ფერისცვალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფერისცვალა - Daucus carota L.

Daucus carota L. – ფერისცვალა

მეგრულად – ქეჯეჯი, ქიჯილოჯე, ტყარი კამა.

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 100 სმ სიმაღლის მომრგვალო, ღარებიანი შებუსული ღეროთი. მთელი მცენარე ცოტად თუ ბევრად ხშირი ხეშეში ბეწვითაა მოფენილი. ფოთლები მოგრძოა, ორმაგ ფრთისებრ დაყოფილი ლანცეტა ან მოგრძო სეგმენტებად. ყვავილები თეთრია, განაპირა ყვავილების გვირგვინის გარეთა ფურცლები ძალიან გადიდებულია და თავამოკვეთილი, შეკრებილია მრავალსხივიან ქოლგისებრ ყვავილედებად. ნაყოფი ელიფსურია. ყვ. VI-IX; ნაყ. VIII-X.

იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე ბალახოვან ფერდობებზე, ბუჩქნარებს შორის, ტყის პირებზე, არც ისე იშვიათად როგორც სარეველა.

მცენარის შემადგენლობაში აღინიშნება თერზეთები, თიამინი, ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ალდეჰიდები. ბალახი რკინის, კალციუმის, ფოსფორის, იოდის, კობალტისა და ბორის წყაროს წარმოადგენს. ხასიათდება ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ხველებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. მოუმწოფებელი თესლები შეიცავს В და С ჯგუფის ვიტამინებს. ფესურა მდიდარია ცხიმზეთებით, ძმრის და ჭიანჭველას მჟავით, ხოლო ყვავილედების შემადგენლობაში აღინიშნება თუთია, სპილენძი, ფლავონოიდები.

მცენარე ხალხურ მედიცინაში გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით, კურნავს ტუბერკულოზს, ბრონქიტს, ფილტვებიდან სისხლდენას; ააქტიურებს ნაღვლის გამოყოფას, ნაღველკენჭოვანი სადინარებიდან გამოჰყავს კენჭები; იცავს ნერვულ სისტემას გადატვირთისაგან, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას და მახსოვრობას; ხსნის ნერვულ დაძაბულობას, აუმჯობესებს ძილს; ხსნის ბუასილის სიმპტომებს: ახორცებს ჭრილობებს, დამწვრობებს; კურნავს სტენოკარდიას; აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს ჰემოგლობინს, აწესრიგებს თირკმელების მუშაობას; უნიშნავენ რადიკულიტისა და რევმატიზმის სამკურნალოდ.

არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება მცენარის შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციის დროს, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები