საერთაშორისო მდინარეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო მდინარეები – საერთაშორისო ხასიათის საწყალნაოსნო გზები, რომლებიც გადის ორი ან მეტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და სანაპირო ქვეყნების საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობების საგანს წარმოადგენს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ საერთაშორისო მდინარეებს, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის, თუმცა ეს არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რადგან საერთაშორისო მდინარეები გამოიყენება სამრეწველო და სამეურნეო მიზნებითაც. რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიის გადაკვეთა საერთაშორისო მდინარეებით ქმნის სანაპირო სახელმწიფოების ინტერესების ურთიერთკავშირს, რაც განაპირობებს მათ ურთიერთ ინტერესებსა და ვალდებულებებს. ძირითადი წესი, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს, ითვალისწინებს, რომ ყველა სანაპირო სახელმწიფომ ისე უნდა გამოიყენოს საერთაშორისო მდინარეების წყლები, რომ არსებითი ზიანი არ მიადგეს სხვა სანაპირო სახელმწიფოების ინტერესებს. ყველა სახელმწიფოს აქვს საერთაშორისო მდინარეების გამოყენების თანასწორი უფლება, მდინარის ცალკეული ნაწილები შედის შესაბამისი სანაპირო ქვეყნის ტერიტორიის შემადგენლობაში და იმყოფება მისი სუვერენიტეტის ქვეშ. ნაოსნობის რეჟიმი საერთაშორისო მდინარეებზე დგინდება სანაპირო სახელმწიფოების მიერ, მხოლოდ მათ აქვთ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის შემადგენლობაში შემავალ მდინარეებში თავისი ხომალდების გატარების უფლება დადებული შეთანხმების და შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, თუმცა ხშირად, სავაჭრო ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო მდინარეები ღიაა ყველა ქვეყნის გემებისათვის.

საერთაშორისო მდინარეებზე ნაოსნობის შესახებ დებულებებს შეიცავს ბარსელონის კონვენცია და სტატუტი საერთაშორისო მნიშვნელობის ნავიგაციური საწყლოსნო გზების რეჟიმის შესახებ (1921), რომლითაც გამოცხადდა თავისუფალი ნაოსნობა წევრი-ქვეყნების ხომალდებისათვის, თუმცა კონვენციას ფართო პრაქტიკული გამოყენება არ მოჰყოლია.

თანამედროვე პერიოდში უცხოეთის გემების გასვლის პირობები და წესები განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სანაპირო სახელმწიფოების შესაბამისი შეთანხმებით, რომლის შესრულების მიზნით იქმნება სპეციალური კომისიები სანაპირო სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან.

საერთაშორისო მდინარეებია დუნაი, რაინი, კონგო, ნილოსი და ა.შ. საერთაშორისო ნაოსნობა დუნაიზე რეგულირდება კონვენციით დუნაიზე ნაოსნობის რეჟიმის შესახებ (1948), რომლის თანახმად ნავიგაცია დუნაიზე უნდა იყოს თავისუფალი და ღია ყველა სახელმწიფოს მოქალაქეების, სავაჭრო გემებისა და საქონლისათვის თანასწორობის პრინციპის დაცვით სანავიგაციო გამოსაღებების და ნაოსნობის პირობების მიმართ. აკრძალულია არა დუნაისპირა ქვეყნების სამხედრო გემების გავლა დუნაიზე. დუნაისპირა ქვეყნების სამხედრო, პოლიტიკური და საბაჟო გემების გავლა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე – შესაბამისი სანაპირო სახელმწიფოს თანხმობით.

კონვენციის შესრულებას ზედამხედველობას უწყეს დუნაის კომისია, რომელიც ახორციელებს სანაპირო სახელმწიფოთა საქმიანობის კოორდინაციას, ხელს უწყობს სახელმწიფოთა თანამშრომლობას ამ სფეროში, ატარებს კონსულტაციებს, იძლევა რეკომენდაციებს და ა.შ.

საერთაშორისო მდინარეების არასანაოსნო გამოყენება ითვალისწინებს კაშხლების აგებას ჰიდროელექტრო სადგერებისა და ირიგაციისათვის, თევზჭერას და ა.შ. არასანაოსნო მიზნებით საერთაშორისო მდინარეების გამოყენების საკითხები რეგულირდება სანაპირო სახელმწიფოებს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე მათი ურთიერთ ინტერესების გათვალისწინებით. რაინის საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმი დადგენილია მანჰაიმის აქტით (1868) და ვერსალის საზავო ხელშეკრულებით (1919), რომელთა თანახმად გამოცხადებულია თავისუფალი ნაოსნობა ყველა ქვეყნისათვის. მანჰაიმის აქტის წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს დამატებით ოქმს 1979. რომლითაც შეიზღუდა კომერციული ოპერაციების თავისუფლება ტვირთის გადატანისას იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ არიან მანჰაიმის აქტის მონაწილეები. ჩრდილოეთ ამერიკაში ნაოსნობის თავისუფლება ენიჭება სანაპირო სახელმწიფოებს (მდ. კოლორადო, რიო-გრანდე, წმ. ლაერენტის მდინარე). სამხრეთ ამერიკაში ამაზონი და ლა-პლატა ღიაა არასანაპირო ქვეყნებისათვის. არასანაოსნო მიზნებით გამოყენების საკითხებს არეგულირებს სპეციალური შეთანხმება ლა-პლატის ჯგუფის ქვეყნებს შორის – არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი, კონგოს, ნიგერიის, ნილოსისა და სხვა. საერთაშორისო მდინარეების რეჟიმები განისაზღვრება სანაპირო სახელმწიფოთა შორის დადებული შეთანხმებების საფუძველზე.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები