სინეკდოქე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინეკდოქე – (ბერძნ. συνεκδοχή გადატანა, შეფარდება), მნიშვნელობის გადატანა. ტროპის სახე (მეტონიმიის ნაირსახეობა), როდესაც ერთი საგნის, მთელის აღმნიშვნელი იცვლება მეორე საგნის, მისი შემადგენელი ნაწილის აღმნიშვნელი სიტყვით, ან პირიქით, მთელის სახელწოდება გამოიყენება ნაწილისათვის.

ნაწილი, როგორც მთელის შემადგენელი, არჩეულია რაიმე ნიშნით, რომელიც მოცემულ სიტუაციაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ეკისრება მთელის აღნიშვნა. ასეთია: კერძოობითი მნიშვნელობის სიტყვა ზოგადისათვის (სიტყვა კალამი აღნიშნავს ყოველგვარ საწერ იარაღს და არა მხოლოდ გარკვეული მცენარის ღეროსაგან დამზადებულ კალამს); ნაწილის აღმნიშვნელი სიტყვა მთელისათვის (ცხვარი ფარის მნიშვნელობით: „მეცხვარემ ცხვარი გაშალა…“, ხალხ.; ძროხა ნახირის მნიშვნელობით: „მემრე მე ძროხა ვის ჩავაბარო / სადღა ვიშოვი კარგ მეძროხესა“, ი. ჭავჭავაძე); მასალის აღმნიშვნელი სიტყვა თვით ობიექტის აღსანიშნავად (ტყავი ნაცვლად ტყავისაგან შეკერილი ჩასაცმელისა: „დედამ… ტყავი გამიპოხა და ისე ჩამაცვა, ვაჟა-ფშაველა); მხატვრული რომლის ფორმის გამოყენება მრავლობითი რიცხვის ფორმის ნაცვლად („ოსმალო თიფლისს შევიდა, კარები დახვდა ღია-რა“, დ. გურამიშვილი); მთელის აღმნიშვნელი სიტყვა ნაწილის მნიშვნელობით (მაგ. მანქანა ავტომობილის მნიშვნელობით; შდრ., საკერავი მანქანა, დინამო მანქანა…)

დროთა განმავლობაში სინეკდოქემ შესაძლებელია დაკარგოს ტროპული ხასიათი და მყარი ენობრივი მნიშვნელობით გადავიდეს ლექსიკაში: კერიის გაცივება.

ც. ბარბაქაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები