ქცია (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქციამდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, სათავეს იღებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ერთვის წალკის წყალსაცავს. სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე გაედინება მდინარის მხოლოდ ზემო წელი. მდინარის ზემო წელი წარმოდგენილია მაღალი ქედებით და ვულკანური ზეგანებით (წალკის, გომარეთის, დმანისის), ხოლო ქვემო წელში მარნეულის ალუვიური ვაკით. მდინარე ქცია-ხრამი სათავიდან სოფელ ავრალამდე, ტიპიურ მთის მდინარეს წარმოადგენს. შემდეგ აგრაჩაის შესართავამდე მიედინება წალკის ვულკანურ ზეგანზე, სადაც მისი დახრილობა ძალზე მცირდება. აგრიჩაის შესართავიდან სოფელ არუხლომდე მიედინება ვულკანური ლავებით აგებულ კანიონისებურ ვიწრო ხეობაში, ხოლო სოფელ არუხალოს შემდეგ გადის მარნეულის ვაკეზე და ტიპიურ ვაკის მდინარედ იქცევა.

მდინარე ქცია-ხრამის საშუალო მრავალწლიური ხარჯი სოფელ წითელ ხიდთან 52.5 მ3 /წმ-ს უდრის. ჩამონადენის მოდული 6.36ლ/მწ კმ2, რომელიც აუზის სიმაღლით მატებასთან ერთად იზრდება და ზემო წელში 15 ლ/წმ-ს აღწევს. იგი შერეული საზრდოობოს მდინარეთა ტიპს მიეკუთვნება, სადაც წლიური ჩამონადენიდან გრუნტის წყლებზე მოდის 55%, წვიმის წყალზე - 28%, ხოლო თოვლის წყალზე - 17%.

მდინარე ქცია-ხრამის მთავარი შენაკადებია: აგრიჩაი, ჭოჭიანი, ყარაბულახი, მაშავერა, დებედა და სხვა. მათ შორის ყველაზე უხვწყლიანია მდინარე დებედა.

სახელწოდება

ტოპონიმიის სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა უშენიშვნოდ იზიარებს ვახუშტი ბატონიშვილის ვერსიას, თითქოს მდინარე ქციას სახელი „მოეგოს“ დაუდგრომელი ბუნების გამო: „ვინათგან აქცევს ჴიდთა, რავდენცა მტკიცე ქვითკირისა იყოს, მის გამო იწოდა ქცია“. დიდი გეოგრაფოსის ამ ნააზრევის ხელაღებით გაზიარების?” მიუხედავად, ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ჰიდრონიმი ქცია სულ სხვაგვარი წარმოშობის ერთეული უნდა იყოს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ძველ ქართულში, V საუკუნიდან მოკიდებული შუა საუკუნეების ჩათვლით, ქც ძირის შემცველი ზმნა-ტერმინი მხოლოდ საგნის, ობიექტის მოძრაობის მიმართულები“ აღმნიშვნელად გამოდიოდა (სათანადო ზმნისწინების დართვით). ნგრევის, დაქცევის აღსანიშნავად იმ ეპოქებში „დამხობა“ ზმნა გამოიყენებოდა („შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“). ამ თვალსაზრისით მრავლისმთქმელია საისტორიო ძეგლი „ქართლის მოქცევა“, რომელშიც ერის შემობრუნების, სააქეთო (საქრისტიანო) მოქცევის იდეაა დაფიქსირებული.

„დაქცევა“ ზმნამ ნგრევის შინაარსი როგორც ჩანს, გვიან, დაახლოებით XVI-XVII სს.-დან შეიძინა. საინტერესო ის არის, რომ თვითონ ვახუშტი მდინარის დინების მიმართულების შეცვლას მიქცევა ზმნით აღნიშნავს: „მდინარე ესე ბერდუჯი… დის აღმოსავლით ჭოჭკნამდე, მერმე მოიქცევის (დაყოფა ჩვენია, გ.ბ.) და დის ჩდილოთ კერძ და მიერთვის ქციის მდინარე“; „მერთვის რიონს ჯეჯორის, მდინარე დის კუდაროს ჩასავლით… მერმე მოიქცევის და დის ჩდილოთ, რიონამდე“, უთუოდ ამნაირადვეა წარმოქმნილი ჰიდრონიმი ქცია, რომელიც ჯერ სამხრეთიდან მდინარებს ჩრდილოეთით, ნახიდურიდან კი ის მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთისაკენ ანუ სხვა მხარეს მიიქცევა. ქცია, მაშასადამე, ისეთივე შინაარსის ერთეული ყოფილა, როგორიცაა:მისაქციელი, მოსაბრუნი, გადასაქციელი… მდ. ქციას, დროა მოეხსნას უსამართლოდ მიკუთვნებული ბრალდება, როგორც „ქვეყნის დამაქცევარს“, ხიდების დამანგრეველს და ა.შ. ქცია, უბრალოდ, ის მდინარეა, რომელიც დინების მიმართულებას მკვეთრად იცვლის, სხვა მხარეს მიიქცევა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები