სამხედრო ინფორმაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო ინფორმაცია - (ლათინური informatio – ახსნა, გადმოცემა) - სამხედრო ხასიათის ცნობები, აგრეთვე მათი გადაცემისა და მიღების პროცესი. სამხედრო ინფორმაციას განეკუთვნება მონაცემები, რომლებიც ეხება
- სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინას;
- სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალს;
- შეიარაღებული ძალების მშენებლობას და მათ საბრძოლო მზადყოფნას;
- ჯარების (ძალების) რაოდენობას, შემადგენლობას, მდგომარეობას, მათ საბრძოლო შესაძლებლობებს, საბრძოლო მოქმედებების წარმოების ხერხებსა და პირობებს;
- სამობილიზაციო რესურსების შემადგენლობას;
- სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ხარისხს და პერსპექტივებს;
- სამხედრო ხელოვნების განვითარების დონეს, ტენდენციებს და ა.შ.
სამხედრო ინფორმაციის მიღების შესაძლო წყაროებია:
- ზემდგომი და დაქვემდებარებული მეთაურები და მართვის ორგანოები;
- ყველა სახეობის დაზვერვის ძალები და საშუალებები;
- ადგილობრივი მცხოვრებნი;
- მეზობელი და სხვა ურთიერთმოქმედი ჯარების (ძალების) მართვის ორგანოები;
- ტყვეები, მოწინააღმდეგის მხარეზე გადასულები, დეზერტირები, მოწინააღმდეგის საბრძოლო დოკუმენტები, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ნიმუშები, აგრეთვე სხვადასხვა ცნობარები, ტოპოგრაფიული რუკები, აღწერილობები და სხვა.
სანდოობის ხარისხის მიხედვით სამხედრო ინფორმაცია იყოფა სანდო, შესაძლო, საეჭვო და ცრუ ინფორმაციად;
მნიშვნელობის მიხედვით – განსაკუთრებით მნიშვნელოვან, დიდმნიშვნელოვან და ჩვეულებრივ ინფორმაციად;
მასში შემავალი ცნობების ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს საგანგებო, სასწრაფო და მიმდინარე.