-ხევსურეთის არაგვის ხეობაში ჟინვალამდე და უკანაფშავთან ერთად შეიქმნა არაგვის ხეობის ფშავი. უფრო გვიან, XVII–XVIII სს-ში ფშაურმა მოსახლეობამ დაიკავა XVII ს. პირველ ნახევარში სპარსელთა რამდენიმე გზის გამანადგურებელი შემოსევის შედეგად მოსახლეობისაგან დაცლილი კახეთის სამეფოს კუთვნილი ადგილები ივრის ხეობაში, სადაც გაჩნდა ფშაველებით დასახლებული ტერიტორია „იერის ფშავის“ სახით, XX ს. მიგრაციების შედეგად კი გაჩნდა ფშაური დიალექტური კუნძულები კახეთის სხვადასხვა ადგილას – ახმეტის, თელავისა და დედოფლისწყაროს რაიონებში.
მთის დიალექტთაგან ბარის დიალექტებთან და, აქედან გამომდინარე, სალიტერატურო ქართულთან ყველაზე მეტ სიახლოვეს ფშაური ამჟღავნებს.
ფშაურის ფონოლოგიური თავისებურებებიდან აღსანიშნავია ჴ ფონემის ქონა ხშულ თანხმოვანთა ფარინგალურ რიგში: ჴელი, ფეჴი, ჴმალი… მორფონოლოგიური ნიშნებიდან კი – არაფონოლოგიური ღირებულების (ჲ), (ჲ ს) და ( ჲჰ), როგორც ზმნის პირის ს და ჰ ექსპონენტების პოზიციურად შეპირობებული ვარიანტები (დაჲძრავს, დაჲბარავს, გამაჲსთიბს, დაჲჰპატიჟებს). მორფოლოგიის სფეროსათვის ნიშანდობლივია სახელობითი ბრუნვის 0 მორფემიანი ფორმები (კაც მოიდა) და მოთხრობითი ბრუნვის ნიშნის უხმოვნო ვარიანტი (კაცმ დაიძახა) თანხმოვანფუძიან სახელებთან; ოდ-იანი ხოლმეობითები (ვაკეთებდოდი, გავაკეთოდი) ზმნის ნაკვთეულთა სისტემაში, რომლის II პირის ფორმებს თხოვნითი ბრძანებითის მნიშვნელობაც აქვთ (დამიტიროდი, უთხროდი). ფშაური თავისებურ დამოკიდებულებას ავლენს სახელთა მრავლობითის ე. წ. „ნართანიან“ და „ებიან“ წარმოებასთან. პირველს ხშირ შემთხვევაში დაკარგული აქვს მორფოლოგიური და შერჩენილი აქვს სინტაქსური ძალა (წყალნი მწყურან, მიწანიმც დაილოცებიან), მეორეს კი მორფოლოგიური ძალა აქვს, სინტაქსური – არა (ქალებ მოიდა).
სამეურნეო და კულტურული ყოფის თავისებურებები შეაპირობებს ფშაურის ლექსიკურ თავისებურებებს, უმდიდრესი და სახიერი ფრაზეოლოგია კი თავს იჩენს მაღალმხატვრულ ზეპირსიტყვიერებასა და ამ კუთხიდან გამოსულ მწერალთა შემოქმედებაში.
გ· ცოცანიძე
ლიტერატურა
- შანიძე ა. ქართული კილოები მთაში. – ჟურნ. „კრებული“, ტფ., 1915;
- გიგინეიშვილი ივ. თოფურია ე. ქავთარაძე ივ. ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961;
- ცოცანიძე გ. ფშაური დიალექტი, თბ., 1978;
- ქემიკაშვილი ივ. ღმერთები, მითები, რიტუალები, თბ, 1990.