ხათური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხათური ენა – პროტოხეთური ენა, ძვ. წ. III ათასწლ. შუა ხანებსა და II ათასწლეულის დასაწყისში მცირე აზიაში (ანატოლიაში – ახლანდელი, თურქეთი), განსაკუთრებით მის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის – ხათების, იმავე პროტოხეთების (ხეთებამდელი ტომების) ენა. სა-ეწოდება წარმომდგარია „ხათი“-საგან (Hatti). რომელიც ქვეყნის აღმნიშვნელი იყო. ხათური ენა შეერწყა ხეთურ და ფალაურ ენებს და ძველი წელთაღრიცხვით XVIII-XVII სს-იდან შეწყვიტა არსებობა.

ხათებს საკუთარი დამწერლობა არ ჰქონიათ, ხათური ენა შემორჩენილია ინდოევროპელი ხეთების დედაქალაქის – ხათუსის (ახლანდ. სოფ. ბოდაზქოის) ლურსმულ არქივში აღმოჩენილ ერთენოვან (ხათურ) და ორენოვან (ხეთურ-ხათურ) ტექსტებში, რომლებიც დაწერილია მარცვლოვანი ლურსმულით იდეოგრამების გარეშე, რაც აძნელებს ტექსტების შინაარსის გაგებას. ხათური ენა არ მიეკუთვნება არც ინდოევროპულ, არც სემიტურ და არც სხვა რომელიმე ენათა ოჯახს. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ იგი ახლოს დგას ჩრდილო-დასავლურ კავკასიურ ენებთან – აფხაზურ-ადიღურთან (ი. დუნაევსკაია, ი. დიაკონოვი, ე. ივანოვი), რასაც დასავლელი მეცნიერები არ იზიარებენ (ა. კამენჰუბერი, ა. შულერი და სხვ. ზოგიერთი მკვლევარი არ გამორიცხავს მის სიახლოვეს ქართველურ ენებთან (ქრ. გირბალი).

მოსაზრებას ხათური ენის აფხაზურ-ადიღურ ენებთან ნათესაობის შესახებ მხარს უჭერს ზმნათა სტრუქტურის მსგავსება, მაგრამ ხათურის ფონოლოგიური ფორმანტების გაურკვევლობა, მათი მნიშვნელობის შესახებ ცნობების მიახლოებითი ხასიათი და თითქმის ოთხი ათასი წლის ინტერვალი შესადარებლებს შორის ამ შედარებას რამდენადმე დაუჯერებელს ხდის.

ხათური აგლუტინაციური ენაა. ხათურ სახელს 20-მდე პრეფიქსი და ამდენივე სუფიქსი დაერთვის, რომელთა მნიშვნელობა საბოლოოდ არ არის დადგენილი. სახელისა და ზმნის დიფერენცირება საკმაოდ რთულია ფორმალური კრიტერიუმების უქონლობის გამო: სახელისა და ზმნის მაჩვენებლები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს (ა. კამენჰუბერი, ჰ. შუსტერი).

არ შეინიშნება სახელის დიფერენციაცია არსებით და ზედსართავ სახელებად. ძირს (ფუძეს) წინ უსწრებს ლოკატიური ელემენტები წინსართებისა და პრევერბების სახით. ზმნის გრამატიკული ურთიერთობანი გამოხატულია იმ პრეფიქსთა ჯაჭვით, რომლებიც განლაგებულია უცვლელი თანმიმდევრობით. ჩვეულებრივ, გამოყენებულია 10-იდან 34 პოზიცია. პრეფიქსები გამოხატავენ აკრძალვას, სურვილს, ლოკატივს მოქმედების სუბიექტის დროს, რეფლექსივს, სუბიექტს, მრავლობით და მხოლობით რიცხვში, ლოკატივს მდგომარეობის სუბიექტის დროს. ვარაუდი ზმნაში დროისა და პირის მაჩვენებლების არსებობის შესახებ სხვადასხვაგვარია. სახელის გრამატიკული კატეგორიები (ბრუნვა, რიცხვი..) გადმოცემულია პრეფიქსებითა და სუფიქსებით. ზმნის ორსუბიექტური უღლება და მოქმედებისა და მდგომარეობის ზმნათა დიფერენციაცია საშუალებას იძლევა ხათური ენა მიჩნეულ იქნას ერგატიულად.

შეიძლება ჩაითვალოს, რომ ხათური ზმნის სტრუქტურა გარკვეულია. ი. დუნაევსკაიას ვარაუდით, ხათურ ზმნას გააჩნია პრეფიქსთა ჯაჭვი ექვსი პოზიციით. ამ ჯაჭვსა და ფუძეს (ძირს) შორის თავსდება ლოკატიური პრევერბები, ხოლო ძირის შემდეგ მოცემულია სუფიქსთა ჯაჭვი ორი (ან მეტი) პოზიციით.

დღეისათვის დამაჯერებლად დადგენილია 100-მდე ხათური სიტყვის მნიშვნელობა.

ხათური და ქართველური ენების ურთიერთშედარება ი. დუნაევსკაიასა და ი. დიაკონოვს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნან, რომ სტრუქტურული სიახლოვის ხარისხი ხათურსა და ქართველურ ენებს მორის უფრო დაბალია, ვიდრე ხათურსა და აფხაზურ-ადიღურ ენებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ენები ზმნის ფორმებში იყენებენ პრეფიქსაციის რთულ სისტემას. ისინი პრინციპულად განსხვავებული სისტემებია. სუბიექტურ-ობიექტური მაჩვენებლები გამოიხატება უმეტესად პრეფიქსებით, მაგრამ III პირი (სუბიექტის მაჩვენებელი) და მხოლობითი რიცხვის I და II პირის მაჩვენებელის სუფიქსებითაა გამოხატული. მათივე აზრით, ქართველური ენების ბრუნვის სისტემას არა აქვს რაიმე შეხების წერტილები ხათურთან. მაგრამ, როგორც ი. დუნაევსკაია თვლის, ზოგიერთი ხათური მორფემა ანალოგიას ავლენს სწორედ ქართველურ ენებთან. ასე, ხათურის III პირის მაჩვენებელი არის –h-. -. -h-. -s-, ისევე როგორც ქართველურ ენებში; ამ ენებში გავრცელებულია ხათურში კარგად ცნობილი სიტყვაწარმოების სუფიქსი კუთვნილებისა და წარმომავლობისა -cl. სვანურში არსებული განყენებული სახელების პრეფიქსი li- და მრავლობითი რიცხვის „რეფიქსი la. რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყვნენ ხათურ lc-სთან; შდრ. აგრეთვე, ქართული „ის“ და ხათური es.

როგორც გერმანელი ხეთოლოგი ქრ. გირბალი ვარაუდობს. ხათური გენეტიკურად განსახილველია ქართველურ ენათა ჯგუფთან კავშირში. ეყრდნობა რა ძირითადად ლექსიკურ მონაცემებს, იგი იხილავს ისეთ ლექსიკურ პარალელებს, როტორიცაა: ხათური lete „დიდი“ და ქართ. „დიდი“: ხათური სიტყვიდან Tuhhukuru „ხედვა“ გამოყოფილი kuru-ს და ქართ. „ყურებას“; ხათური sama „მოსმენა“ და ქართ. „სმ“ სიტყვაში „მოსმენა“, ხათური tumāil „წვიმა“ და ქართ. „წვიმა“· (-il სუფიქსის გამოკლებით) და ა. შ.

ხათურ და ქართველურ ენათა სავარაუდო ლექსიკური პარალელებიდან მკვლევრები აღნიშნავენ შემდეგსაც: ხათური savat „ვაშლი“ და ქართ. „ვაშლი”: ხათური karam „ჭურჭელი” და ქართ. „ქვევრი“: ხათური win „ღვინო“ (სიტყვაში „Windukaram“ „მეღვინეთუხუცესი”) და ქართ. „ღვინო“: ხათური ures „მჭედელი“ და ქართ. „ურო“: ხათური (Na-)zar „ცხვარი“ და ქართ. „ცხვარი“.

გ. გიორგაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები