ჭიბონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭიბონი

ჭიბონი − ხალხური მუსიკალური საკრავი ინსტრუმენტი, ზოგჯერ, გუდისა და ქარახსით, რქით დაბოლოებული ორი პარალელური ლერწმისაგან ანდა დიდგულისაგან შემდგარი საკრავი, გუდასტვირის ნაირსახეობა. სულხან-საბა ორბელიანით „ჭიმონი − გუდა სტჳრა” იყო.

ჭიბონზე დაკვრა(ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმის ფოტოარქივი)

აჭარული ჭიბონის გუდა თხის, იშვიათად, ცხვრის ანდა ხბოს ტყავისაგან კეთდებოდა. ითვლებოდა, რომ თხის ტყავი ადვილად მუშავდებოდა და დიდხანს, ათ-თხუთმეტ წელიწადს ძლებდა. გუდას ბეწვიანი მხარე შიგნით ჰქონდა. გუდის უკანა კიდურები და ყელი მაგრად იყო შეკრული ისე, რომ ჰაერი არ გამოსულიყო. ყელის ადგილზე მას „სილამაზისათვის” სარკე ჰქონდა ჩადგმული და ირგვლივ ფოჩვები შემოუყვებოდა. ერთ-ერთ წინა კიდურში საბერავი იდგმებოდა, საიდანაც გუდა ჰაერით ივსებოდა. საბერავი დიდგულისაგან, იშვიათად, წიფლის ანდა ნაძვისაგან მზადდებოდა და სატუჩე უკეთდებოდა. საბერავს გუდაში ჩამაგრებული ნაწილის ბოლოს, მილთან მეში − ტყავის პატარა ნაჭერი ჰქონდა მიმაგრებული, რომელიც გუდაში ჩასულ ჰაერს უკან აღარ ატარებდა. ჭიბონის ხის ნაწილი ე. წ. „ნავი” ლეკის, თხმელის, ცაცხვის ანდა კაკლისაგან მზადდებოდა. ნავის სიგრძე ოცი-ოცდახუთი სანტიმეტრი იყო. მასში დედნები, ორი ლერწმის მილი იყო ჩასმული, რომელსაც ნახვრეტები ჰქონდა გაკეთებული. ხმის დასარეგულირებლად ბანის დედანზე ნახვრეტს საჭიროების შემთხვევაში სანთლით ამოლესავდნენ. დედნებში ლერწმის ორი პატარა მილაკიც იყო მოთავსებული. მათგან მარცხენა დამწყები იყო და მას ხუთი ნახვრეტი ჰქონდა, საიდანაც ხმას გამოსცემდა, მეორეს კი „მოძახილი”, „მობანე” ეწოდებოდა და სამი თვალი გააჩნდა.

ჭიბონი საკმაოდ პოპულარული საკრავი იყო. პროფესიონალი მეჭიბონეები ქორწილში, წვეულებებსა და ხალხურ დღესასწაულებზე სასურველი სტუმრები იყვნენ. თუ ორი ანდა მეტი მეჭიბონე ერთად აღმოჩნდებოდა, მათ შორის შეჯიბრიც იმართებოდა. ქორწილში მიღებული იყო მეჭიბონისათვის გასამრჯელოს მიცემა − დამკვრელის წინ დაფენილ „მანდილზე” ფულის დადება. იყო შემთხვევები, როცა მეჭიბონეს ოჯახი წინასწარ საგანგებოდ იწვევდა და გასამრჯელოსაც აძლევდა. საერთოდ, ჭიბონი თუ გუდასტვირი სათანხლებო საკრავი იყო და სოლოდაც გამოიყენებოდა.

აჭარაში გავრცელებული წესით, მეჭიბონე უკრავდა და სიმღერას სხვა ასრულებდა, თუმცა არც ის იყო უჩვეულო, როცა მეჭიბონე ერთდროულად უკრავდა, მღეროდა და ცეკვავდა. ადრე მეჭიბონე მოხეტიალე მუსიკოსებთან იყო ასოცირებული, რომლებიც სტვირზე ეპიკურ, ლირიკულ თუ სახუმარო ლექსებს ამღერებდნენ. გუდასტვირისაგან განსხვავებით ჭიბონი პერანგში ჩასმული არ იყო. გვხვდებოდა ჭიბონის მეორე სახელწოდება − ჭიმონი. თედო სახოკია: „ერთად-ერთი საკრავი და აქაური მცხოვრების სულიერი მდგომარეობის გამომხატველია − ჭიმონი (რაჭული საზანდარის მსგავსი)”.


ლიტერატურა

ორბელიანი, 1949:459; სახოკია, 1985:237; ახობაძე, 1961; მსხალაძე, 1969; ნიჟარაძე, 1971:424; კახიძე, 1978:3-15; ქართული მატერიალური კულტურის... 2013.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები