სასაზღვრო მდინარეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასაზღვრო მდინარეებიმდინარე, რომელზეც გადის სახელმწიფო საზღვარი (ოდერი, ელბა, ამუდარია და ა.შ.). საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, სასაზღვრო მდინარეები შეადგენს სანაპირო სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილს. სანაპირო სახელმწიფოს სუვერენიტეტი ვრცელდება სასაზღვრო მდინარეების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც მდებარეობს მოცემული სახელმწიფოს ნაპირსა და სახელმწიფო საზღვრის ზოლს შორის. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სანაოსნო სასაზღვრო მდინარეების საზღვრები დგინდება, როგორც წესი, ფარვატერის შუაში ან ტალვეგის მიხედვით (მდინარის ფსკერის ყველაზე ღრმა შემაერთებელი ხაზი), ამასთან, სახელშეკრულებო წესით გათვალისწინებულია, რომ ნაოსნობა ხორციელდება ფარვატერის მიხედვით, განურჩევლად საზღვრის ზოლის გავლისა.

არასანაოსნო სასაზღვრო მდინარეებზე საზღვრის ზოლი გადის შუაში ან მდინარის ძირითადი ტოტის შუაში. სასაზღვრო მდინარეებზე საზღვრების დადგენასთან ერთად განისაზღვრება კუნძულების სახელმწიფო კუთვნილება. თუ საზღვარი დადგენილია ტალვეგის მიხედვით, კუნძულების სახელმწიფო კუთვნილება ასევე განისაზღვრება ტალვეგის ხაზით, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის შეთანხმებული; როცა საზღვრის ზოლი გადის მდინარის კალაპოტის შუაში, კუნძულები ნაწილდება ამა თუ იმ ნაპირისადმი მათი მიზიდულობის მიხედვით დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე. ბუნებრივი მოვლენების შედეგად. საზღვრის ზოლის გადახრის შემთხვევაში სახელმწიფოები იცავენ შემდეგ პრინციპს: საზღვრის ზოლი გადაადგილდება მდინარის კალაპოტის შუა ნაწილის ბუნებრივი გადაადგილების შესაბამისად, ამასთან, კუნძულების სახელმწიფო კუთვნილება არ იცვლება.

სასაზღვრო მდინარეების კალაპოტის გატარების შეცვლის შემთხვევაში, საზღვრის ზოლი გადის იქ, სადაც მდებარეობდა ადრე კალაპოტი; თითოეულ დაინტერესებულ სახელმწიფოს უფლება აქვს, მიიღოს ზომები, რათა მდინარე დაუბრუნდეს ძველ კალაპოტს. თუ ეს შეუძლებელია, სახელმწიფო ახდენს საზღვრის გამშრალი ნაწილის დემარკაციას ან თანხმდებიან, რომ საზღვარი გაივლის ახალი კალაპოტის მიხედვით. მხარეთა შეთანხმებით პერიოდულად მოწმდება სასაზღვრო ზოლი მდინარეზე. რის შედეგადაც მხარეები აფიქსირებენ ზოლის ახალ მდებარეობას (საზღვრების რედემარკაცია).

სამეურნეო ურთიერთობებში სასაზღვრო მდინარეები გამოიყენება მხოლოდ მოსაზღვრე სახელმწიფოების მიერ საზღვრის ზოლამდე, თუ არ არის სხვა სპეციალური შეთანხმება. ჩვეულებრივ, მეზობელი სახელმწიფოები დებენ შეთანხმებას სასაზღვრო მდინარეების გამოყენების შესახებ, რომელშიც გათვალისწინებულია ნაოსნობის წესები, თევზჭერის პირობები და ა.შ. სასაზღვრო მდინარეების ხიდებზე, კაშხლებსა და სხვა ნაგებობებზე საზღვრები დგინდება, როგორც წესი, ნაგებობის შუაში ან მათი ტექნოლოგიური ღერძის მიხედვით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები