სასროლი იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სასროლი იარაღი – ლულიანი იარაღი 20 მმ-მდე კალიბრით, ტყვიებით, საფანტით, ისრისებრი ელემენტებით სროლისათვის. უმეტეს შემთხვევაში არის ცეცხლსასროლი იარაღი. პნევმატური იარაღი ძალზე შეზღუდულად გამოიყენება (ძირითადად სავარჯიშო და სპორტული სროლებისთვის). არის სხვა სახის სასროლი იარაღი – მექანიკური, ელექტრო და რეაქტიული, რომლებმაც ფართო გამოყენება ვერ პოვეს.
ასევე
- საბრძოლო, სამსახურის, სპორტული და სამოქალაქო;
- საერთო დანიშნულების და სპეციალური (საავიაციო, სახომალდო, საზენიტო, სატანკო, წყალქვეშა, უხმაურო და სხვა);
- მცირე (6,5 მმ-მდე), საშუალო (6,5-9 მმ) და მსხვილი (9 მმ-ზე მეტი) კალიბრის;
- შაშხანები, კარაბინები, რევოლვერები, ტყვიამფრქვევები, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და ავტომატები;
- ერთ, ორ და მრავალლულიანი;
- გლუვლულიანი და კუთხვილიანი;
- პირადი, ინდივიდუალური და ჯგუფური;
- არაავტომატური (ერთდატენიანი და ვაზნისკოლოფიანი), თვითდამტენი და ავტომატური.
სასროლი იარაღის უმრავლესობისთვის დამახასიათებელი ნაწილებია: ლულა, საკეტი, სასხლეტი მექანიზმი, ვაზნის კოლოფი, სამიზნე, კონდახი და/ან სახელური. სასროლი იარაღში გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების ვაზნები.
ხელის ცეცხლსასროლი იარაღი გაჩნდა XII-XIII საუკუნეებში. მისი განვითარების ძირითადი ეტაპებია:
- პატრუქიანი (XV საუკუნე) და კაჟიანი (XVI საუკუნე) საკეტის;
- ხიშტიანი (XVII საუკუნე), ლითონის კაფსულიანი (1818), შემდეგ კი კაფსულიანი იარაღი ქაღალდის ვაზნით (1840);
- ლითონის ვაზნით (XIX საუკუნის 60-იანი წლები) ერთდატენიანი, შემდეგ კი ვაზნისკოლოფიანი;
- უკვამლო დენთით (XIX საუკუნის 80-იანი წლები);
- თვითდამტენი და ავტომატური იარაღი (XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისი).