სცენური ყურადღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყურადღება (სცენური) – ფსიქიკურ ოპერაციათა რთული კომპლექსი, რომელსაც ახორციელებს მსახიობი ჯერ სარეპეტიციო პერიოდში და შემდგომ კი სცენაზე, როლის შესრულების დროს.

სინამდვილის ატმოსფეროში ყურადღების მეშვეობით სუბიექტი ახდენს ფიქრის კონცენტრაციას რეალურ ან წარმოსახვით ობიექტზე, მსახიობი კი ყურადღებას წარმართავს მხოლოდ წარმოსახულ ობიექტზე.

ზოგადად ყურადღებას აქვს შემდეგი მახასიათებლები:
1) არჩევითი – ყურადღების მომართვა ცნობიერი მიზნისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. სცენაზე მსგავსი აქტის განსახორციელებლად საჭიროა, რომ მსახიობს კარგად ესმოდეს რა მიზანს ისახავს მისი პერსონაჟი.
2) მოცულობითი– განისაზღვრება მკაფიოდ აღქმული ობიექტებით 0.1 სეკუნდის განმავლობაში. მსახიობს იგი გადატანილი აქვს დისტანციისა და სივრცის განზომილებაში.
3) ყურადღების განაწილება რამდენიმე სხვადასხვა სახეობის მოქმედების ერთდროული განხორციელება. მსახიობის ყურადღება მიმართულია როგორც პარტნიორის, ისე მაყურებელთა დარბაზისაკენ. ამასთანავე იგი აკონტროლებს საკუთარ სიტყვებს, ქცევას, მოქმედებას, იმყოფება მედიტაციის მდგომარეობაში, ანუ უსმენს და აკვირდება საკუთარ გრძნობას და მხატვრულ წარმოსახვას.
4) ყურადღების კონცენტრაცია – იგულისხმება ობიექტზე ყურადღების მიმართვის ხარისხი. მსახიობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც სარეპეტიციო, ასევე სცენური შემოქმედების პროცესში როგორც იმპროვიზაციის წყარო.
5) სიმტკიცე – განისაზღვრება ობიექტზე ყურადღების კონცენტრირების ხანგრძლივობით. სცენურ შემოქმედებაშიც ეს მომენტი უცვლელია.
6) გადართვა – ყურადღების ერთი ობიექტიდან მეორეზე სწრაფი გადასვლა. ეს უნარი მსახიობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე პერსონაჟთან ერთდროული ურთიერთობის დროს.

ყურადღება იყოფა სამ ძირითად სახეობად:
1) არანებისეული (უშუალო) – მარტივი რეაქცია გარე გამღიზიანებელზე ადამიანში მოცემულია გენეტიკურად. მსახიობს იგი განსაზღვრული აქვს პარტიტურის მიხედვით, მაგრამ არ არის დაზღვეული მოულოდნელობებისაგან. თუკი მისი მოქმედება სცენაზე ორგანულია, იგი იმპროვიზაციისათვის იყენებს ამ თანდაყოლილ უნარს.
2) ნებისეული – ყურადღება წარმართულია დასახული მიზნისკენ. აქ მნიშვნელოვანია სიტყვით მოქმედება. აქვე წარმოებს პერსონაჟის დახასიათებაც ქცევისა და კომუნიკაციის კუთხით.
3) ნებისშემდგომი – სუბიექტი აწარმოებს დაკვირვებას მის მიერ განხორციელებული აქტის ეფექტურობაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია სამსახიობო ხელოვნებაში, როგორც მოვლენათა დრამატული განვითარების საყრდენი.

ყურადღება არის მხატვრული მედიტაციის უმთავრესი საშუალება და სამსახიობო ფსიქოტექნიკის გამომუშავების აუცილებელი წინაპირობა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები