ხერკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხერკი – ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე არაგვის ხეობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი მცხეთისა და დუშეთის რაიონების ტერიტორიის ნაწილი. ხერკის სანახები ძირითადად მოიცავდა იმ ადგილებს, რომლებზედაც დღეს საგურამო-თეზმის ხეობათა სოფლებია განლაგებული.

ტოპონიმ ხერკი ერთ-ერთი უძველესია აღმოსავლეთ საქართველოს გეოგრაფიულ სახელწოდებათა შორის. მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს.) ხერკს მოიხსენიებს იმ უძველეს ამბებთან დაკავშირებით, როდესაც მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმიდან აყრილი და ლტოლვილი ებრაელები ქართლში შემოსულან და მცხეთის მამასახლისს ისინი ხერკში დაუსახლებია. საინტერესოა, რომ ლეონტი მროველი აქვე სახელწოდება ხერკის ეტიმოლოგიასაც გვთავაზობს: „და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ (ლტოლვილ ებრაელებს, გ.ბ.) ხარკითა, აწ ჰქვან ხერკ ხარკისა მისთჳს“. როგორც ვხედავთ, ხერკის ამ ეტიმოლოგია, ათასწლოვანი ისტორია ჰქონია. ვახუშტი ბატონიშვილი ზუსტად იმეორებს მემატიანის ცნობას: „ეწოდებოდა ხერკი ამის გამო, ოდეს ლტოლვილნი ნაბუქოდონოსოისაგან მოსრულნი ურიანი დასხნა აქა მცხეთელ მამასახლისმან და ყვნა მეხარკედ“. აქვე ვახუშტი იძლევა ხერკის გეოგრაფიულ აღწერილობას, მის საზღვრებს: „ხოლო მთა ესე კუხეთისა ანუ ზედაზნისა წარვალს აღმოსავლეთად და შეერთბამდების ერწოს მთასა, რომელი არს ხერკისა. და არს ამათ შორის ხერკი, არამედ აწ საგურამო ანუ თეზმის-ხევი; აქუს ხერკს აღმოსავლით მთა ერწოსა და ამას შორისი; სამჳურით-მთა ზედაზნისა; ჩრდილოთ ნოკორნა-ბოკოწანს შორისი გორანი, ჩამოსული თიანეთის მთიდამ არაგვამდე; დასავლით-არაგვი, ხოლო მთა ზედაზნისა წარვალს უჯარმამდე“.

ამ მონათხრობიდან აშკარა ხდება, რომ ხერკი ძველი სახელი ყოფილა იმ რეგიონისა („ქვეყნისა“), რომელსაც ვახუშტის დროს საგურამო და თეზმის-ხევი რქმევა'

ცნობილია, რომ გეოგრაფიული ობიექტების ნომინაცია (სახელის შერქმევა) ძირითადად მათი ფიზიკური ნიშანთვისებების გათვალისწინებით ხდება. ამ გზით არიან წარმოქმნილი ისეთი ტოპონიმები, როგორებიცაა, მაგალითად, აკვანა, უნაგირა, დამპალო, ბალახვანი, მუხიანი…

ტოპონიმი ხერკი მეტათეზირებული სახე იყოს ხრეკ- ფორმისა. შდრ. გა-ხრეკ-ილ-ი „მწირი, ქვიანი, უბალახო, შიშეელი ადგილი“ („არ გაგონდებათ სადმე სოფლის ბოლოში გახრეკილი ეზო და შიგ მძოვარე ფერდებჩაქცეული… ულაყი?" (ი.გედევანიშვილი).

მაშასადამე, საწყის (ამოსავალ) ფორმად უნდა გვქონოდა ხრეკი) (მდრ. მისი სინონიმები: ხრიოკი, ხრიაკი, ფხეკი, ფხაკო; ფხაჭები, ფხაწალი…), საიდანაც ხერკ-ი მიგვიღია (ხრიაკი → ხრიეკი → ხრეკი → ხერკი). ალბათ ამ ხრეკ-ძირთან ავლენს საერთოს ხრუკ- (ხრუკ-ავ-ს, გადა-ხრუკ-ულ-ი) ფუძეც („შიშველი გადამწვარი“), აგრეთვე ფხაკ-ფხეკ-, ფხრეკ-||ფხრუკ-ფხროკ-, ხოროგ (იმერ.) ძირები, რომლებიც ზოგადად ობიექტის სიშიშვლეს, სიმშრალე-ქვიანობას, მცენარეული საფარის სიმწირეს და ა.შ. გამოხატავს.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები