ჭონქაძე დანიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანიელ ჭონქაძე

ჭონქაძე დანიელ – (1830-1860), პროზაიკოსი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი.

სწავლობდა კავკავის სასულიერო სასწავლებელში (1839-45) და თბილისის სასულიერო სემინარიაში (1845-51). კარგად ფლობდა ოსურ ენას და ასწავლიდა კიდეც მას სტავროპოლის, შემდეგ — თბილისის სასულიერო სემინარიაში (1855). პარალელურად მსახურობდა სასულიერო სინოდის კანტორაში მაგიდის უფროსად (1859 წლიდან).

დ. ჭონქაძის ერთადერთი გამოქვეყნებული მხატვრული ნაწარმოები იყო ცნობილი „სურამის ციხე“ (დაიბეჭდა 1859-60 წწ. ჟურნალ „ცისკარში“). მოთხრობაში გამოყენებულია სურამის ციხის აგების ლეგენდა, რაც განუმეორებელ კოლორიტს სძენს დღევანდელი გაგებით უკვე საკმაოდ ტრივიალურ თემაზე შექმნილ ნაწარმოებს (ყმა გლეხთა დუხჭირი ყოფა, ბატონსა და ყმას შორის არსებული სასტიკი წინააღმდეგობა, ჩაგრული ხალხის ფეხქვეშ გათელილი ადამიანური ღირსება, ცრუმორწმუნეობით აღძრული უბედურება, სავაჭრო ბურჟუაზიის პირველი ნაბიჯები საქართველოში). ლეგენდურისა და ყოფით-რეალურის საიმდროოდ უჩვეულო შერწყმა, ავტორის დახვეწილი ფსიქოლოგიზმი, საინტერესო ხასიათების გამოძერწვის უნარი, სიუჟეტისა და კომპოზიციის მახვილი გრძნობა და ორიგინალური სტილი იყო მიზეზი იმ ხიბლისა, რომელიც იმთავითვე ახლდა და დღემდეც შემორჩა „სურამის ციხეს“. მოთხრობას დაბეჭდვისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას სპეციალური წერილები უძღვნეს ა. ორბელიანმა, ა. ფურცელაძემ, კ. ლორთქიფანიძემ. დავით მესხის მიერ პიესად გადაკეთებული „სურამის ციხე“ იდგმებოდა XIX ს. თეატრში. ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში ნაწარმოები ხელახლა გადაკეთდა პიესად და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენას დიდხანს შერჩა. „სურამის ციხე“ არაერთხელ გამოიცა ცალკე წიგნადაც.

დ. ჭონქაძემ რუსეთის აკადემიის დავალებით შეადგინა რუსულ-ოსური ლექსიკონი (რომლის ნაწილმა ჩვენამდეც მოაღწია), ოსურ ენაზე თარგმნა ბასილი დიდის წირვა, ქართული ანდაზები, თქმულებები და ზღაპრები, შეაგროვა ქართული და ოსური სიტყვიერების ნიმუშები (ნაწილი გამოქვეყნდა 1868 წ.). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ოსი ხალხის ცხოვრების, ოსური ენის შესწავლის საქმეში. ჰქონდა სპეციალური გამოკვლევები ოსების შესახებ.


თხზულებები

  • სურამის ციხე, 1974.

ლიტერატურა

  • მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, 1954;
  • ს. ხუციშვილი, დანიელ ჭონქაძე, 1960.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები