ბინათი ხიცაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბინათი ხიცაუ (ოს. Бынаты хицау – „ადგილის მეუფე“) – ფუძის ანგელოზი, რომელიც იმავდროულად კავკასიის ხალხებში ფართოდ გავრცელებული კონკრეტული ადგილის დედის ფუნქციებსაც ითავსებს; ცხოვრობს საკუჭნაოში, სხვა ვარიანტით, საცხოვრებლის – ხაძარის საქალებო ნაწილის კუთხეში, სადაც ზოგჯერ ბამბის ფთილას დებენ. იგი შეიძლება იყოს ქალიც (ეშვებიანი მახინჯი დედაბერი) და მამაკაციც (მამრობითი სქესისანნი უფრო კეთილები არიან); უნარი შესწევთ მიიღონ ბიჭის, თეთრი ბატკნის, გველის, კატის და სხვა შინაური ცხოველების სახე. ბინათი ხიცაუზე იყო დამოკიდებული ოჯახის ბარაქიანობა, მისი წევრების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, შინაური საქონლის გამრავლება. მისი ხილვა, ისიც მხოლოდ ახალწლისწინა საღამოს, მკითხავ ქალებს შეეძლოთ. რამდენადაც შიდასაოჯახო საქმიანობის გამძღოლად დიასახლისი ითვლებოდა, ფუძის ანგელოზს სწორედ ქალებთან ჰქონდა საქმე. თუკი სხვა შემთხვევაში ქალებს არ შეეძლოთ ღვთაებათა სახელის წარმოთქმა, ბინათი ხიცაუს, როგორც მათი საქმიანობის მფარველის, სახელის ხსენება მათ არ ეკრძალებოდათ.

ოსები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სამოსახლო ადგილის შერჩევას; თვლიდნენ, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილს ბედნიერების ან უბედურების მოტანა შეეძლო. მათი აზრით, ყოველ ადგილს ჰყავდა მფარველი სული, რომლის კეთილგანწყობის მოპოვება აუცილებელი იყო; ამიტომ სახლის მშენებლობის დაწყებამდე ბინათი ხიცაუსაგან თანხმობას ითხოვდნენ, ლოცულობდნენ მის სახელზე და სათანადო მსხვერპლსაც სწირავდნენ. თუ ოსი სხვა ადგილზე გადასახლდებოდა, იგი ყოველგვარ კავშირს წყვეტდა უწინდელ ბინათი ხიცაუსთან და ახალთან იწყებდა ურთიერთობას.

ბინათი ხიცაუს სახელზე ლოცვა ოსებმა ყოველწლიურად (საახალწლოდ) იცოდნენ; სწირავდნენ ცხვარს, თხას ან შინაურ ფრინველს, რომელთა ხორცის ჭამა მხოლოდ ოჯახის წევრებს შეეძლოთ. ქორწილის დღეს ხელისმომკიდე, კერიის გარშემო პატარძლის სამჯერ შემოტარების პროცესში, სხვა ღვთაებებთან ერთად ლოცვით ბინათი ხიცაუსაც მიმართავდა და მას პატარძლის მფარველობას შესთხოვდა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ იმ ოჯახებში, სადაც გველი იყო ჩასახლებული, საახალწლოდ მის სახელზე აცხობდნენ გველის ფორმის ღვეზელს, რომელსაც „ბინათი ხიცაუს“ უწოდებდნენ. ახალწლის ღამეს ოჯახის უფროსს ეს ღვეზელი ბოსელში მიჰქონდა და იქვე ტოვებდა, თან ბინათი ხიცაუს გველისაგან საქონლის დაცვას სთხოვდა.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Чибиров Л. А. Традиционная духовная культура осетин. Владикавказ, 2008;
  • Чибиров Л. А. Пантеон // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები