ფრინველები (არისტოფანეს კომედია)
„ფრინველები“ – ძველი ბერძენი კომედიოგრაფის არისტოფანეს კომედია.
421-414 წლებიდან არისტოფანეს ნაწარმობებიდან მხოლოდ ნაწყვეტებმა მოაღწია, მთლიანად გადარჩა მხოლოდ „ფრინველები“, რომელიც დიდ დიონისიებზე 414 წელს დაიდგა. ეს მღელვარე მოვლენების წელი იყო, რომლებმაც მთელი საბერძნეთი მოიცვა. მშვიდობის შედეგებით უკმაყოფილო ათენი სამხედრო უპირატესობის მოპოვებას და სიცილიის ქალაქ სირაკუზზე შეტევას გეგმავდა.
ასეთი პოლიტიკური და სოციალური ფონი ჰქონდა არისტოფანეს კომედია-უტოპია „ფრინველებს“, რის გამოც მასში ათენის მომავალი წარმატების ფანტასტიკურ ხატებას ხედავენ. თუმცა, ბევრ მკვლევარს ისტორიულ მოვლენებსა და მხატვრულ სამყაროს შორის ასეთი პირდაპირი კავშირი გაზვიადებულად ეჩვენება. გამომგონებლობით, ფოლკლორული, მითოლოგიური, ფარსული ელემენტებით, სოციალური იდეების ორიგინალურობით, ფანტაზიის უსაზღვრობით ამ ნაწარმოებს ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი. ის არისტოფანეს პოლიტიკური კომედიების პირველ ეტაპს აგვირგვინებს. ამასთან, ის ძალიან საინტერესოა არისტოფანეს მსოფლგანცდის ევოლუციის კუთხით.
თუ ტრიგეოსი და დიკეოპოლისი არსებული საზოგადოების გაუმჯობესებას, კორუფციის შეწყვეტას, ომის პარტიის დასრულებას ისახავენ მიზნად, ეველპიდე და პისთეტერე გაცილებით შორს მიდიან. ისინი ახალი მსოფლწესრიგის ფორმირების ამბიციით არიან შეპყრობილნი. როგორც აღინიშნა, არსებობს აზრი, რომ „ფრინველები“ სიცილიის მომავალი ექსპედიციის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებზე მწერლის ერთგვარ რეაქციას წარმოადგენს. „შეუძლებელია ვერ ამოვიკითხოთ მასში (კომედიაში) იმ სისტემის ... ტენდენცია, რომელიც სიცილიური ექსპედიციის წარმატებით დასრულების შემდეგ დადგება. ასეთ... შემთხვევაში, მთელი საბერძნეთი გადაუხდის ბეგარას ათენს“, წერს იოჰან ვილჰელმ სიუვერნი. სხვები „ფრინველებში“ პოლიტიკური უტოპიისა და ახალი სახელმწიფოებრივი მართლწესრიგის არისტოფანესეულ ვერსიას ხედავენ. ნაწარმოებში შემდეგი ამბავია გადმოცემული: ორი ათენელი – ეველპიდე (ერთგული მეგობარი ანუ საიმედო) და პისთეტერე (სიქველის მომლოდინე ანუ იმედიანი), ათენის რეალობით გაბეზრებულნი, ქალაქს ტოვებენ და ფრინველების სამყაროში მიდიან. მეგზურებად ჭკა და ყვავი აუყვანიათ, რომლებიც ფართხალითა და ყრანტალით ტერევსის ადგილსამყოფელთან მიიყვანენ. ტერევსი – ერთ დროს თრაკიის მეფე, ღმერთებმა ოფოფად აქციეს, მისი ცოლი პროკნე კი ბულბულად. ეველპიდე და პისთეტერე არწმუნებენ ტერევსს, რომ დროა ფრინველებმა დაკარგული დიდება დაიბრუნონ და სამყაროზე კონტროლი დააწესონ. ტერევსი ფრინველთა კრებას მოიწვევს, რომლებიც ჯერ მტრულად არიან განწყობილნი ადამიანების მიმართ, რადგან კაცთა და ფრინველთ შორის დიდი ხანია შუღლია ჩამოვარდნილი. ფრინველების ქორო სცენაზე სხვადასხვა ფანტასტიკური სამოსით, ნისკარტებითა და კლანჭებით შეიარაღებული გამოდის. პიესაში დავის, ჩხუბისა და კინკლაობის ტრადიციული სცენა ზღაპრულ ხასიათს იძენს, ათასი ჯურის ფრინველი ერთიანდება ეველპიდესა და პისთეტერეს წინააღმდეგ. ოფოფს დიდ ძალისხმევად უჯდება მათი დაშოშმინება. თუმცა, საბოლოოდ, ისინი მაინც მოისმენენ ათენელთა არგუმენტებს და ქალაქის აშენებას დასთანხმდებიან. ზეცასა და მიწას შორის ახალი ქალაქი – ღრუბელგუგულეთი აიგება, რაც ფრინველებს ზეცასა და მიწას შორის კავშირისა და მიმოქცევის კონტროლის საშუალებას მისცემს. ადამიანთა მიერ ღმერთებისათვის შეწირული თუ მირთმეული მსხვერპლის კვამლი ზეცამდე ვეღარ მიაღწევს, ღმერთები დაიმშევიან და ადვილი სამართავი გახდებიან.
პისთეტერე არიგებს ჩიტებს: „კედლებს რომ აღმართავთ, ზევსს ძალაუფლება მოსთხოვეთ კუთვნილი.../ ადამიანებსაც უნდა გაუგზავნოთ ფრთამალი დესპანი. აცნობეთ, დღეიდან ფრინველნი მეფობენ და არა ღმერთები./ მსხვერპლი ჯერ ფრინველებს შესწირონ, ისინი მერე გაიხსენონ“. პისთეტერე, რომელიც ამ პოლიტიკური უტოპიის ძირითადი ავტორია, ფრინველებს ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების საომარ სტრატეგიასაც გააცნობს. ფაქტობრივად, იქმნება პოლიტიკური და სტრატეგიული კონტროლისა და დომინირების გეგმა. პისთეტერე ფრინველთა კონსოლიდაციით მათი სამყაროს გარდაქმნას ახდენს, მანადე ჩიტები თავისუფლად ცხოვრობდნენ, მათი სამეფო ფარგლებს არ იცნობდა, ის ყველგან იყო და არსად. მათ არც „ქისა სჭირდებოდათ“ და არც სარჩოზე ზრუნვა („დავფრენთ ბაღებში, შევექცევით ქათქათა სისიმს“). პისთეტრემ ჩიტების სამყაროში „პრომეთეული“ გადატრიალება მოახდინა, ფრინველებს „კულტურა“ მოუტანა, მათი სამეფოს მდებარეობის სტრატეგიული უპირატესობები დაანახა, აუხსნა, რომ მათი სამყოფელი – ჰაერი, რომელიც მიწასა და ზეცას შორის მთელ სივრცეს ავსებს, ძალზე მომგებიანი პოლიტიკის წარმოების საშუალებას იძლევა. („მიწიდან ცამდე ჰაერი სუფევს.../ ჰოდა ღმერთებმაც გადაუხადონ ფრინველებს ბაჟი,/ კეთილ ინებონ, თუ არადა, სურნელოვანი სამსხვერპლო კვამლი არ გავუშვათ ღმერთების კარად,/ დახშული იყოს მათთვის თქვენი ქალაქის ზეცა“. პისთეტერე).
ფაქტობრივად, პისთეტერემ და ეველპიდემ ჩიტების სამეფო და მათი პოლიტიკური დოქტრინა შექმნეს. ჩიტების სამეფოს პოლიტიკური სტრატეგია ათენის რეგიონულ პოლიტიკასა და საზღვაო კავშირში მის როლსა და მდგომარეობას ჰგავს. თუმცა, არისტოფანემ ამ პოზიციის აბსოლუტიზაცია მოახდინა და მთელ სამყაროზე განავრცო ფრინველების გავლენა და ძალაუფლება. ჩიტების სამეფოს შიდა მოწყობის პრინციპი დემოკრატიულია, აქ მრავალი საეჭვო ხელობისა და რეპუტაციის ადამიანი არ დაიშვება. ღრუბელგუგულეთთან ახალ ქალაქში ცხოვრების მსურველთა რიგი დგება – აქ მოდიან პოეტი, ასტრონომი მეტონი (რეალური ისტორიული პერსონაჟი), მდიდრულად ჩაცმული ჩინოვნიკი, ასევე სახალხო კრების დადგენილებათა გამყიდველი. პისთეტერე ყველას სცემს და აგდებს, მხოლოდ პოეტს დაასაჩუქრებენ ახალი სამოსით, თუმცა იმასაც უარით გაისტუმრებენ. ღრუბელგუგულეთში ცხოვრებაზე უარი ეთქმებათ ურჩ შვილს, დითირამბულ პოეტ კინესიას, სიკოფანტს (ოფიციალურ დამსმენს). არისტოფანე „წმენდს“ არასასურველი ადამიანებისაგან თავის უტოპიურ ქალაქს, რომელშიც ახალი, უფრო სრულყოფილი მართლწესრიგი უნდა სუფევდეს.
ღრუბელგუგულთის დაარსებისათვის, გარდა სამეფოს საზღვრების დადგენისა, საჭიროა პოლიტიკური დოქტრინისა და იდეოლოგიის შექმნა, რომელიც ფრინველების ბატონობის ლეგიტიმაციას მოახდენს. ასეთი დოქტრინის საფუძველი ფრინველების კოსმოგონია ხდება, რომლის თანახმადაც ფრინველები ღმერთებზე, ხმელეთსა და ცაზე ადრე გაჩნდნენ ამქვეყნად. პირველად იყო ქაოსი, ღამე და ერებუსი (წყვდიადი) და ტარტაროსი, „წყვდიადის წიაღში ღამემ ჩაისახა ქარისგან ნაყოფი“, დაიდო კვერცხი, რომლიდანაც ეროტი გამოიჩეკა. შავ ტარტაროსში ეროტი ქაოსს შეეუღლა და გაჩნდნენ ფრინველნი, „ეროტის პირველი განცხრომის ნაყოფნი“. მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა ხმელეთი, უკიდეგანო ცა და უნაპირო ზღვა. უკვდავთა მოდგმა ყველაზე ბოლოს იშვა. ამ კოსმოგონიური ვერსიით, ფრინველებს სამყაროში პირველობა უმტკიცდებათ, რაც მათი ქმედების გამართლების მორალურ და პოლიტიკურ საფუძველს წარმოადგენს. ფრინველთა და მათ რიგებში მიღებულ ადამიანთა ერთობა პისთეტერეს გეგმის ბრწყინვალე განხორციელებით სრულდება, დამშეული ღმერთები კაპიტულაციას აცხადებენ, ქალაქი ყვავის. კომედია ტრადიციული მხიარული ქორწილით მთავრდება. ექსოდოსში სხვადასხვა ჯურისა და შეფერილობის ფრინველებით (კომედიის გუნდით) გარემოცული პისთეტერე მშვენიერ ბასილეაზე ქორწინდება. გუნდი საქორწინო ჰიმნს მღერის.
არისტოფანეს პიესა, ტრადიციულად, პარადოქსულად ვითარდება. ეველპიდე და პისთეტერე, რომლებიც ქალაქის (ათენის) ყოველდღიურობას, გაუთავებელ სასამართლო დავებს, დასმენებსა და აურზაურს გაექცნენ, ფრინველების იდილიურსა და თავისუფალ სამყაროს თავისებურად გარდაქმნიან და, საბოლოო ჯამში, იმასვე იღებენ, რასაც გაურბოდნენ. „ფრინველების“ პოლიტიკური სატირა უფრო იგავურ, ზღაპრულ ხასიათს იძენს, ვიდრე მისი წინამორბედი კომედიებისა. აქაც უამრავ პუბლიცისტურ მინიშნებას, ისტორიული პირების ხსენებას ვხვდებით, მაგრამ არისტოფანე კიდევ უფრო აფართოვებს თავის შემოქმედების არსენალს. ერთი მხრივ, კომედიაში ადამიანთა და ფრინველთა სამყაროს თავისებურებათა შეპირისპირებას ვხედავთ. როდესაც ტერევსს ეკითხებიან: „მოდი ფრინველთა ცხოვრებაზე გვიამბე რამეო,“ ის პაუსხობს: „საამოა მათთან ცხოვრება,/ რაც მთავარია, არ გჭირდება არაფრად ქისა“. ფრინველების სამყაროს მხატვრული ხატების შესაქმნელად არისტოფანემ ბერძნული კულტურის ყველა სფეროში არსებული ცოდნა და წარმოდგენები შეაერთა, საბუნებისმეტყველო თვალსაზრისი, მითოლოგია, მანტიკა, ეზოპეს იგავები, თვით ალტერნატიული კოსმოგონიური მითიც კი, რომლის თანახმადაც ფრინველთა მეფობა მიწაზე და ღმერთებზე ადრე გაჩენილა. ცალკე აღნიშვნის საგანია კომედიის სანახაობრივი პოტენციალი, რომელიც კომედიის სცენური გამომსახველობის საფუძველს ქმნის, ანტრომორფული და ზოომორფული ფორმების სინთეზს მიმართავს, ისევე როგორც „კრაზანებში“ თუ „ბაყაყებში“.
413 წელს სიცილიის სამხედრო ექსპედიცია მართლაც განხორციელდა, თუმცა ათენმა მასში სერიოზული მარცხი განიცადა. ნიკია და დემოსთენე, სწორედ ის მხედართმთავრები, რომლებიც დემოსის მსახურების სახელით „მხედრებში“ გავიცანით, ტყვედ ჩავარდნენ. სიცილიელებმა ისინი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო დატყვევებული ათენელი ჯარისკაცები მონებად აქციეს. ექსპედიციის ინიციატორსა და ხელმძღვანელ ალკიბიადეს ბრძოლების დაწყებამდე მოუწია გაქცევა, რადგან ათენში ის ჰერმესის გამოსახულებების შეურაცხყოფასა და ელევსინის მისტერიების გამასხარავებაში დაადანაშაულეს. სიცილიური ექსპედიციის მარცხით პელოპონესის ომი თავის ფინალურ ფაზაში შევიდა.
თამარ ბოკუჩავა