ხმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხმახორხის სახმო კვანძების ჟღერადობა, რომელიც წარმოიშვება მათი ერთმანეთთან შეხებით და ჰაერის ნაკადის ზეგავლენით გამოწვეული პერიოდული მერყეობით. ხორხის კვანძების მიერ გამოცემული ბგერები ძლიერდება და შეფერილობას იღებს ე. წ. ზედგმულ მილში (ხახა, პირის და ცხვირის ღრუ), გარდაიქმნება მეტყველებად და მღერად. ხმა ხასიათდება მოცულობით (დიაპაზონი), სიმაღლით, ძალით და ტემბრით, შეფერილობით. ხმის სიმაღლე დამოკიდებულია წამში ხმის კვანძების მერყეობაზე: რაც მეტია მერყეობის სიხშირე, მით მაღალია ხმა და პირიქით. ხმის ძალას განაპირობებს გაქანება ანუ ამპლიტუდა, ხმის კვანძების მერყეობა. რაც მეტია ამპლიტუდა, მით უფრო ძლიერია ხმა. ადამიანს შეუძლია სურვილისამებრ შეცვალოს ხმის როგორც სიმაღლე, ისე ძალა. ხმის ტემბრი დამოკიდებულია ობერტონების მიერთებაზე ძირითად ტონთან.

განასხვავებენ ხმას სამეტყველოს და სასიმღეროს, „დაუყენებელს“ (ყოფითი მეტყველება, უსწავლელის მღერა) და „დაყენებულს“ (სცენური მეტყველება, პროფესიონალის მღერა). სასიმღერო ხმაში განასხვავებენ რეგისტრებს – მკერდისმიერი, საშუალო და თავისმიერი (ფალცეტი). უსწავლელი მომღერლის სიმღერაში რეგისტრების ამოცნობა ადვილია, პროფესიონალ მომღერლებთან რეგისტრები გათანაბრებულია ყველა დიაპაზონში და ტემბრი ერთგვაროვანია.

ზრდასრულ ასაკში ხმის ყველაზე მაღალი დიაპაზონია სოპრანო, ყველაზე დაბალი – ბანი. ხმები იყოფა მახასიათებლების მიხედვით (ბანის გამოკლებით) შემდეგნაირად: ლირიკული, ლირიკულ-დრამატული და დრამატული. გარდა ამისა, გამოყოფენ სოპრანოს კოლორატურულს, ლირიკულ-კოლორატურულს და ტენორ-ალტინოს. ბანი არსებობს მაღალი – კანტანტე და დაბალი პროფუნდო. საგუნდო სიმღერის პრაქტიკაში განსაკუთრებით დაბალი ბანები იწოდებიან ოქტავისტებად.


იხილე აგრეთვე

ხმის დაყენება

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები