ტავტოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტავტოლოგია – (ბერძნ. (ბერძნ. tautologis<tautos - ერთი და იგივე და logos - სიტყვა), ერთი და იმავე ცნების ან აზრის გამეორება სხვა სიტყვებით; გამონათქვამის აზრობრივი სიჭარბე. რომელიც ვლინდება მთელის ან მისი ნაწილის აზრობრივ დუბლირებაში. კერძოდ, სიტყვათშეხამების ერთ-ერთი, უფრო ვიწრო მნიშვნელობის მქონე, კომპონენტის, უპირატესად მსაზღვრელის, სემანტიკა აუცილებლობით ნაგულისხმებია მეორე. უფრო ფართო მნიშვნელობის მქონე, კომპონენტის სემანტიკაში, რის გამოც მსაზღვრელის დართვა ზედმეტი ხდება. ტავტოლოგიის მიზეზია ამა თუ იმ სიტყვის (ჩვეულებრივ, არსებითი სახელი) არაადეკვატური გაგება ან რეინტერპრეტაცია ამ სიტყვის მნიშვნელობის დავიწროების მიმართულებით, რის შედეგადაც მოსაუბრე საჭიროდ მიიჩნევს საზღვრულში თავისთავად ნაგულისხმები მსაზღვრელის დამატებას. ტავტოლოგია ჩნდება მაშინ, როდესაც საზღვრულად გამოყენებული უცხოური სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა მოსაუბრისათვის მთლად ნათელი არ არის. ამგვარი მსაზღვრელ-საზღვრულის შემცველი ტავტოლოგიური გამოთქმების ნიმუშებია: პირველი ვერნისაჟი („ვერნისაჟი“ თავად ნიშნავს პირველ გამოფენას), პირველი პიონერი, ადგილობრივი / მკვიდრი აბორიგენი. „ჩემი ავტოპორტრეტი დაეხატე“ და სხვ. თუმცა ტავტოლოგია ზოგჯერ მშობლიურ ნიადაგზედაც წარმოიქმნება. მაგ., გამოთქმების – პირველი პირმშოს, ერთადერთი პირმშოს – ხმარება ადასტურებს იმას, რომ სიტყვა „პირმშოს“ მნიშვნელობა ამ გამოთქმების გამომყენებლისათვის „შვილის“ სინონიმურია (და არა „პირველი შვილისა“).

ტავტოლოგია ზოგჯერ თვით სინონიმთა გაუმართლებელი ხმარების გზით მიიღება (მაგ., მწამს და მჯერა". თავისი არსით ტავტოლოგიურია ზედიზედ, მიჯრით განლაგებული სინონიმებისგან შედგენილი ლექსიკური ერთეულები – კომპოზიტები და სიტყვათშეხამებები: სვე-ბედი, ბედ-იღბალი, გზა-კვალი, უგზოუკვლოდ, ტყუილუბრალოდ, მორჩა და გათავდა (ან პირუკუ რიგით), კოხტად და ლამაზად და ა. შ.

ტავტოლოგიას ქმნის აგრეთვე ერთი და იმავე აზრის გამეორება წართქმითი და უკუთქმითი მსჯელობებით, რაც დამახასიათებელია შუა საუკუნეების მხატვრული ლიტერატურისათვის, განსაკუთრებით, სარაინდო და სახოტბო პოეზიისათვის. მაგ., „არ-ახალია. ძველია“; (ფატმანი) „პირმსუქანი არ-პირხმელი“.

სამეცნიერო და ოფიციალური სტილისათვის ტავტოლოგიური მსჯელობები მიუღებელია და, თუ იგი სტილისტიკურ ხერხად არ არის გამოყენებული, მოსაუბრის არასაკმარის წიგნიერებაზე მეტყველებს.

გარდა წმინდა ლექსიკური ტავტოლოგიისა. არსებობს გრამატიკული და სიტყვაწარმოებითი ტავტოლოგიაც. განსაკუთრებით აშკარად ვლინდება იგი ზედსართავთა ხარისხების წარმოებისას, როცა ერთმანეთს ერწყმის ორგანული (აფიქსური) და აღწერითი წარმოება. მაგ., „ყველაზე უდიდესი“ ჭარბი წარმოებაა (უნდა იყოს: მხოლოდ „უდიდესი“ ან „ყველაზე დიდი“); „უფრო ნაკლები“ (უნდა იყოს: „უფრო ცოტა“ ან მხოლოდ „ნაკლები“).

ტავტოლოგია მეტყველების ფაქტია და ენობრივ უზუსს უფრო განეკუთვნება, ვიდრე ენობრივ სისტემასა და ნორმას.

ტავტოლოგია არ უნდა აირიოს ფსევდოტავტოლოგიაში, რომელიც სიტყვის ან სიტყვათშეხამების პირდაპირ, მექანიკურ გამეორებას გულისხმობს და მხატვრულ ლიტერატურაში პოეტური გამეორების სახით იხმარება ექსპრესიის გასაძლიერებლად. მაგ., „გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით! დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!“ (გ. ტაბიძე).

ლოგიკაში ტავტოლოგია სუბიექტისა და პრედიკატის აზრობრივ იგივეობაში ვლინდება.

შ. აფრიდონიძე


ლიტერატურა

აფრიდონიძე შ. სიტყვა და კონტექსტი (მასალები ლექსიკონისათვის). – „ქსკს“. წგ. 7, თბ., 1985.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები