სათნოების კიბე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სათნოების კიბე (კლემაქსი)

სათნოების კიბე - არის ბერ-მონაზონთათვის ანუ ზეციური მოქალაქეობის მსურველთათვის ღირსი იოანე სინელის მიერ შედგენილი სწავლა-მოძღვრებითი წიგნი, მას წმიდა მამები ცად ამყვან კიბესაც უწოდებენ. ყველას ვინც ესწრაფვის, რომ მათი სახელები ზეცაში, ცხოვრების წიგნში ჩაიწეროს, წინამდებარე წიგნი საუკეთესო გზას უჩვენებს. ამ გზაზე ასვლისას იგი უცთომელი წინამძღვარია მათთვის, ვინც მის მითითებებს მიჰყვება, ყოველგვარი დაბრკოლებებისაგან უვნებლად დაიცავს მათ და ჩვენს წინაშე წარმოგვიდგენს განმტკიცებულ კიბეს, რომელიც მიწიდან წმიდათა წმიდისაკენ მიემართება და რომლის მწვერვალზეც დამყარებულია ღმერთი სიყვარულისა.

ამ კიბეს ოცდაათი საფეხური აქვს. პირველი იწყება სოფლისაგან განშორებით, ხოლო ოცდამეათე თავდება სიყვარულის, სარწმუნოებისა და სასოების საფეხურით. რიცხვი 30 სიმბოლურად აღნიშნავს იესო ქრისტეს ასაკის სისრულეს ნათლისღებამდე.

ღირსი იოანეს ბიოგრაფიაში არ ჩანს მისი დაბადების თარიღი, ქვეყანა ან ქალაქი. მხოლოდ ცნობილია, რომ ბერად 16 წლისა აღიკვეცა, 75 წლის ასაკში სინას მთის მამასახლისად აკურთხეს და 95 წლისა გარდაიცვალა. მისი ხსენების დღეა 30 მარტი (ძვ. სტ.).

„სათნოების კიბე“ იოანე სინელმა დაწერა რაითის მამასახლისის - წმ. იოანეს - თხოვნით, რომელსაც სურდა, რომ ღირს იოანე სინელს ყველაფერი დაწვრილებით აღეწერა, რაც მონაზვნური ცხოვრების მისაღწევად და ზეციურ ქალაქში სამუდამოდ დამკვიდრებისათვის არის საჭირო. ილუსტრაციიდან კარგად ჩანს, თუ როგორ მცირე რაოდენობის ადამიანი აღწევს კიბის ბოლო საფეხურს, სადაც დგას იესო ქრისტე. ისიც კარგად ჩანს, რომ ვისაც არა აქვს 30 სათნოება დაგროვილი, მას კიბის ქვეშ მყოფი ეშმაკები თოკებით პირდაპირ ჯოჯოხეთში ყრიან.

რაითის მონასტერი, რომლისგანაც დღეისათვის მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი, სინას მონასტრიდან ორი დღის სავალზე მდებარეობდა შავი ზღვის მეტად თვალწარმტაც ყურეში, ელიმის სიახლოვეს, სადაც ებრაელმა ერმა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ მეორედ შეისვენა და აქ იპოვა 70 პალმა და 12 წყარო (გამოსვ. 15,27).

იოანე სინელის კიბე ანუ ბერძნულად „კლემაქსი“ მოკლედ ასე გამოიყურება:

I. სოფლისაგან განშორებისათვის;
II. ამ სოფლისა და მის საქმეთა მოძულებისათვის;
III. უცხოობისათვის;
IV. მორჩილებისათვის
V. სინანულისათვის;
VI. სიკვდილის მოხსენებისათვის;
VII. ცოდვათაგან განმწმენდელი გლოვისათვის;
VIII. ურისხველობისათვის;
IX. მოშურნეობისათვის;
X. ბოროტმეტყველებისათვის;
XI. დუმილისათვის;
XII. ტყუილისათვის;
XIII. მოწყინებისათვის;
XIV. ნაყროვანებისათვის;
XV. სიძვისათვის;
XVI. ვერცხლისმოყვარეობისათვის;
XVII. უპოვარებისათვის;
XVIII. ულმობელობისათვის;
XIX. ძმათა შორის ფსალმუნებისათვის;
XX. მღვიძარებისათვის;
XXI. მოშიშობისათვის;
XXII. ზვიადობისათვის;
XXIII. ამპარტავნებისა და გმობისათვის;
XXIV. სიმშვიდისა და სიწრფელისათვის;
XXV. სიმდაბლისათვის;
XXVI. განსჯისა და გულისხმიერებისათვის;
XXVII. დაყუდების, განშორებისა და გონების დაცვისათვის;
XXVIII. გონიერი ლოცვისათვის’
XXIX. უვნებლობისათვის;
XXX. სიყვარულის, სარწმუნოებისა და სასოებისათვის.


წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები