ტროპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტროპი – (ბერინ. tropos– შექცევა, სიტყვის საქცევი), მოცემულ სამეტყველო სიტუაციაში საგნის, მოვლენის… სახელწოდების გადატანა სხვა, აზრობრივად რაიმე სახით დაკავშირებულ, საგანზე, მოვლენაზე…არაპირდაპირი, გადატანითი მნიშვნელობით ნახმარი სიტყვა (სიტყვათა შესამება, წინადადება). ტროპში ეს ორი მნიშენელობა – პირდაპირი (ენობრივი) და გადატანითი (სიტუაციური) – ერთიანდება, რაც ქმნის საგნის, მოვლენის, ხატოვანი, ემოციური სახის შექმნის საფუძველს. მაგ., კბილების ნაცვლად ბროლის გამოყენება („ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჯჭვირვალი“, შოთა რუსთაველი) ხაზს უსვამს ბროლთან მათ მსგავსებას, ე. ი. განსაკუთრებულ სითეთრეს.

რიგ შემთხვევაში სიტყვის ტროპული გამოყენება იწვევს სემანტიკურ ცვლილებებს. მაგ., ქართულში სიტყვა „კაპუეტი“ აღნიშნავდა ზამთარგამოვლილ მიმინოს. გადატანით გამოყენებულ იქნა „კაპასი დედაბრის“ აღსანიშნავადაც, რის გამოც სიტყვის მნიშენელობა გაფართოვდა.

ტროპიის გაგება ანტიკური სამყაროდან მომდინარეობს. კვინტილიანე განმარტაედა ტროპს, როგორც სიტყვის ძირითადი მნიშენელობის იმგვარ ცვლილებას, რომლის შედეგადაც მიიღებოდა სიტყვის გამდიდრებული მნიშენელობა.

ისტორიის გარკეეულ მონაკვეთში ტროპს ლიტერატურათმცოდნეები და ლინგვისტები განიხილავდნენ როგორც რაღაც ფორმალურ ელემენტს, გარედან შემოტანილს მეტყველების „მორთვის“ მიზნით. ტროპის თეორიასთან ამგვარმა დამოკიდებულებამ, კვლევებში მისი შემოქმედებითი ასპექტის გაუთვალისწინებლობამ აქცია იგი XX ს. შუა წლებისთვის პოეტიკისა და სტილისტიკის ფორმალურ ნაწილად.

ტროპის თეორიით დაინტერესება ახალ დროში დაკავშირებულია სემიოტიკის აღმავლობასთან. გაჩნდა ტროპის ახლებური განმარტებები, პ. შოფერი და დ. რაისი (1977) ტროპს განმარტავენ როგორც სემანტიკურ ტრანსპოზიციას არსებული ნიშნიდან (in praezentia) უნიშნობისკენ (in abscentia).

თანამედროეე ენათმეცნიერებაში ყველაზე უფრო დამახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს ტროპის გაგება სისტემად, რომლის ელემენტებიც – ცალკეული ტროპები – იერარქიულად ორგანიზებულია.

ენათმეცნიერებაში ტროპის თეორია ამგვარადაა მოტივირებული: ტროპი არის ენობრივი მოვლენა და, ამასთან, იმგვარი მოვლენა, რომელიც ყველაზე ღრმად არის შეპირობებული ენობრივი ფაქტებით. შესაბამისად, ტროპის თეორია ჩართულია ენათმეცნიერებაში, როგორც მისი ახალი ნაწილი.

„ტროპულობის“ ძირები შეიძლება ვეძიოთ თვით ენის, როგორც ნიშანთა სისტემის, სტრექტურის ორპლანიანობაში და შინაარსის პლანისა და გამოხატვის პლანის ასიმეტრიულობაში (ნ. არუთინოვა).

იმის მიხედვით, თუ რა ნიშნების საფუძველზე და როგორ ხდება საგნის, მოვლენის… სახელწოდების (მნიშვნელობის) გადატანა, გარჩეულია (ფართო გაგებით) ტროპის სახეები (ძირითადი ტროპები და მათი სახესხვაობები): ალეგორია, გაპიროვნება, ირონია, ლიტოტესი, მეიოზისი, მეტაფორა, მეტონიმია, პარაფრაზი, სინეკდოქე, ჰიპერბოლა. შესაძლებელია მათი თანაარსებობა ერთი და იმავე ენობრივი ერთეულის ფარგლებშიც.

მნიშვნელობის ტროპული გადაწევა ხდება არა მხოლოდ ლექსიკის, არამედ გრამატიკის მნიშვნელობების სფეროშიც. მაგ., გრამატიკული ტროპის – ალეოტეტის–ერთ-ერთ ნიმუშად შეიძლება დასახელებულ იქნეს რიტორიკული კითხვა. რიტორიკული მიმართვის დროს გადაწევა შეიძლება მოხდეს კითხვით და უარყოფით მნიშვნელობებს შორის: ის, რაც რეალურად წარმოადგენს უარყოფით მტკიცებას, წარმოდგენილია კითხვის სახით. ასე, კითხვითი ფორმა შემდეგი წინადადებისა: „ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს/ ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი/, ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე/, ვინ მოიგონა სიმცირე მისი“ (ს. ჩიქოვანი), რეალურად უარყოფითია და ნიშნავს, რომ ვერავინ იტყვის… ვერავინ ჰპოვებს. გრამატიკული ტროპი ენათმეცნიერების კვლევის საგანია.

ც. ბარბაქაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები