სკილაქს კარიანდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკილაქს კარიანდელი (სქილაქსი) – (ძვ.ბერძ. Σκύλαξ ὁ Καρυανδεύς; ძვ.წ. VI საუკუნე), უძველეს ბერძენი ლოგოგრაფოსი ქ. კარიანდის მკვიდრი.

სკილაქს კარიანდელი ისტორიულად დამოწმებული პირია. იგი ძვ. წ. VI ს. დასასრულისა და V ს. დასაწყისის მოღვაწეა. სპარსეთის მეფის დარიოს I (522-486 წწ) დავალებით სკილაქსი გაგზავნილი ყოფილა მდინარე ჰინდის დინების შესასწავლად სათავეებიდან ზღვის შესართავამდე. ჰეროდოტე გვამცნობს ამის შესახებ: აზიის დიდი ნაწილი აღმოჩენილია დარიოსის მიერ; მას სურდა სცოდნოდა, სად ერთვოდა მდინარე ჰინდი ზღვას და ხომალდებით გაგზავნა კაცები, რომელთაც ენდობოდა; მათ შორის იყო სკილაქს კარიანდელიც.

30 თვე მონდომებია სკილაქსი მოგზაურობას. მდ. ჰინდის გავლის შემდეგ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროთა გასწვრივ მეწამული ზღვის ჩრდილოეთ კიდემდე მიუღწევია. მოგზაურობის რეალურობას ამტკიცებს დარიოს I წარწერები, რომლებიც სუეცის ყელზეა აღმოჩენილი.

თავისი მოგზაურობის შედეგები სკილაქსს აღუწერია ნაშრომში, რომელსაც ჰეროდოტეს ცნობით, რქმევია „პერიპლუსი“, ე. ი. „ზღვით მოვლა ქვეყნებისა“. ნაშრომში მას დაწვრილებით აღუნუსხავს. ყველაფერი, რისი თვითმხილველიც ყოფილა „ჰერაკლეს სვეტებიდან“ (გიბრალტარის სრუტე) დაწყებული ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვის მდ. ჰინდის ველის, ინდოეთის ოკეანის და მეწამული ზღვის ნაპირებით დამთავრებული. როგორც ჩანს, ინდოეთში მოგზაურობამდე სკილაქსს მახლობელ აღმოსავლეთში, კერძოდ, ხმელთაშუა და შავი ზღვების აუზშიც უმოგზაურია. უნდა ვიფიქროთ, რომ შორეულ მოგზაურობაში დარიოსის მიერ მისი გაგზავნა შემთხვევითი არ იყო და იგი იმ დროისათვის უკვე გამოცდილი მოგზაური და მკვლევარი უნდა ყოფილიყო. არისტოტელე, რომელსაც წაუკითხავს ეს ნაშრომი, გადმოგვცემს, რომ ავტორის მოთხრობა, გეოგრაფიულ აღწერილობათა გარდა, შეიცავდა იმ ოლქების მოსახლეობის ზნე-ჩვეულებების დახასიათებასაც, რომელიც მას მოუნახულებია. ზოგიერთ ადგილას არისტოტელე ასეთი სიტყვებით იმოწმებს სკილაქსს: „როგორც ამბობს სკილაქსი ინდების შესახებ დაწერილ წიგნში“, ეს მითითება ეჭვს ბადებს, რომ, „პერიპლუსის“ გარდა, სკილაქს კარიანდელს შეიძლებოდა ჰქონოდა ცალკე ნაშრომი ინდოეთის შესახებ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენამდე მოღწეულია სამი ხელნაწერი, რომელიც დასათაურების მიხედვით თითქოს სკილაქს კარიანდელის „პერიპლუსს“ შეიცავს. ეს „პერიპლუსი“ სანაპიროთა აღწერას იწყებს გიბრალტარის სრუტიდან, მოჰყვება ევროპის სამხრეთ სანაპიროებს შავ ზღვამდე, შემდეგ შავი ზღვის ნაპირებს, აზიის დასავლეთ სანაპიროს, აფრიკის ჩრდილოეთ კიდეს და თავდება ისევ გიბრალტართან. ამრიგად, ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროები თანამიმდევრულად არის აღწერილი. მაგრამ, როგორც დღეს დადგენილია სამეცნიერო ლიტერატურაში, ეს „პერიპლუსი“ ძვ. წ. IV საუკუნეში არის შედგენილი და ლოგოგრაფოს სკილაქსს არ შეიძლება ეკუთვნოდეს, ამიტომ მას ჩვეულებრივ „ფსევდო კილაქსის პერიპლუსს“ უწოდებენ, მიუხედავად ამისა, ამ „პერიპლუსს“ მაინც აქვს მნიშვნელობა სკილაქს კარიანდელის ნაშრომის რაობის გაგებისათვის. როგორც გამოკვლეულია მეცნიერთა მიერ (მანერტი, ედ. მაიერი, გიზინგერი, კისლინგი), ფსევდო–სკილაქსის „პერიპლუსის“ ძირითად წყაროს, სახელმძღვანელო ნიმუშს ნამდვილი სკილაქსის ნაშრომი წარმოადგენდა და მას ამ უკანასკნელიდან მთელი პასაჟები გადმოუწერია. ფსევდო–სკილაქსის თხზულების და, კერძოდ, საკუთრივ სკილაქსისეული ნაწყვეტების შესწავლიდან ირკვევა, რომ სკილაქს კარიანდელი გარდა წმინდა გეოგრაფიული ცნობებისა, გვაწვდის აგრეთვე ცნობებს სანაპიროებთან მცხოვრებ ხალხთა და ტომთა, მათ ზოგიერთ ზნე-ჩვეულებათა და პოლიტიკური წყობის შესახებ, ქალაქების მნიშვნელობის დახასიათებას, მითითებას მათ წარმოშობაზე და სხვ. ამრიგად, სკილაქს კარიანდელის ცნობებს მნიშვნელობა აქვს არა მარტო მაშინდელი გეოგრაფიული ცოდნის გარკვევისათვის, არამედ მის მიერ აღწერილ მიდამოთა მოსახლეობის, კერძოდ, ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზთა მოსახლეობის ძველი ისტორიისათვის. სამწუხაროდ, ამ ნაშრომის მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია ჩვენამდე მოღწეული.

წყარო

ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები