საერთაშორისო ხელშეკრულებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო ხელშეკრულებებისაერთაშორისო სამართლის სუბიექტებს შორის მიღწეული აშკარად გამოხატული შეთანხმება, რომელიც არეგულირებს მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო-ტექნიკურ თუ სხვა სფეროებს გარკვეული უფლებებისა და ვალდებულებების შექმნის გზით და საერთაშორისო სამართლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ვენის საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ კონვენციის თანახმად (1969) საერთაშორისო ხელშეკრულებები არის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტებს შორის წერილობითი ფორმით დადებული და საერთაშორისო სამართლით რეგულირებული შეთანხმება, განურჩევლად იმისა, შედის იგი ერთ, ორ თუ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ დოკუმენტში და განურჩევლად მისი კონკრეტული სახელწოდებისა. საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, მოქმედებისა და შეწყვეტის სფეროში წარმოშობილ ურთიერთობებს საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს შორის არეგულირებს საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი დარგი, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის ერთადერთი წყარო იყო ჩვეულებები. გაეროს შექმნის შემდეგ მის ფარგლებში არსებულმა საერთაშორისო სამართლის კომისიამ შეიმუშავა შესაბამისი პროექტი და გაეროს ეგიდით მოწვეულ კონფერენციაზე მიიღეს ვენის კონვენცია საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ 1969, რომელიც ძალაში შევიდა 1980 და ეხება სახელმწიფოთა შორის დადებულ ხელშეკრულებებს. საერთაშორისო ხელშეკრულებების მხარეები არიან მხოლოდ მასში მონაწილე მხარეები. ვენის კონვენციის 34-ე მუხლი აყალიბებს საყოველთაოდ ცნობილ ფორმულას – ხელშეკრულება არ ქმნის მესამე სახელმწიფოსათვის უფლება-მოვალეობებს მისი თანხმობის გარეშე და ჩამოთვლის თანხმობის გამოხატვის შემდეგ საშუალებებს: ხელმოწერა, დოკუმენტების გაცვლა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და შეერთება. ეს სია ამომწურავი არ არის და საერთაშორისო პრაქტიკამ სხვა სახეებიც შეიძლება წარმოშვას. მხარეთა რაოდენობის მიხედვით არსებობს ორმხრივის და მრავალმხრივი ხელშეკრულებები: ორმხრივია ხელშეკრულება, რომლის მონაწილეა ორი სახელმწიფო ან, ერთი მხრივ, – ერთი, სოლო, მეორე მხრივ – რამდენიმე სახელმწიფო (მაგ. საზავო ხელშეკრულებები, 1947). თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მრავალმხრივ ხელშეკრულებებს, რომლებიც არეგულირებს სახელმწიფოთა შორის საზოგადოების ინტერესებში წარმოშობილ ურთიერთობებს და რომელთა ეფექტურობას განაპირობებს ყველა სახელმწიფოს მონაწილეობის უფლების განმტკიცება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და ასეთი ხელშეკრულების რეალური უნივერსალურობის უზრუნველყოფა.

არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებების განსხვავებული სახელწოდებები – ტრაქტატი, პაქტი, კონვენცია და ა.შ., თუმცა ისინი არ განსხვავდება ერთმანეთისგან იურიდიული ძალის თვალსაზრისით და ნებისმიერის დასახელების შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულებას და წარმოშობს უფლება-მოვალეობებს მხარეთათვის. ვენის კონვენციის თანახმად, ხელშეკრულება ბათილია, თუ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. მის იმპერატიულ ნორმებს jus cogens, არღვევს სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს, ი. ე. იგი დადებულია სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ ძალის ან ძალისმიერი მუქარის, მოტყუების, მოსყიდვის გზით და ა.შ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები