ურეკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურეკი

ურეკი — დაბა და საზღვაო კურორტი საქართველოში, გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ., ოზურგეთიდან 24 კმ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა და სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა.

სახელწოდება

საყოველთაოდ არის გავრცელებული ხალხური გადმოცემა იმის შესახებ, რომ თითქოს დაბის სახელწოდება წარმოდგებოდეს ხშირი, დაბურული და გაუვალი ტყვის აღმნიშვნელი გურული სიტყვისაგან „ურეკი“.

„აქ ყოფილა ძველად უსიერი და გაუვალი ტყე. მარეკებიც კი ნადირს ვერ ერეკებოდნენ; ნადირობა არ შეიძლებოდა, ვერ გამოდენიდი მაგიდან ნადირს“ (რუბენ გიორგის ძე ლოდია, 1989 წ. ქ. თბილისი).

სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ურეკი კოლხური სიტყვაა და გაუვალ, უღრან ტყეს ნიშნავს. დადასტურებულად ითვლება ის ფაქტიც, რომ აქ თურმე შეუძლებელი იყო ნადირობა: „წინათ ბატონები სანადიროდ რომ წავიდოდნენ, ტყეში მარეკებს დაგზავნიდნენ ნადირის დასაფრთხობად და გამოსარეკად… ურეკი ერქვა ისეთ ტყეს, სადაც ასეთი რამ არ ხერხდებოდა ე.ი. სადაც ნადირობა შეუძლებელი იყო ხშირი, გაუვალი ტყის გამო. ურეკში უღრანი ტყე დიდი ხანია აღარ არის, მაგრამ ადგილს კი ეს სახელი შერჩა“

ჩვენი აზრით, ტოპონიმ ურეკის ამგვარი ახსნა დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება. მართალია, ურეკის ახსნის შემოთავაზებული ვარაუდი (უ-რეკ-ი) წარმოქმნის მხრივ დასაშვები ფორმაა (შდრ. უ-ტეხი, უ-წყვეტ-ი, უ-ხნავ-ი, უ-თეს-ი. მაგრამ მაინც გვგონია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ზანური ურუ-ეკ-ი|ჸურუ-ეკ-ი სიტყვის ქართულად გადააზრიანებასთან. ტოპონიმის პირველი ფუძე -ურ (← ჸურუ) მართალია სიტყვასიტყვით ყრუს ნიშნავს, მაგრამ იგი ტოპონიმებთან გვხვდება „ბნელის“, „გაუვალის“, „უღრანის“ მნიშვნელობითაც, ისევე როგორც სიტყვა შავი შეიძლება შეგვხვდეს „უსიერის“, „უღრანის“ გაგებით: შავი ტყე – (კოჯორთან ახლოს) გაიაზრება როგორც „ხშირი, გაუვალი ტევრით დაფარული ტყე“. რაც შეეხება მეორე ფუძეს. (ეკი), იგი ალბათ მომდინარეობს სიტყვა ლეკი-საგან რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობაა „შლამი“, „ქვიშაშლამიანი ადგილი“. მაშასადამე, ჸურ-უ-ჲეკ-ი|ჸურ-ეკ-ი შეიძლება გავიაზროთ როგორც „ღრმა, გაუვალი შლამნარი ადგილი“, „შლამით მდიდარი ადგილები“. სენაკის რაიონში (ზემო ჭალადიდის თემში) არის უხვმოსავლიანი ადგილი, რომელსაც ასევე ურეკი ეწოდება. იგი განმარტებულია როგორც „ძლიერ დაშლამული და ნოყიერი მიწები".

როგორც ვხედავთ, ურეკის ჩვენეულ განმარტებას („შლამიანი ადგილი“) სამეგრელოს სხვა ტოპონიმებიც უჭერენ მხარს. ამიტომ ჭირს ზემოხსენებული ვარაუდის („ხშირტევრიანი, ურეკი სანადირო ადგილები“) გაზიარება. ჩვენ ასევე ვერ გავიზიარებთ ამ უკანასკნელ ხანს გამოთქმულ თვალსაზრისს ურეკის სვანური ენიდან მომდინარეობის შესახებ.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები