შავი მთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავი მთა – საკვირველი მთა, ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის მძლავრი კერა ისტორიულ სირიაში, ანტიოქიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, განთქმული მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთში. შავი მთა, როგორც ქართული მწიგნობრული და თეოლოგიური სკოლა, ათონის (ივირონის) ქართული სკოლის უშუალო გამგრძელებელია, ხოლო მისი მოღვაწეები ძირითადად სამხრეთ საქართველოდან (ტაო-კლარჯეთიდან) არიან. ქართველები შავ მთაზე სვიმეონ საკვირველმოქმედის სავანეში სვიმეონ მესვეტის დროიდან VI ს-დან ჩანა. მათი მოღვაწეობა რომ ეპიზოდური ხასიათისა არ უნდა ყოფილიყო, ამას ადასტურებს VI ს-ში სირიელი მამების ჩამოსვლა საქართველოში და სირიული მწერლობის აშკარა გავლენის კვალი ადრეულ ქართულ სასულიერო მწერლობაზე (ე. მეტრეველი). მაგრამ ქართველთა ინტენსიური სამონასტრო ცხოვრება და შემოქმედებითი საქმიანობა შავ მთაზე XI ს. 30-იანი წლებიდან გაცხოველდა, რასაც ხელს უწყობდა 969–1085 სირიის მაჰმადიანთა მპყრობელობისაგან გათავისუფლება და ბიზანტიის პოლიტიკურ-კულტურულ მფლობელობაში გადასვლა. ქართველთა მწიგნობრული მოღვაწეობა აქ არ შეწყვეტილა თურქ-სელჯუკთა და ჯვაროსანთა ლაშქრობის შემდეგაც XI ს. მიწურულს. XIII–XIV სს-იდან, თურქების მიერ სირიის დაპყრობის შემდეგ, ანტიოქიის მონასტრები დაინგრა და ქართველებმაც დატოვეს იქაურობა.

ქართველები შავ მთაზე მოღვაწეობდნენ როგორც ბერძნულ, ისე მათ მიერ აშენებულ ქართულ მონასტრებში: სვიმეონწმიდაში, თორნეში, ბარლაამწმიდაში, ეზრას და ალექსანდრიის მონასტრებში, ლერწმისხევის უდაბნოში, რომანწმიდაში, კალიპოსში, თუალის მონასტერში, კასტანას მონასტერში 1091 ეფრემ მცირის წინამძღვრობის დროს და სხვ. წერილობით წყაროებთან ერთად, ამ მოღვაწეობის დასტურია გათხრების შედეგად ნაპოვნი ქართული წარწერებიც.

XI ს-ის I ნახევრისათვის შავ მთაზე სამოცამდე ქართველი მოღვაწე ყოფილა. მათ შორის არიან: დიდი მამა გიორგი შეყენებული, რომელიც წლების განმავლობაში წარმართავდა იქ მოღვაწე ბერ-მონაზონთა ლიტერატურულ საქმიანობას, განსაკუთრებით გიორგი მთაწმიდელისას, თავად გიორგი მთაწმიდელი. გიორგი მცირე (გიორგი მთაწმიდელის ცხოვრების ავტორი), ეფრემ დიდი ოშკელი, არსენ კალიპოსელი, ბასილი კალიპოსელი, დავით და იოანე ჯიბისძენი, ანტონ ტბელი, გაბრიელ მღვდელი, თეოფილე – ტარსუს მიტროპოლიტი, საბა სულაისძე თუხარელი, სტეფანე ჭულეველი, იოანე ფარაკნელი, იოანე რატეული, იოანე მთავარაისძე, იოანე კვირიკესი, იოანე ბარლაამწმიდელი, ილარიონ თუალელი, კვირიკე ალექსანდრიელი, ეფრემ მცირე – კასტანას მონასტრის წინამძღეარი და უდიდესი მოღვაწე და სხვ. ზოგიერთი კოლოფონის მიხედვით შავ მთაზე ივარაუდება არსენ იყალთოელის მოღვაწეობა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით (ზოგი მკვლევარი მას არსენ კალიპოსელთან აიგივებს). სწორედ ამ პერიოდის შავი მთის ქართველი მწიგნობართა მოღვაწეობამ შეუწყო ხელი იქ ეფრემ მცირის ძლიერი ფილოლოგიური და ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებას.

წყაროების მიხედვით, ქართველები სარგებლობდნენ სვიმეონწმიდის წიგნსაცავით, რომლისთვისაც ანტიოქიის პატრიარქს, თეოდორე III ლასკარისს, XI ს. 40-იანი წლებისათვის 420 წიგნი შეუწირავს. მათ შორის იყო როგორც საეკლესიო, ისე „გარეშე“, ანუ საერო, ანტიკური წიგნები. ქართველები აქ ეცნობოდნენ ბიზანტიური წიგნის ხელოვნებას, მის მთელ ატრიბუტიკას: მარგინალურ ნიშნებს, სქოლიოებს, პროსოდიას, სტიქომეტრიას, კომენტირების ტექნიკას, ბერძნულ წყაროებზე მეცნიერულ მუშაობას და სხვ. ისინი ასევე სარგებლობდნენ თუალის მონასტრის წიგნსაცავით. მდიდარი წიგნსაცავი უნდა ყოფილიყო კალიპოს ქართული სავანეშიც, რადგან შავ მთაზე არსებულ ხელნაწერთა უმრავლესობა იქ იყო გადანუსხული.

ქართველ მწიგნობრებს ცხოველი ურთიერთობა ჰქონიათ შავი მთის ბერძენ, სირიელ და არაბ მწიგნობრებთან. მაგ., ეფრემ მცირეს – ცნობილ კანონისტ ნიკონ შავმთელთან, იოანე დამასკელის ცხოვრების არაბული ვერსიის ავტორ მიქაელ ბერთან და ამ ცხოვრების ბერძნულ ენაზე მთარგმნელ სამუელ ადანელთან. იგი ასახელებს აგრეთვე ბერძენ ფილოლოგებს: ბასილი გრამატიკოსს, ფილოსოფოსად წოდებულ ანტიოქიის პატრიარქ იოანე V ოქსიტესს, ფილოსოფოსად და გრამატიკოსად წოდებულ ქართველ იოანეს და სხვებს.

ქართული მწიგნობრული კერებიდან შავი მთის განსაკუთრებით ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა პალესტინისა და ათონის ქართულ კერებთან. გიორგი შეყენებულმა აქედან ათონზე სამოღვაწეოდ გაგზავნა გიორგი მთაწმიდელი, რომელიც შემდეგ რამდენჯერმე ეწვია შავ მთას. ივირონსა და შავ მთას შორის მიმდინარეობდა წიგნების გაცვლა, აქაური მოღვაწეები უხვად სწირავდნენ წიგნებს ჯვრის მონასტერს იერუსალიმში და საქართველოს მონასტრებს. მაგ. კალიპოს ქართულ მონასტერში გადაწერილი და ჯერის მონასტრისათვის შეწირული გრიგოლ ღვთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელის თხზულებათა ეფთეიმე ათონელისეული თარგმანების შემცველი კრებული P3, s. XI პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ინახება; ხოლო კალიპოსშივე გადაწერილი ე. წ. ალავერდის ოთხთავი A 484.a 1054 – თბილისში, ხელნაწერთა ინსტიტუტში; სვიმეონწმიდაში გადაწერილი და მთაწმიდისათვის შეწირული დავით ტბელის მიერ თარგმნილი წმინდანების ცხოვრებათა შემცველი კრებული Ath. 55, a 1042-44 და ა. შ.

ანტიოქიის, როგორც ბერძნული განათლების პერიფერიული ცენტრისა და მისი მწიგნობრული გარემოს შესახებ ცნობები დაცულია ეფრემ მცირის კოლნებში, რომლებიც მოწმობენ როგორც ბერძნებთან ქართველების კულტურულ ურთიერთობებს, ისე შავი მთის ბერძნული და ქართული მწიგნობრობის მეტად მაღალ დონეს. აქ უნდა ყოფილიყო მძლავრი ბერძნული ფილოლოგიური სკოლა მდიდარი ბიბლიოთეკებით, საღვთო და საერო ფილოსოფიაში განსწავლული სასულიერო პირებით, სერიოზული ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური სამუშაოებით. ცნობილი უნდა ყოფილიყო კონსტანტინოპოლში მიმდინარე სააზროვნო პროცესები, აუცილებლობა საერო და საეკლესიო განათლების ერთიანობისა (სავარაუდოა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სკოლების ანალოგიით), განათლების სისტემაში „გარეშე“ სიბრძნის აქტ. ჩართვისა, რაც წარმმართველი აღმოჩნდა ქართველთა ელინოფილური კულტურული ორიენტაციისათვის შავ მთაზე.

შავ მთაზე აქტიური იყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის პრობლემა. ბერძენთა ეჭვებს ამ მხრივ ანტიოქიაში დამაჯერებლად უპასუხებდნენ და უშუალოდ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით ავტოკეფალიის უტყუარობასა და ქართული აღმსარებლობის ბერძნულთან იდენტურობას ადასტურებდნენ გიორგი ათონელი ანტიოქიის პატრიარქის – თეოდოსი III-ის წინაშე 1057 წარმოთქმულ სიტყვაში და ეფრემ მცირე შრომაში ქართველთა მოქცევის შესახებ.

შავ მთაზე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ლიტერატურულ-გრამატიკული სკოლა და აქვე განვითარდა ე. წ. ელინოფილური მიმართულება ქართულ მწერლობაში, რაც განაპირობა:
1. ანტიოქიის ბერძენ სასულიერო პირთა მოთხოვნამ, რომ სხვა მართლმადიდებელ ხალხებსაც ჰქონოდათ ბერძნულის ადეკვატური ლიტურგიკული ლიტერატურა;
2. XI-XII სს. ბიზანტიაში მიმდინარე სააზროვნო პროცესებმა და მწიგნობრობის მაღალმა დონემ;
3. თავად ქართული მწერლობის განვითარებამ, მკითხველთა გაზრდილმა ლიტერატურულმა მოთხოვნებმა. ამ სკოლის მიღწევები სრულყოფილად გამოვლინდა ეფრემ მცირის შემოქმედებაში, რომელიც სათავის დამდებია ელინოფილური მიმართულებისა, ხოლო მისი იდეოლოგები არიან ეფრემის მასწავლებლები ბერძნულ-ქართულ მწიგნობრობაში ეფრემ ოშკელი და საბა თუხარელი, პროსოდიაში – იოანე ფარაკნელი, ბერძნული წყაროების ერთგულებაში – კვირიკე ალექსანდრიელი და სხვ. ამ მიმართულებას საფუძველი ჯერ კიდევ ათონის სკოლაში ჩაეყარა. გიორგი ათონელისა და დავით ტბელის, ხოლო შემდეგ თავად ეფრემ მცირის მთარგმნელობითი მოღვაწეობა გარდამავალი ეტაპია ათონის მწიგნობრული ტრადიციებიდან შავი მთის ელინოფილურ ტრადიციებამდე.

შავი მთის ელინოფილური მიმართულების საქართველოში გადმომტანი არსენ იყალთოელია, რომლის შემოქმედებაზედაც უშუალოდ არის დაფუძნებული გელათის საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სკოლა (გელათის აკადემია). შავ მთაზე ჩამოყალიბებულმა იდეოლოგიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც ნათარგმნ, ისე ორიგინალურ ქართულ მწერლობაზე.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები