ტილიანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტილიანამდინარე საქართველოში, ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდინარე სურამულას მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. სიგრძე 18 კილომეტრი, აუზის ფართობი 45 კმ². მიედინება ძირითადად ცოცხნარის ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე. მდინარე მიეკუთვნება კასპიის ზღვის აუზს. საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით და ბუნებრივი ნალექებით.

სახელწოდება

ასეთივე სახელწოდების მდინარე (ტილიან-ის) მოედინება ცხინვალის რაიონში (აღმოსავლეთის ფრონის მარცხ. შენაკადი). ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით მდინარის სახელწოდება სიტყვა „ტილს“, „მკბენარს“ უკავშირდება: „ერთ გოგოს, სახელად ანას, ქორწილი ჰქონია, რთავენ საპატარძლოდ, მაგრამ ნახეს, რომ პატარძალს ტანზე უამრავი წვრილი ტილი ასევია. ქალებმა ანა ჩუმათ, ყველასგან მალულად წაიყვანეს მდინარეზე და შიგ შუა წყალში შეიყვანეს. გახადეს ტანთ. გოგოს ტირილი დაუწყია, საქმრომ ეს ამბავი რომ გაიგოს, ახლოს აღარ გამიკარებსო. საპატარძლო უნუგეშებიათ: „აღარ გეყოლება ტილი, ანა! იმ ამბის შემდეგ მდინარისათვის ხალხს ტილიანა შეურქმევია“.

ჩვენ ადგილობრივ ჩავიწერეთ კიდევ ერთი, პირველზე არანაკლებ უცნაური, გადმოცემა, რომლის სიუჟეტური ქარგაც ზუსტად მიესადაგება ხალხის ცნობისმოყვარულ ფანტაზიას: „ერთხელ ამ ხეობაში თამარ მეფე მოდენილა თავისი ამალით. სუ დარჩეული ვაჟკაცები ჰყოლია. მდინარეზე რომ გადადიან, ერთ-ერთ ცხენს წაუბორძიკნია და მხედარი წყალში გადმოვარდნილა. ვეღარაფერი უშველეს და დამხრჩვალა. ჩოჩქოლზე თამარს უკან მოუხედია და უკითხავს, რა ამბავია, რა მოხდაო? როცა ყველაფერი მოახსენეს, მეფეს გაოცებით წამოუძახნია: „ამ ტილიანმა წყალმა ეს ამოდენა ვაჟკაცი კაცი როგორ დაახრჩოო?“ (ავთანდილ ბლიაძე, 1989 წელი, დ. სურამი). ალბათ ძნელი არ არის იმის დადგენა, რომ ამგვარი „ეტიმოლოგიები“ ნაძალადევი და ხელოვნურია, მათ სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვთ.

ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით მდინარის სახელი ტილიანა თურმე ძველ ქართულ სიტყვა მტილ-თან ყოფილა დაკავშირებული, მაგრამ ამგვარი თვალსაზრისი ნაკლებ სარწმუნო ჩანს, რამდენადაც არქაული მტილ- სიტყვის მიხედვით წარმოქმნილი მდინარის სახელები ჩვენში თითქოს არ უნდა დასტურდებოდეს. უფრო მიზანშეწონილად გვეჩვენება ჰიდრონიმ ტილიანას სიტყვა ტინთან დაკავშირება. ტინი საკმაოდ ხშირად ფიგურირებს ქართულ, კერძოდ, ქართლურ ტოპონიმიაში (შდრ. ტინისხიდი, ტინისხევი, ტინისწყარო…). ტილიანაც ამ წყების სახელებშია განსახილველი. ტილიანა, მაშასადამე, უნდა გავიაზროთ, როგორც „ტინ-იან-ა“, „წყალი, რომელიც ტინიან (კლდოვან-ფიქლოვან) ადგილებში გამოედინება“.

სიტყვა ტინ-ი („კლდე“) საკმაოდ ხშირად გამოვლინდება ზემო იმერეთის მიკროტოპონიმიაშიც. აქ ღელე-ნაკადულების, აგრეთვე სახნავ-სათესი მინდვრის საკუთარ სახელებად გვხვდება როგორც ტილიანა, ისე ტილიანებ-ი; სოფ. არაგვეთსა და სავანეში დადასტურებულია ტილიანა ღელე, იგივე ღვრიაღელე. ძალზე საინტერესოა, რომ ზოგიერთ აქაურ მიკროტოპონიმში მსაზღვრელი ტინ- სიტყვის მხოლოდ პირველი მარცვალი (ტი-) შემოგვრჩენია: ტიგზის ვაკე (სახნავი მინდორია ს. ვაჭევში, შორაპნის საკრ.); აქვე დასტურდება მიკროტოპონიმი ტიგზის ტყე. აღნიშნულ სახელწოდებაში თავკიდური ტი- მარცვალი რომ სწორედ ტინ- სიტყვის ნაშთია, კარგად ჩანს მათსავე მეორე (ადგილობრივ) სახელებში: ტიგზის ვაკეს პარალელურად კდიგზის ვაკე-ც ეწოდება, ტიგზის ტყეს კი – კდიგზის ტყე, მაშასადამე ტიგზა იგივე ტინგზა (ტინის გზა) ყოფილა.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები