ჩაკოს კონფლიქტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩაკოს კონფლიქტი – (ბოლივიასა და პარაგვაის შორის), აღმოცენდა საზღვრისპირა, ნავთობით მდიდარ ჩაკო-ბორეალის (გრან-ჩაკოს ოლქის ჩრდილოეთი ნაწილი) რეგიონის გამო, რომლის კოლონიზაციაც ორივე მხარემ ჯერ კიდევ XIX ს-ის 70-იან წლებში დაიწყო. კონფლიქტი ინსპირირებული იყო აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ნავთობის მონოპოლიების მიერ, რომლებიც მხარს უჭერდნენ შესაბამისად პარაგვაისა და ბოლივიას.

სამხედრო შეტაკებები ჩაკოს სასაზღვრო რაიონში დაიწყო 1928 წლის დეკემბრიდან, ხოლო 10.V.1932 ეს შეტაკებანი ბოლივიასა და პარაგვაის შორის ომში გადაიზარდა. ლათინური ამერიკის ქვეყნების ცდებს, მშვიდობიანად მოეგვარებინათ კონფლიქტი, წარმატება არ მოჰყოლია.

1931 წლის სექტემბერში ერთა ლიგის ასამბლეამ შექმნა კომისია კონფლიქტის მშვიდობიანად რეგულირებისათვის. ნოემბერში ასამბლეის საგანგებო სესიაზე მოისმინეს კომისიის მოხსენება და შემოიღეს ემბარგო იარაღით ვაჭრობაზე მეომარი მხარეებისათვის და ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად შექმნეს კომიტეტი 23 ქვეყნის წარმომადგენლისაგან. მას შემდეგ, რაც ბოლივიამ განაცხადა, რომ იღებდა ასამბლეის რეკომენდაციებს, მას მოუხსნეს ემბარგო, რის პასუხადაც პარაგვაიმ მიატოვა ერთა ლიგა. 1935 წლის აპრილში ბოლივია და პარაგვაი დათანხმდნენ ქვეყნის (აშშ, არგენტინა, ჩილე, ბრაზილია, პერუ და ურუგვაი) შუამავლობას ამ ქვეყნების მიერ წამოყენებულ წინადადებათა საფუძველზე) 2.VI ხელმოწერილ იქნა შეთანხმება სამხედრო მოქმედებათა შეწყვეტის, მხარეების მიერ ჯარების დემობილიზაციისა და კონფლიქტის საბოლოო რეგულირებისათვის კონფერენციის მოწვევის შესახებ. ამ დროისათვის პარაგვაის ჯარებს დაკავებული ჰქონდათ ჩაკოს დიდი ნაწილი.

1.VII.1935 ბუენოს-აირესში (არგენტინა) გახსნილ პარაგვაის, ბოლივიისა და 6 შუამავალი ქვეყნის წარმომადგენელთა კონფერენციაზე ბოლივია-პარაგვაის ომი დამთავრებულად გამოცხადდა. 21.VII.1938 ბუენოს-აირესში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „მშვიდობის, მეგობრობისა და საზღვრების შესახებ“ (ძალაში შევიდა 29.VIII.), რომლის მიხედვითაც ბოლივიასა და პარაგვაის შორის აღდგა მშვიდობა და ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები, საზღვრები ჩაკოს გაყოფის შესახებ უნდა დაედგინა შუამავალი 6 ქვეყნის პრეზიდენტებს ან მათ, წარმომადგენლებს „სრულუფლებიანი არბიტრების სახით“. არბიტრების გადაწყვეტილება, მიღებული მხარეების მიერ, გამოქვეყნდა 10.X. რომლის მიხედვითაც პარაგვაის ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორია ცნობილ იქნა მის კუთვნილებად. ეს კი სადავო რაიონის ტერიტორიის 2/3-ს შეადგენდა. ამგვარად აშშ-ის ნავთობის მონოპოლიებმა შეძლეს ამ ტერიტორიიდან ინგლისური მონოპოლიების გამოძევება და მიიღეს კონცესიები პარაგვაის ჩაკოს ტერიტორიაზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები