საფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფა (ოს. Сафа) – კერისა და მის მიერვე შექმნილი კერიის ჯაჭვის – რახისის მფარველი ღვთაება. თავისი რანგითა და ფუნქციით იგი ოჯახის მფარველი ძალების (ბინათი ხიცაუ, სარი ზადი, ყილი ძუარი, ვათი ხიცაუ) იერარქიის სათავეში დგას და „ზეციერად“ იწოდება.

საფას საოჯახო წეს-ჩვეულებათა ციკლში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ავდანბატანის ანუ აკვანში ჩვილის პირველი ჩაწვენის პროცესში მას ბავშვის დაცვას შესთხოვენ (საერთოდ იგი ოჯახის ყოველი წევრის, განსაკუთრებით მოზარდთა მფარველის ფუნქციას ატარებს). ავი თვალისგან ბავშვების დაცვის მიზნით დიდმარხვის მესამე დღეს მჭედლები ამზადებდნენ საფას სახელობის მცირე ზომის რკინის ამულეტებს, რომლებსაც ბამბის ფთილასთან და ბეღურის სკინტლთან ერთად მაუდის ან აბრეშუმის ნაჭერში ახვევდნენ და მოზარდებს კისერზე ჰკიდებდნენ.

საქორწინო რიტუალების დროს მამის სახლთან გამომშვიდობების და ქმრის ოჯახში შეყვანის დროს პატარძლის მფარველობას საფას ევედრებოდნენ. მოსისხლეთა შერიგების თანმხლები, კერასთან შესრულებული, რიტუალის პროცესში კერიის ჯაჭვს ხელს შეავლებდნენ და დაიფიცებდნენ: „ვფიცავ საფას, ამ წმინდა ოქროს“.

საფა ნართული ეპოსის პოპულარული პერსონაჟია; ზოგიერთი ვარიანტით, ჰყავს ვაჟი, არის ნართების მეგობარი და ურუზმაგის შვილის აღმზრდელი; ხშირად სტუმრობს ნართებს; სხვა ვარიანტით, სათანას საყვარელიც კი არის.

ვ. აბაევის აზრით, საფას პროტოტიპია სკვითების ქალღმერთი ტაბიტი, რომელსაც ჰეროდოტე კერიის მფარველ ბერძნულ ქალღმერთთან – ჰესტიასთან აიგივებს. მეცნიერს მიაჩნია, რომ ოსური Сафа ქრისტიანული წმინდანის – სავას სახელს უკავშირდება, რაც ძალზე საეჭვოდ გამოიყურება. შესაძლოა, საფა და კერიის მფარველი აფხაზური ღვთაების სახელი ჭაპი (ჭაფი) ერთი წყაროდან მომდინარეობდნენ.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Миллер Вс. Дигорские сказания. Москва. 1902;
  • მისივე, Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Абаев В. И. Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები