ღოლო ჩვეულებრივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი ღოლო - Rumex crispus L.

Rumex crispus L.ჩვეულებრივი ღოლო

მეგრულად – ღვალო, კუმუნ თხური.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა; ღერო 50-150 სმ სიმაღლისაა, მსხვილი, სწორმდგომი და დაღარული. ფოთლები ლანცეტა ან მოგრძო ლანცეტაა, ძირში სოლისებრად შევიწროებული, ყუნწიანი, ფოთლის კიდეები ძლიერ ტალღისებრ ხუჭუჭაა. ყვავილები ერთ ან ორსქესიანია, ჯგუფ-ჯგუფად ხშირ და დაახლოებულ რგოლებადაა განლაგებული, შეკრებილია დიდი ზომის საგველა ყვავილედად; ყვავილსაფარი მარტივია 3-6 წევრიანი. ნაყოფი სამწახნაგოვანი, მსხვილწიბოიანი კაკალია, უფრო ხშირად ყვავილსაფარში ჩამალული. ყვ. VI-VIII; ნაყ. VIII-IX.

იზრდება ტენიან მდელოებზე, მდინარეთა და გზების ნაპირებზე, არხების გაყოლებაზე, ტყეებსა და ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, ტბის პირებზე, ნათესებში, ბოსტნებსა და ვენახებში სარეველას სახით.

ფოთლები საკვებად ვარგისია. აქვს სპეციფიური მჟავე გემო, რაც გამოწვეულია მათში ორგანული მჟავების არსებობით, აგროვებენ გაზაფხულზე, მათ შესწევს უნარი აანაზღაუროს ზამთრის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილი ვიტამინების დეფიციტი. განსაკუთრებით პოპულარულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ხმარობენ ნედლი და მშრალი სახით. შრობის დროს, ფერმენტაციის შედეგად, მათთვის დამახასიათებელი სიმწარე ქრება და იძენს სასიამოვნო გემოვნებას და სურნელს. მსგავსად სხვა მწვანილებისა სასარგებლო და დაბალკალორიული პროდუქტია.

სამკურნალოდ გამოიყენება ფესურა ფესვებითურთ, ნაყოფი. ფესურა შეიცავს: ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს, საპონინებს, ალკალოიდებს, ფენოლებს, კატექინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს; ნაყოფი – ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს, ანტრაცენებს, კატექინებს, ფლავონოიდებს, ანტრაქინონებს, არომატულ ნაერთებს, დიდი რაოდენობით ვიტამინებს (ასკორბინის მჟავას, კაროტინს, B1, B2, K, PP), მიკრო და მაკროელემენტებს.

ხასიათდება შემომგარსავი, საფაღარათო, ნაღველმდენი, ქავილისა და მუცლის ჭიების საწინააღმდეგო, წნევის დამწევი, სედატური, ანტიბაქტერიული, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფაღარათის (მცირე დოზებით გამოყენებისას), შეკრულობის (დიდი დოზებით გამოყენებისას), პირის ღრუს ანთებითი პროცესების, ფურუნკულების, წყლულების, ჩირქოვანი ჭრილობების, სოკოვანი დაავადებების, სიმსივნეების, ჰემოროიდალური სისხლდენების, ფილტვის ტუბერკულოზის, დიზენტერის, ეგზემის დროს.

ძველ ქართულ ხალხურ მედიცინაში იხმარებოდა საკვებად და სამკურნალოდ; ნახარში – სისხლიანი შარდდენის დროს, მისი შარბათი, როგორც მჟავე სასმელი, დიდი სიცხის, თავისა და ზურგის ტკივილებისას, აგრეთვე პირში გამოსავლებლად; ხმარობდნენ სიყვითლის სამკურნალოდაც.

სიფრთხილის ღონისძიებები: ორსულობა, თირკმელების დაავადებები.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები