ჭაფში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭაფშ-ი / ჭეფშაკუე (ადიღ. КIапшь/шIэпшъакIуэ) – დაჭრილთა, ან ძვლის მოტეხილობით მძიმედ დაავადებულთა (მოგვიანებით, ზოგადად ავადმყოფთა) საწოლ ოთახში გამართული ადიღური საწესო თეატრალიზებული თამაშობანი, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე, როგორც წესი, დაღამებისთანავე, ანუ იმ დროს იმართებოდა, როდესაც, ხალხის რწმენით, ავადმყოფისთვის ვნების მომტანი დემონური ძალები აქტიურდებოდნენ. ავსულთა დაშინების მიზნით, მთელი რიგი მაგიური წესები სრულდებოდა: საცხოვრებლისა და ავადმყოფის საწოლის გარშემო ძროხის ნეხვით წრეს შემოხაზავდნენ, შესასვლელის ზღურბლთან მდგარ რკინის სახნისს რკინის საგანს ურტყამდნენ, იწყებდნენ ხმაურიან ცეკვა-სიმღერას, მღეროდნენ შესალოც ტექსტებს, მიმართავდნენ მჭედლობის მფარველ ღვთაება თლეფშს, რომელიც იმავდროულად მკურნალის იპოსტასშიც ჰყავდათ წარმოდგენილი. აღნიშნული ქმედებები ფსიქოთერაპიული საშუალებაც იყო და ტკივილისაგან გატანჯული ავადმყოფის ყურადღების მიპყრობას, მისთვის ოპტიმიზის, გამოჯანმრთელების იმედის ჩასახვას ემსახურებოდა (ს. მაფეძევი).

ითვლება, რომ кIапшь/шIэпшъакIуэ ტერმინებისთვის ამოსავალია სიტყვა щIэпщ/епщэн „სულის შებერვა“. აქედან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ ჭაფშის/ჭეფშაკუეს წესს არქაულ პერიოდში მაგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ამის საფუძველს იძლევა გათვალვისა და სხვა ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში ჩერქეზი ექიმბაშების (Iэзэ) მიერ ავადმყოფის სამკურნალოდ შელოცვასთან ერთად გამოყენებული შებერვის მაგიური ხერხი. „ადიღური „შებერვა“ პირდაპირ კავშირშია ჯადოქრობასთან, მაგრამ მან ჭაფშში თავისი პირვანდელი მნიშვნელობადაკარგა და თანდათან სამხიარულო-სამკურნალო წარმოდგენად გადაიქცა“ (ა. შორთანოვი).

ადიღური ჭაფშის/ჭეფშაკუეს ანალოგიაა აფხაზური აჭაფშარა.



ლიტერატურა

  • Шортанов А. Т. Адыгские культы. Нальчик, 1992;
  • Мафедзев С. Х. Адыги. Обычаи, традиции (Адыгэ хабзэ). Нальчик, 2000;
  • Налоев З. У истоков песенного искуства адыгов // Народные песни и инструментальные наигрыши адыгов. I. М., 1980.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები