ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო - შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე. აღნიშნულ დღეს გამართულ ეროვნული საბჭოს სხდომაზე, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი შემადგენლობა აირჩიეს, ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის მინისტრი გახდა გიორგი ჟურული (ეროვნულ-დემოკრატი). ამ თანამდებობაზე ათი თვის განმავლობაში მუშაობდა. იმავე წლის ივნისში ამ სამინისტროსთან შეიქმნა ფონდი, რომელშიც შეტანილი თანხა და ძვირფასეულობა უნდა გამხდარიყო მომავალი ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსის ერთ-ერთი გარანტი.

1919 წლის 21 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახლად არჩეული დამფუძნებელი კრების სხდომაზე აირჩიეს ახალი მთავრობა, რომელშიც ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის თანამდებობა დაიკავა კონსტანტინე კანდელაკმა (სოციალ-დემოკრატი). მის მოადგილედ დაინიშნა სიმონ ავალიანი. საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს კოლექტივის მაღალპროფესიული საქმიანობის შედეგად, ჩვენმა ქვეყანამ შედარებით იოლად გადაიტანა ის ურთულესი პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც თავს დაატყდა რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე წარმოქმნილ ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს. იმავე სამინისტროს არსებობის პირობებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ 1919 წლის ივლისში წარმატებით განახორციელა ფულადი რეფორმა და მიმოქცევაში გამოუშვა საკუთარი ფულის ნიშანი (ბონი), რითაც თანდათანობით ჩაანაცვლა მანამდე ბრუნვაში მყოფი ამიერკავკასიის კომისარიატის ბონი, რომელიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთო ფულის ერთეულის ფუნქციას ასრულებდა.

ნიკო ჯავახიშვილი


ლიტერატურა

  • ნ. ჯავახიშვილი, ქართული ბონისტიკა, თბ., 1996

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები