ჭაფშარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭაფშარა (აფხ.Ҷаҧшьара) – ავადმყოფთან ან დაკრძალვის ღამეს მიცვალებულის ნიშანთან (ანშანთან) ღამისთევის ჩვეულება. ჭაფშარაზე ძირითადად ახალგაზრდები იკრიბებიან; თუ ავადმყოფს უთევენ ღამეს, დილამდე მხიარულობენ, მღერიან, უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე (ჩონგურზე, აფხჲარცაზე, აჭარპინზე), ყვებიან ზღაპრებსა და სხვადასხვა გასართობ ამბებს; იციან მკითხაობა. მიცვალებულის ნიშანთან ორ გუნდად მღერიან ე.წ. „ამერთას“ (სახუმარო სიმღერა ექსპრომტად თქმული ტექსტით, რითაც მოპირისპირე მხარეს ახასიათებენ). იმ შემთხვევაში თუ გარდაცვლილი მოხუცია, „ამერთას“ ცვლის მკით ხაობა, ზღაპრები, გამოცანები და მოგონებები მიცვალებულის ცხოვრებაზე.

თითქმის ყოველი აჭაფშარა ახალგაზრდებს შორის სასიყვარულო კავშირების გაბმით მთავრდებოდა.

მართალია, ავადმყოფისა თუ მიცვალებულისათვის (დაკრძალვისწინა დღეებში) ღამისთევა ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაშიც, მაგრამ საკუთვრივ აფხაზური ტერმინი „ჭაფშარა“ და ამ სიტყვით აღნიშნული ჩვეულება აშკარად ენათესავება ადიღეელებში „ჭაფშის“ და ყაბარდოელებში „შაფშაკოს“ სახელწოდებებით ცნობილ წესებს, რომლებიც მჭედლობის ღვთაების, თლეფშის, კულტთან არიან დაკავშირებულნი და გაცილებით არქაულ ნიშნებს ავლენენ. ჭაფში (შაფშაკო) სრულდება დაჭრილის ან ტრავმირებულის (განსაკუთრებით ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში) ავადმყოფის საწოლ ოთახში. ღამის სათევად შეკრებილი ნათესავები და ახლობლები მხიარულობენ, ცეკვავენ და ნიღბებით მორთულნი აწყობენ წარმოდგენებს; სხვათა შორის უმღერიან ღვთაება თლეფშს და ჭრილობის შეხორცებასა თუ ძვლის გამრთელებას შესთხოვენ. ყოველი შემომსვლელი ავადმყოფის ოთახში მდგარ გრდემლზე კვერს დაკრავს, ნახშირითა და ნაგვით სავსე ჭურჭელში ჩააფურთხებს და მხოლოდ შემდეგ უერთდება ღამისმთევლებს. ჭაფშში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა დედისერთა ქალიშვილი, რომლის მონაწილეობით გამართულ თამაშში სქესობრივი აქტის იმიტირება ხდებოდა (შდრ. XV ს. ავტორის – ინტერიანოს ცნობა ჩერქეზებში მიცვალებულის დაკრძალვის დროს ქალიშვილის რიტუალური დეფლორაციის თაობაზე).


ლიტერატურა

  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • А. Веселовский. Несколько географических и этнографических сведений о древней России из рассказов итальянцев. СПБ., 1870;
  • И. Цей. Чапш // РГ. 1929. №4;
  • Л. И. Лавров. Доисламские верования адыгейцев и кабардинцев // Исследования и материалы по вопросам первобытных религиозных веровании. М., 1959;
  • პ. გიორგიძე. აფხაზეთი და აფხაზნი //ივერია.1888. №176.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები