მაყრული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაყრული − საქორწილო სიმღერა. ქორწილს, ძველი ჩვეულების მიხედვით, ყველა საფეხურზე თან სდევდა მაყრული. განსაკუთრებით უხვად სრულდებოდა სიმღერები ეკლესიიდან სიძის სახლამდე მიმავალ გზაზე. ალ. ჯამბაკურ-ორბელიანის გადმოცემით: „მეფე-დედოფალს ეკლესიიდან ჯვარდაწერილებსს რომ გამოიყვანდნენ, მომღერალნი მაყრულის სიმღერით წამოუძღვებოდნენ მექორწილეებს და სალხინოს სახლში შემოიყვანდნენ მღერით. იქ მხიარული ლხინი უნდა გამართულიყო სხვადასხვა სოფლურის. სიმღერებით და ღიღინით. მაყრული ლექს-სიმღერები გვიხასიათებენ ქორწილის ჩვეულებას, გადმოგვცემენ ქალ-ვაჟისა თუ მათი მშობლების განცდებს, აქებენ და ადიდებენ შეუღლებულებს. ერთ-ერთი ტიპიური მაყრული სიმღერაა:

მოვდივართ, მოგეიხარია
მოგეყავს დედალი ხოხობი.

აჭარაში მაყრულის ციკლში ლექს-სიმღერები შედიოდა, რომლებიც მამისეული სახლიდან საპატარძლოს წამოყვანისა და სასიძოს სახლთან მიყვანის მომენტში სრულდებოდა. მაყრული ნაწარმოებია სიტყვა მაყარ’ისაგან, რომელიც ქალისა თუ ვაჟის მხლებელ მამაკაცებს აღნიშნავდა. მას ძველ ქართულში ძმადი შეესატყვისებოდა. აჭარაში მაყრულის სახელწოდებებად ცალკეული ხეობის მიხედვით, გარდა საკუთრივ მაყრულისა, დედოფლის სიმღერა, დიდი ვორირამა, ვორირამა, ვორერა, ორილოჲ, ვორირო გვხვდებოდა.

მაყრულის ლექსებად ორტაეპიანი სტროფები იყო გამოყენებული. მათი თემა სასიძო-საპატარძლოს ქება, ვაჟისა და ქალის მაყრის ქება-გაკიცხვა და ურთიერთქიშპობა იყო. ზოგი ლექსი სადედამთილოსა და დანარჩენ დამხვდურთა დახასიათებას შეიცავდა. მაყრულის ლექსთა ძირითადი ნაწილი აჭარული ქორწილის ზოგიერთი მხარის ეთნოგრაფიულ აღწერილობას წარმოადგენდა.

მაყრულში სატრფიალო, საყოფაცხოვრებო და ისტორიული ხასიათის ლექსებსაც მღეროდნენ, რომელთაგან ნაწილს უკვე თავდაპირველი ჟანრის გაგება დაკარგული ჰქონდა და ბუნებრივ მაყრულთა რიგში იყო მოქცეული. მაყრული ორბუნი სიმღერა იყო. მის აღსანიშნავად ისეთ ტერმინებს ხმარობდნენ, როგორებიც იყო ორპირი და გადამბული. ორბუნისათვის ძირითადად ათი-თორმეტი კაცი იყო დამახასიათებელი, რასაც სიმღერაში მონაწილე ხმები განსაზღვრავდა. მთიან აჭარაში მაყრულს ორი ხმა − ყივანი (ყივილი) და ბანი ასრულებდა. „მეთავესა” და „ბანებს” ქედისა და ბათუმის მხარეს „შეყივლებაც” ემატებოდა. სიმღერა სამი ხმის მიერ სრულდებოდა. ქობულეთის რაიონში მაყრულში მთქმელი, მომძახნელი (ბანი) და გამყინავე მონაწილეობდნენ. მობანეთა რაოდენობა ორბუნის ერთ მხარეს ხუთს არ აღემატებოდა.

მაყრული ოთხწილადი სიმღერა იყო. ბარის აჭარაში მაყრულს ბანები იწყებდნენ, ხოლო მთის აჭარაში დამწყებად - ყივანი გამოდიოდა. სიმღერათა მუსიკალური ანალიზი ცხადყოფს, რომ აჭარის სხვადასხვა ხეობაში ჩაწერილი მაყრულები ერთ მელოდიურ საწყისს ემყარებოდნენ. ყველა მაყრული სიმღერა მინორულ-ეოლიურ და დორიულ კილოზე იყო აგებული. მაყრულებში მელოდია შედარებით დინჯი იყო, უპირატესად სეკუნდურად მოძრაობდა და ნახტომი წმინდა კვარტის ინტერვალს არ აღემატებოდა. მელოდია ძირითადი ტონის ზევით და ქვევით თითქმის თანაბრად იყო განაწილებული და ყველაზე უფრო ფართო მელოდიის დიაპაზონი პატარა სეპტიმის ფარგლებში ეტეოდა. მაყრულებში ენერგიულობით ბანი გამოირჩეოდა, რომელიც ძირითადი ტონის ქვევით მოძრაობდა. ბანის პარტიაში პატარა ტერცით ქვევით და ზევით ნახტომი იშვიათობას არ წარმოადგენდა. ბანის დიაპაზონი ზოგჯერ დიდ სექტსაც აღწევდა.

ქვემო აჭარაში მაყრული სიმღერების ორგანულ ნაწილს, უპირატესად, ე. წ. „გადახვევა-გადაქცევა” შეადგენდა, რომელიც მაყრულის დასასრულს სასიძოს სახლის ეზოში სრულდებოდა. გადახვევის რიტმი საცეკვაო იყო, ტაშის თანხლებით სრულდებოდა და ცეკვისათვის აკომპანემენტს ქმნიდა. მაყრულს ზემო აჭარაში მუდამ ახლდა ჭიბონი და დოლი. საერთოდ, მაყრული ლექს-სიმღერები აჭარული საოჯახო-საწესჩვეულებო პოეზიის მრავალფეროვან და გამოკვეთილ ციკლს წარმოადგენდა. თავისი ბუნებით აჭარული მაყრული ზოგადქართული მაყრულების ციკლში ექცევა.


ლიტერატურა

მსხალაძე, 1965:9-11.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები