ქორწილი აჭარაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჭარული ქორწილი, შუახევი, სოფელი პაპოშვილები, 1962 წელი
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი

აჭარული ქორწილი − ახალგაზრდა წყვილის დაოჯახება და დაოჯახებასთან დაკავშირებული საზეიმო ლხინი, რომელსაც ზოგჯერ ტერმინ „დუგუნითაც” აღნიშნავდნენ. საერთოდ, საოჯახო წეს-ჩვეულებები კულტურის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კონსერვატული ელემენტებია, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცვლილებებს ნაკლებად განიცდიდნენ. ასევე წმინდად დაიცვა აჭარამ საქორწინო წეს-ჩვეულებები და მასთან დაკავშირებული ფოლკლორი. ეს შენიშნა დიმიტრი ბაქრაძემაც, რომელმაც აჭარაში ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ოსმალთა მმართველობის პერიოდში იმოგზაურა. აქ მას „ქართული მაყრული” მოუსმენია. იგი წერდა: „...მაყრული, მისი სიტყვები და კილო, თვითონ ქორწინების ზეიმი, სამ დღეს ქორწილი, ყველაფერი ეს წმინდა ქართულია და იგი შემონახულია არა მარტო აჭარაში, არამედ ყველგან ამ მხარის ქართველ მუსულმანებში”. უშუალოდ საქორწინო ლექს-სიმღერების გარდა, ამ ციკლში წინა საქორწინო ციკლის ტექსტებიც შედიოდა, რაც ქორწინების რიტუალის სხვადასხვა წეს-ჩვეულებას (გარიგება, ნიშანლობა, საპატარძლოსთან გამოთხოვება) გულისხმობდა.

აღსანიშნავია ფოლკლორული ტექსტები, რომელიც გარიგებით ნიშნობისას დედის მხრით ბიძის აქტიურ როლზე მიუთითებდა. ეს ეთნოგრაფიული მასალებითაც დასტურდება: „ხერტალმა ხელი დამგალა, ხერტალგასატეხელმა, ბიძაჩემმა არ გამათხუა კისერმოსატეხელმა”. ფოლკლორულ ნიმუშებში ეს ნიუანსი წინასაქორწინო რიტუალის აუცილებელ ნორმას ასახავდა. ბიძის როლი რელიეფურად იყო გამოკვეთილი ქობულეთური ნადურების არქაულობით აღბეჭდილ, მითოსური და რიტუალური მოტივებით მდიდარ საფერხულო ტექსტებშიც („ქალი ვიყავ აზნაური”, „გველი ხრილსა მიძრებოდა”), რომლებიც უძველესი მითოსური წარმოშობისაა და, როგორც ჩანს, შრომის ციკლის ლექს-სიმღერებში მოგვიანებით დამკვიდრდა.

ხალხურ შაირებში საპატარძლოსა თუ სასიძოს იდეალი იკვეთება, როდესაც არჩევანისას გარეგნულ სილამაზესთან ერთად უპირატესობა ზნეობას, ხელსაქმის ცოდნას, კარგ გვარიშვილობასა და სხვა დადებით თვისებებს ეძლეოდა. ლექსების ერთი ნაწილი „ნიშანლობის” წეს-ჩვეულებას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტექსტების ზოგიერთ ნიმუშს დროთა განმავლობაში საწესჩვეულებო ხასიათი დაუკარგავს და უფრო იუმორისტულ საყოფაცხოვრებო ლექსებად ქცეულა, უეჭველია მათი კავშირი იმ უძველეს საქორწინო ტრადიციასთან, რომელიც საქართველოს სხვა კუთხეში იყო გავრცელებული და სასიძო-საპატარძლოს ნიშნობის შემდგომ, ქორწილამდელ ურთიერთობას ასახავდა. დანიშნული ქალი ვაჟს სხვადასხვა სახის საჩუქარს უგზავნიდა, რაც ხალხურ ლექსებშიც ხშირად დასტურდება. მაგალითად, ასეთ საჩუქრად საპატარძლოს ხელით ნაქსოვი წინდა ითვლებოდა. წინდის მოთხოვნა ხალხურ ლექსებში სატრფოს ხელის თხოვნის სიმბოლურ მნიშვნელობას იძენდა: „გოგოვ შენი წელი წმინდა, მომიქსოვე ჭრელი წინდა”. საგულისხმოა ლექსები, სადაც ნიშნობის სიმბოლოდ ვაშლი ფიგურირებს: „სათამაშო ვაშლი მქონდა...”. ვაშლის და სხვა ხილის, საერთოდ, მცენარეთა სატრფოს სიმბოლოურ სახედ დასახვა და საქორწინო რიტუალის რეპერტუარში დამკვიდრება ფოლკლორში საყოველთაოდაა გავრცელებული.

საქორწინო რეპერტუარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ემოციური ნაწილი პატარძლის გამოსათხოვარი სევდიანი ფერხულებია. აჭარაში ეს საფერხულოები ქორწილის ღამეს სრულდებოდა. ქალების ოთახში, შინაურთა თანდასწრებით, კორიფეს როლში პირბადე ჩამოფარებული, აცრემლებული საპატარძლო გამოდიოდა, რომელსაც ქალები წრეს უვლიდნენ და ერთხმიან სიმღერას უმღეროდნენ: „მაჲ აბრეშუმის საკაბე ვინ მოგიტანაო?..”. ამავე ციკლს უნდა მივაკუთვნოთ ზემო აჭარაში მეჭიბონეთა რეპერტუარში დამკვიდრებული „პატარძლის გამოთხოვება მშობლებთან”, რომლის მხოლოდ სევდიანი მელოდიაა შემორჩენილი.

აჭარაში გავრცელებულია მაყრულები, მაგალითად, „დედოფლის სიმღერა”, რომელთა მისამღერებშიც უძველესი ქართული ხმები ისმის („ვორირამა, „ვო- რირმა”, „ორირამა”, „ვორირა”, „ოხელო”...). მაყრული სიმღერები („მოვდივართ, მოგვიხარია”) პატარძლის მამისეული სახლიდან გამოყვანისას, გზაში და სასიძოს სახლში მიყვანის დროსაც სრულდებოდა. მაყრულის თემებია: საპატარძლოს და სასიძოს შექება, ქალისა და ვაჟის მაყრების პაექრობა, სადედამთილოს დახასიათება და სხვა მრავალი.

აჭარაში არსებული ტრადიციის თანახმად, სასიძოს მშობლებს დედოფლის მაყრისთვის საჩუქრად შინაური პირუტყვი ანდა კამეჩი უნდა გამოეყვანა. სუფრულები უპირატესად საქორწინო ლხინის დროს სრულდებოდა, რომელთა შორის განსაკუთრებით გავრცელებული იყო ე. წ. „მასპინძლურები”. მათში გაკიცხული იყო პურძვირი მასპინძელი ანდა შექებული იყო სუფრის სიუხვე. მაყრული და სუფრული სიმღერები მელოდიური მრავალფეროვნებით, მუსიკალური ჰარმონიით, პო- ლიფონიურობით გამოირჩეოდა, ფერხულების დიდი ნაწილის პოეტური ტექსტები კი განუვითარებელი იყო, გუნდისა და კორიფეს მელოდიურ შეძახილებზე იყო აგებული და მრავალფეროვანი რეფრენით ხასიათდებოდა.

ნეფის ოჯახში დარჩენილი პატარძლის სამყოფ ოთახში შეყვანაც გარკვეული ცერემონიით სრულდებოდა. ამ დროს შესასრულებელი საფერხულო ფორმითაც და შინაარსითაც არქაული ხასიათს ატარებდა: „გელინო, გელინო, აბძანდი გელინო,/გელინო, გელინო, ნელ-ნელა წამობრძანდი,/გელინო, გელინო, გელინო, კარითავი მაღალია,/გელინო, გელინო, გელინო, დედამთილო დედასავით, გელინო”.

ზემოაჭარული ქორწილის რეპერტუარში დამკვიდრებული იყო ხალხური სანახაობა „ფადიკო”, რომელიც, ფაქტობრივად, ქორწილის ინსცენირებას წარმოადგენდა. „ფადიკოდ მორთული” კაცის სახუმარო სცენებს თან ახლდა გართობა-მხიარულება, დოლზე დაკვრა და სიმღერა. დროთა განმავლობაში ხალხური სანახაობა „ფადიკო” შეიცვალა. მასში ყოფითმა, სოციალურმა მოტივებმა და თემებმა იმძლავრა, მაგრამ ამ სანახაობის ბევრი ისეთი ელემენტი, როგორიცაა რეკვიზიტი, პერსონაჟები, ეროტიკული მოქმედებები ცხადად ავლენდნენ „ფადიკოს” არქაულ ხასიათს და ნაყოფიერების უძველეს რიტუალებთან და კულტებთან მის თავდაპირველ კავშირს.


ლიტერატურა

ზოიძე, გიორგაძე, 2009:512-521.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები