ყირხბულახის ბრძოლა 1751

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყირხბულახის ბრძოლა 1751ბრძოლა ქართლ-კახეთის ჯარებსა და აზატ-ხანის ლაშქარს შორის, რომელიც ირანის შაჰობის ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო.

აზატ-ხანმა ერევნის სახანოს დასაპყრობად ჯარი შეუსია 1751 წლის ივნისში. ერევნის ხანმა დახმარება სთხოვა ქართლის და კახეთის მეფეებს – თეიმურზ II-სა და ერეკლე II-ს. ქართველმა მეფეებმა იცოდნენ, რომ აზატ-ხანის მიერ ერევნის დაპყრობა ამიერკავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლიდა, ამიტომ ერევნის ხანის დასახმარებლად გალაშქრება გადაწყვიტეს. ჯარს ერეკლე II ჩაუდგა სათავეში. ქართველთა მიახლოებისთანავე აზატ-ხანის სარდლებმა ერევნის ციხის ალყა მოშალეს და უკუიქცნენ. ქართველები დაედევნენ მტერს და მდინარე არაქსის სანაპირო ნახჭევანამდე დაარბიეს. განრისხებული აზატ-ხანი 18 ათ. მეომრით ერეკლეს წინააღმდეგ წამოვიდა. ქართველი მხედრობა 3–4 ათ. მეომარს ითვლიდა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ივლისში, ყირხბულახთან (ერევნის ახლოს). მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად პირველი წარმატება ქართველებს ხვდათ, მაგრამ აზატ-ხანმა კონტრშეტევით მდგომარეობა გამოასწორა. მისმა ჯარებმა ქართველთა მარცხენა ფრთა უკუაგდეს და ერეკლეს მთავარი ძალები ალყაში მოაქციეს. ასეთ პირობებში ერეკლემ ჯარს ჩამოქვეითება უბრძანა. ქართველები ერთ ნასოფლარში გამაგრდნენ. როდესაც მათ პოზიციებს მოწინააღმდეგე გარს შემოერტყა, ერეკლემ თოფის გასროლით მტრის ერთი სარდალი ცხენიდან ჩამოაგდო. ეს იყო ნიშანი, რომ ქართველ მეომრებსაც დაეცალათ თოფები. შემდეგ მეფე ცხენს მოახტა და ლაშქარს შეტევაზე გადასვლა უბრძანა. აზატ-ხანის ჯარმა ქართველთა შეტევას ვერ გაუძლო და გაიქცა. ყირხბულახის ბრძოლის შედეგად გაძლიერდა ქართლ-კახეთის პოლიტიკური გავლენა ერევნის სახანოში, ხოლო ქართული გავლენის სფეროში დროებით ნახჭევანის სახანოც მოექცა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები