სამწევრისის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამწევრისის ტაძარი

სამწევრისის ტაძარი – (ინგლ. Samtsevrisi Orthodox Church), სამწევრისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, VII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამწერისის მახლობლად.

აღწერილობა

ნაგებობა დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე, რომლის ქვეშ განიერი ბაქანი კლდეს ემყარება. სამწევრისის წმ. გიორგის ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (9,6×8,8 მ, სიმაღლე გუმბათქვეშ 10,6 მ), ნაშენია მონაცრისფრო-მოყვითალო ქვიშა-ქვის კარგად გათლილი მოზრდილი კვადრებით. გეგმის ჯვრისებრი მოხაზულობა მკაფიოდაა გამოვლენილი ინტერიერში და გარე მასებშიც. ნაგებობის აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძი რამდენადმე წაგრძელებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა.

საკურთხევლის სარკმელი არქიტექტურული დეტალით

ეკლესიის ინტერიერი წარმოადგენს ერთიან სივრცეს. ცენტრალურ გუმბათქვეშა კვადრატში ყოველი მკლავის წინ დამატებულია განიერი თაღი. კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების სისტემით. ინტერიერში სარკმლების განთავსება მხატვრულად გააზრებულია: ერთი აღმოსავლეთითაა, საკურთხეველში, მეორე – სამხრეთით, შესასვლელის თავზე, მესამე – დასავლეთით, კამარასთან. სარკმლების განლაგების დონე თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ამით მიღწეულია შიდა სივრცის თანაბარი განათება. ჯვრის მკლავები გადახურულია ცილინდრული კამარებით. გუმბათის სფეროში რელიეფური ჯვარია. ეკლესიის ფასადებისა და ინტერიერის მხატვრულ-ტექნიკური გამომხატველობა მიღწეულია ოსტატურად ამოყვანილი კედლის სიბრტყეებით. მკაცრად არის დაცული წყობის რიგების ჰორიზონტალური სწორხაზოვნება. ფასადებზე შემკულობით ხაზგასმულია მხოლოდ შესასვლელი და სარკმლები. გუმბათის ყელში გაჭრილი ვიწრო სარკმლები მოურთველია, რადგან ისინი ქვევიდან ძნელად იკითხება. ძეგლზე შემორჩენილია ორი წარწერა. პირველი (აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის სათაურის ქვემოთ) X საუკუნისაა და სოფელ სამწერისში არხის გაყვანას გვაუწყებს; მეორე (სამხრეთ ფასადის ზემო მონაკვეთში) უშუალოდ ტაძარს ეხება: „მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან. ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვნეს ღმერთმან“. XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ამ ადგილის მფლობელებს – ფანასკერტელ-ციციშვილებს (კერძოდ, მერაბ ციციშვილს) ეკლესია შეუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა გიორგის სახელზე (თავდაპირველად წმ. ჯვარი ეწოდებოდა). წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა ეკლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა. ტაძარი გადახურული იყო კრამიტით. თავდაპირველ კრამიტთან ერთად გვხვდება XV-XVI საუკუნეების და XIX საუკუნის კრამიტიც. ძეგლი საგრძნობლად დააზიანა 1940 წლის ძლიერმა მიწისძვრამ, რის შემდეგაც მას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა (ხელმძღვანელი არქიტექტორი ლევან ხიმშიაშვილი).

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები