სვია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვია

Humulus lupulus L.სვია

მეგრულად – მაფშალია, ფშალე.

მრავალწლოვანი ხვიარა ლიანაა 6-7 მ სიგრძის ექვსწახნაგოვანი, მოკლე ეკლებით დაფარული ღეროთი; ფოთლები მოპირისპირეა, გულისებრი, მთლიანი ან 3-5 - ნაკვთიანი, კიდეებზე ხერხკბილა, ყუნწიანები და თანაფოთლებით. მცენარე ორბინიანია; ყვავილები ხშირ ყვავილედებადაა შეკრებილი, წვრილებია, ქარით დამამტვერიანებლები, ცალსქესიანი; მამრობითი ყვავილები საგველა ყვავილედს ქმნის, მდედრობითი — (40-60 ყვავილი) გირჩისებრ თავთავებადაა შეკრებილი, ნაყოფობისას ფრთისებრ გამობერილი ყვავილსაფრით; ნაყოფი — კაკალია. ყვ. VI-VIII; ნაყ. VIII-IX.

ჰემიკროფტოფიტია, ტყის, მეზოფილური; იზრდება ტენიან ადგილებზე, დაჩრდილულ ტყეებში და მდინარისპირა ტერასებზე მთის შუა სარტყლამდე.

სამკურნალო ნედლეულია სვიის ნაყოფედი ან მდედრობითი ყვავილედი, ე.წ. „გირჩები“. შეიცავს ეთერზეთებს, სვიის ფისებს, ცვილს, გუმფისს, მწარე ნივთიერებებს, ვალერიანის, სვიის, ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავებს, გლიკოზიდ ლუპულინს, კაროტინს, ქოლინს, თიამინს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს. სვიის ეთერზეთები არომატულია, ბაცი ან მუქი ყვითელი ფერის, მის შემადგენლობაშია: მირცენი, მირცენოლი, ლინალოოლი, გერანიოლი, ფარნეზენი, კარიოფილენი, ლუპაროლი, ლუპარენოლი, ჭიანჭველის, ძმრისა და სხვა მჟავების ეთერები.

ხასიათდება ანთებისა და კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, გამაუმტკივნებელი, ჭიისმდენი, ანტიბაქტერიული მოქმედებით. გირჩების ექსტრაქტი ესტროგენული აქტივობით გამოირჩევა და ისწავლება ჰორმონოთერაპიის მიზნით. ახალი გამოკვლევებით, საუკეთესო თერაპიული ეფექტი აღინიშნება თირკმელებისა და შარდ-სასქესო სისტემის, ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის, წყალმანკის, სიყვითლის, გასტრიტისა და ღვიძლის დაავადებების მკურნალობაში.

არეგულირებს ადამიანის ორგანიზმში მინერალების, წყლისა და ცხიმების ცვლას.

მისი სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი; ნახარშს ღებულობდნენ მადის გასაძლიერელად და როგორც ლაქტოგენურ საშუალებას, ელენთის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, გასტრიტის, ფილტვების ტუბერკულოზის, ცისტიტის, პიელონეფრიტის, ხშირი შარდვის, შეშუპების, მალარიის, ეგზემის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ანთებითი პროცესების, ცინგის, ჰიპერტონიის, სიყვითლის, თმის ცვენის დროს. ფესვების ნახარშს ხმარობდნენ აბორტის გამომწვევ საშუალებად. ფოთლებს იყენებდნენ კანისა და მკერდის კიბოს სამკურნალოდ. სვიის ფუძეზე დამზადებული პრეპარატები ეფექტურია ნევრასტენიის, გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებებისას. შედის დამამშვიდებელი ჩაის შემადგენლობაში.

შხამიანია, დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები