უსურვაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უსურვაზი

უსურვაზი – (Vitis sylvestris C.C. Gmel.);
ოჯახი: ვაზისებრნი (Vitaceae).
მეგრულადჩიტიში ყურძენი, ბურეხი, ტყარი ბინეხი, შხურიჩი.

5-6 მ სიმაღლის ხვიარა ბუჩქია. ქერქი მონაცრისფრო-მორუხოა. ყლორტები წვრილღარიანია. ფოთლები მრგვალი, ოვალური, ფართო-კვერცხისებური ან თირკმლისებურია, მთლიანი ან 3-5-ნაკვთიანი. კიდეებზე არათანაბრად დაკბილული. მეტ-ნაკლებად შებუსული ყვავილედი საგველაა, ყვავილები ერთსქესიანია და ორსახლიანი. ნაყოფი თითქმის შავია, იშვიათად – თეთრი. ყვ. V; ნაყ. IX. მცენარე იზრდება მდინარეთა ხეობებში, გავაკებებზე, ჭალის ტყეში. კახეთში ამ მცენარის ნახვა საკმაოდ რთულია, მისი საარსებო გარემოს დეგრადაციისა და კულტურულ ვაზთან ჰიბრიდიზაციის გამო. სავარაუდოდ, ის გვხვდება მდინარე ალაზნის ჭალის ტყესა და ივრის ჭალებში, ასევე ლაგოდეხის აღკვეთილის ქვედა ზონაში. სპორადულად გავრცელებულია მთელ საქართველოში.

იზრდება მდინარეთა ხეობებში, გავაკებებზე და ტყეებში, 1500-1800 მ-მდე ზღვის დონიდან. თესლიდან ამზადებენ ყავის სუროგატს. ნაყოფები გემოვნებით ახლოა კულტურულ ჯიშებთან, საჭმელად გამოიყენება ნედლი და მშრალი სახით, იხმარება ქიშმიშის, მურაბების, მარინადების, ძმრის დასამზადებლად. მკვახე ნაყოფებს მოსახლეობა მწნილად იყენებს.

ნაყოფები შეიცავს ნახშირწყლებს და მონათესავე შენაერთებს (დექსტროზა, პექტინი), ორგანულ მჟავებს (ღვინის, ვაშლის, ლიმონის), პიგმენტებს, მრავალ ვიტამინს В (В1, В2, В6, В12), К, Р и РР, პროვიტამინ А, ფოლიოს მჟავას; ნაყოფის კანი – საღებავ, პექტინოვან, მთრიმლავ ნივთიერებებს, ანთოციანებსა და ეთერზეთებს; თესლები – ცხიმზეთებს.

უსურვაზის ნაყოფები გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ყაბზობისა და ნაწლავებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემების დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლნაკლებობისას. მისი წვენი წარმოადგენს შესანიშნავ პროფილაქტიკურ საშუალებას რაქიტისა და სისხლნაკლებობისას, შველის სურავანდს, გულის დაავადებებს, ფილტვების ტუბერკულოზს და საკვებმომნელებელი ტრაქტის ზოგიერთ დაზიანებას. მცენარე გამოიყენება დაუძლურებული ორგანიზმის, ქრონიკული ბრონქიტის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების, ნიკრისის ქარის და ბუასილის სამკურნალოდ. მშრალ დაქუცმაცებულ ფოთლებს ფხვნილის სახით იყენებენ შინაგანი სისხლდენების დროს, უმთავრესად საშვილოსნოდან.

ყვავილებიდან მიღებულ მტვერს ზოგიერთ რაიონში იყენებენ კულტურული ვაზის დასამტვერად, რაც ხელს უწყობს მსხმოიარობის გადიდებას და ნაცროვანი დაავადებისადმი მდგრადობას. საინტერესოა სელექციონერებისათვის გვალვისა და ყინვაგამძლე ჯიშების გამოსაყვანად, აგრეთვე გამძლეა ფილოქსერისა და სოკოვანი დაავადებებისადმი. ითვლება საუკეთესო თაფლოვან მცენარედ.

უკუმაჩვენებელია შაქრიანი დიაბეტით, დიზენტერიით, ფაღარათითა და ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები