სამი სტილის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამი სტილის თეორია – მოძღვრება ენის სამ განსხვავებულ (მაღალ, საშუალო და დაბალ) სტილად დაყოფის შესახებ, რომელიც ცნობილია ანტიკური პერიოდიდან;

სამი სტილის თეორია ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთის და დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, მ. შ. საქართველოსთან ისე მჭიდროდ დაკავშირებულ ქვეყნებში, როგორიც იყო რუსეთი და სომხეთი. საქართველოში სამი სტილის თეორია შემოიტანა XVIII ს. მოღვაწემ. კათალიკოსმა ანტონ I-მა. თუმცა საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკულად ნაირსტილოვანი სალიტერატურო ენის გამოყენების შემთხვევები ანტონის წინადროინდელ მწერლობაშიც იყო გავრცელებული. მაგალითისათვის იოანე პეტრიწისა და სულხან-საბა ორბელიანის დასახელებაც საკმარისია. პეტრიწმა ფილოსოფიური ნაშრომებისათვის გამოიყენა „მდაბრიონთაგან მესხუვი“, ე. ი. მდაბიურისაგან განსხვავებული ენა, ხოლო საბა, რომლის ენაც, ჩვეულებრივ, ცოცხალ სასაუბრო მეტყველებაზე დამყარებული ახალი სალიტერატურო ენის ნიმუშად მოჰყავთ, თავის ნაწარმოებებში ხშირად ძველი ქართული სასულიერო მწერლობის სტილს მიმართავდა. ორი განსხვავებული სტილის გამოყენება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ. რაც XII და, განსაკუთრებით, მომდევნო საუკუნეებში სალიტერატურო ენის მკაცრი ნორმები დაირღვა და ცხადი გახდა განსხვავება ძველი სალიტერატურო ენასა და ახალი ცოცხალ სასაუბრო ენასთან დაახლოებულ. სალიტერატურო ენას შორის. ძველი სალიტერატურო ენა შემორჩა საეკლესიო ნაწარმოებებს, ამის გვერდით კი საერო მწერლობაში ცოცხალ სასაუბრო მეტყველებაზე დამყარებული სალიტერატურო ენა მკვიდრდებოდა.

რაც შეეხება სალიტერატურო ენაში სამი სტილის გამოყენების თეორიულ დასაბუთებას, ანტონმა იგი თავისი „ქართული ღრამმატიკის“ მხოლოდ I რედაქციაში (1753) წარმოადგინა.

ანტონი მწერლობის ნიმუშებს სამ სახედ ყოფს: პირველი სახის ნაწერები ნაკლებად შეიცავს „რჩეულსიტყვაობას“, მაგრამ ყველასათვის ადვილი გასაგებია. ასეთია სვინაქსართა და მოთხრობათა ენა. თუ ნაწარმოები ხალხისათვის არის განკუთვნილი, იგი პირველი სახის ენით უნდა იწერებოდეს. მეორე სახის ნაწერებში რჩეულსიტყვაობა მეტია, მაგრამ, სამაგიეროდ, ნაკლებ გასაგებიც არის. ასეთია საღვთო წერილის ენა. თუ ნაწარმოები სწავლას ან მოძღვრებას ეხება ან წმინდანთა წერილებს განმარტავს, საჭიროა მეორე სახის ენა, რათა სიტყვათა კეთილშობილება წინადადებათა კეთილშობილების მსგავსი იყოს და ღრმა აზრმა უბიძგოს მეცნიერთა გონებას მეტი სიღრმისაკენ. რაც შეეხება მესამე სახის ნაწერებს, მათ სრულად მოეპოვებათ რჩეულ სიტყვაობაცა და ტკბილმეტყველებაც, მაგრამ ისინი მხოლოდ მეცნიერთათვისაა ხელმისაწვდომი. იქვე ანტონი ჩამოთვლის ავტორებს, რომლებიც მესამე სტილით წერდნენ… თუ ნაწარმოები ბრძენთა და განსწავლულთათვისაა გამიზნული, მაშინ ის უნდა იწერებოდეს მესამე სახის ენით, რადგანაც სიტყვათა ბრწყინვალება და ფრაზების მჭევრმეტყველება მკითხველის გონებას გადააჩვევს სიზარმაცეს, აღაფრთოვანებს და, ამგვარად, უფრო დააინტერესებს მას ასეთი თხზულებებით.

ანტონის ინტერპრეტაციით, ნაირსტილოვანი სალიტერატურო ენის თეორია არ იძლეოდა სტილებრივი სხვაობის არავითარ წესებს და, ამდენად, არ არსებობდა სხვადასხვა სტილის ერთმანეთისაგან გამიჯვნის ობიექტური კრიტერიუმი. თვით ანტონისთვის, როგორც ჩანს, ეს თეორია მისაღები იყო იმდენად, რამდენადაც შესაძლებლობას აძლევდა, ეწერა მაღალი, ხელოვნური სტილით. საფიქრებელია, რომ ამიტომაც არ შეიტანა მან თავისი გრამატიკის II რედაქციაში მსჯელობა სამი სტილის თეორიის შესახებ.

ცხადია, ამ თეორიამ ანტონის ავტორიტეტისა და მისი ლიტერატურული სკოლის წყალობით გავლენა იქონია შემდეგდროინდელ გრამატიკოსებზე და, რა თქმა უნდა, მწერლებზეც. თუმცა მხედველობაში მისაღებია, რომ ორ განსხვავებულ სტილზე წერის ტრადიცია, ანტონის თეორიის გავლენის გარდა, წინამორბედთა ტრადიციის გათვალისწინებითაც შეიძლება აიხსნას. სამი სტილის თეორია თეორიად დარჩა, არსებითად მხოლოდ მაღალი და დაბალი სტილით წერის საკითხი იდგა.

ერთი მხრივ, გაუგებარი, მძიმე და, მეორე მხრივ, სადა, მარტივი ენით წერის შესანიშნავ საილუსტრაციო მაგალითებს გვაწვდის ჟურნ. „ცისკარი“, XIX ს. შუა წლების ერთადერთი ბეჭდვითი ორგანო. იმ მწერლებიდან, რომლებიც „ცისკართან“ თანამშრომლობდნენ, განსაკუთრებით მძიმე ენით გამოირჩეოდნენ ი. ლორთქიფანიძე, დ. ბაგრატოვანი, ლ. ისარლოვი, დ. ციციშვილი, ს. მამაცოვი, ალექსიევ-მესხიევი, ბ. ჯორჯაძე, ა. სვანელი…; სადა, მარტივი ენით წერდნენ დ. ყიფიანი, გ. ერისთავი, ი. კერესელიძე, ლ. არდაზიანი, დ. ჭონქაძე, ა. ორბელიანი

თუმცა ანტონის მიმდევრების უმეტესი ნაწილი თეორიულ წერილებში, რომლებიც ქართული ენის „სიწმინდეს” შეეხებოდა, სალიტერატურო ენაში სამ განსხვავებულ სტილს გამოყოფდა (ა. ორბელიანი, დ. ბაქრაძე), მაგრამ ზოგჯერ ფაქტობრივი ვითარება და, როგორც ჩანს, ის გარემოებაც, რომ წინადროინდელ მწერლობაში სასულიერო და საერო თხზულებები სხვადასხვა სტილით იწერებოდა, აიძულებდა ზოგ მათგანს ეღიარებინა, რომ არსებითად მხოლოდ ორი სტილი („ენა“) არსებობდა (ა. ორბელიანი, ლ. არდაზიანი).

ბოლოს და ბოლოს, ნაირსტილოვანი ენის ნორმებით ხელმძღვანელობის შეუძლებლობა თვით ამ თეორიის მომხრეებმაც იგრძნეს და სხვადასხვანაირი სტილით წერის საჭიროებაში ეჭვი შეიტანეს. ამ მხრივ ცნობილია ა. ორბელიანის, დ. ბაქრაძისა და ლ. არდაზიანის წერილები, რომლებშიც საღი მოსაზრებები საკმაოდ მკვეთრად გამოითქვა, მაგრამ არც შედეგი ჩანდა და არც მათი საქმის განმახორციელებელი, სანამ სალიტერატურო ენის დიდი რეფორმის ძნელი და პასუხსაგები საქმე არ იტვირთა ი. ჭავჭავაძემ. იგი თამამად გამოვიდა ანტონის ორთოგრაფიული წესების წინააღმდეგ, ერთბაშად უკუაგდო მანამდე ქართულ ენაში გაბატონებული ხელოვნური კონსტრუქციები, არ მოერიდა მაღალი სტილისათვის უჩვეულო სიტყვებისა და გამოთქმების ხმარებას და ქართველ საზოგადოებას გასაგები, ჭეშმარიტად ხალხური ენის ნიმუში მისცა.

ე. ბაბუნაშვილი


ლიტერატურა

  • ორბელიანი ალ. ქართულის ენისათვის, ტფ. 1856;
  • მისივე, ქართული უბნობა ანუ წერა. – „ცისკარი“, 1860. №6;
  • არდაზიანი ლ. Беглей абзор 12 книжок „Заря“ с январь по декабрь 1858 г. – ნ. ბერძენოვისა. –
  • „ცისკარი“. 1859, №9;
  • ბაქრაძე დ. წიგნი მოწერილი თ. ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანისადმი შესახებ მისის „ქართულის უბნობისა ანუ ჯერისა“. – „ცისკარი“. 1860, №8;
  • გოგიბერიძე მ. იოანე პეტრიწი და მისი მსოფლმხედველობა. – იოანე პეტრიწი, შრომები, ტ. 1, თბ., 1940;
  • ჩიქობავა არნ. ქართული ენის ზოგადი დახასიათება. – ქეგლ, ტ. 1. თბ., I950;
  • გიგინეიშვილი ი. ილია ჭავჭავაძე და ახალი ქართული სალიტერატურო ენა. – „თსუ შრომები“, 1958, ტ. 69; მისიე სულხან-საბა ორბელიანის ენისათვის. – წგ. სულხან-საბა ორბელიანი. საიუბილეო კრებული. თბ., 1959;
  • ბაბუნაშვილი ე. სამი სტილის თეორია ქართულ მწერლობაში, – „თსუ შრომები“, 1963. ტ. 96;
  • მისივე, ანტონ პირველი და ქართული გრამატიკის საკითხები, თბ. (1970).

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები