ფრონტის დამხმარე კომიტეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფრონტის დამხმარე კომიტეტი - საქართველოს პირველ რესპუბლიკაში არსებობდა ფრონტის დამხმარე კომიტეტი (ფონდი). ფონდში გროვდებოდა შემოწირულობები ჯარებისათვის. შემოწირულობებს აკეთებდნენ ამხანაგობები, პოლიტიკოსები, გენერლები, უბრალო მოქალაქეები, ფონდისათვის იკრიბებოდა ფული სხვადასხვა სახის საღამოებზე, ქორწილებში, ნათლობებზე და ა.შ.
სიმბოლურად ფონდს პირადი ნივთები გადასცა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმაც.
- მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ფონდს გადასცა ვერცხლის კოვზი;
- დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ, ექვთიმე თაყაიშვილმა - ორი ვერცხლის სამარილე და ერთი ვერცხლის კოვზი;
- შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნოე რამიშვილმა - ვერცხლის კოვზი;
- სოციალ-დემოკრატმა, აკაკი ჩხენკელმა - თვლიანი ოქროს ბეჭედი;
- ეროვნულ-დემოკრატმა სპირიდონ კედიამ - ერთი ოქროს მედალიონი;
- სოციალ-ფედერალისტმა გიორგი ლასხიშვილმა - ვერცხლის სამარილე;
- სახალხო გვარდიის ფაქტობრივმა სარდალმა ვალიკო ჯუღელმა - 20 ოქროს ფრანკი;
- საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალ-მაიორმა კვინიტაძემ - სამი გერმანული ვერცხლის მარკა;
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ალექსანდრე ზაქარიაძემ - ერთი ოქროს ვლადიმერის ორდენი და ხმალზე დასამაგრებელი გიორგის პატარა ჯვარი;
ამ აქციაში ჩაერთო მეორე ინტერნაციონალის ერთ-ერთი ლიდერი კარლ კაუცკი, მას და მის მეუღლეს ფონდისათვის შეუწირავთ ოქროს ძეწკვი და ვერცხლის საფულე.
- დიმიტრი სილაქაძე
ლიტერატურა
გაზ. „ერთობა“, 1921, №22.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი