სადმელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სადმელი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბოსტანა, კლდისუბანი, ღვიარა, ძირაგეული). მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა და მდინარე რიცეულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ამბროლაურიდან 5 კილომეტრი.

სოფელს, როგორც ჩანს, სახელი გაუთქვა ადგილობრივმა ვაზის საუკეთესო ჯიშმა სადმელურმა მწვანემ, რომლისგანაც რაჭველები მაღალი ხარისხის ღვინოს აყენებენ. სადმელი რამდენიმე დიდი უბან- სოფლისაგანაა წარმოქმნილი. ეს უბნებია: კანაფეული, სამგლიანი, ქოველი, ჭარბეული. სადმელი თავისი ისტორიული ციხე-სიმაგრით კარგად იყო ცნობილი გვიანფეოდალური ხანის საქართველოში: „სადმელს არს ციხე კლდესა ზედა შენი, შეუალი მტრისა… ხოლო ხიდის კარიდამ წავალს მცირე მთა კლდიან-ქარაფიანი ჩდილოთ, ვიდრე კავკასამდე. ამაზედ არს ეკლესია თხემსა ზედა შენი, წმიდის გიორგისა, სასწაულიანი. უწოდებენ მთითურთ ველიეთსა. ამ ეკლესიაზედ გარდავალს გზა სადმელს და თვინიერ მისა არა სადა…

სახელწოდება

სადმელელებსს თავიანთი სოფლის სახელწოდების წარმოშობის თაობაზე ერთობ უცნაური ლეგენდა შეუქმნიათ:

„ერთხელ თამარ მეფე წამოსულა თავისი ამალით სვანეთში. გზად ლამაზი მელია დაუჭერიათ, ამოუშენებიათ ქვის ყორე და მელია შიგ ჩაუსვამთ, დავბრუნდებით და წავიყვანთო. როცა სვანეთიდან დაბრუნებულან, მეფეს და მის ამალას მელა იქ აღარ დახვედრიათ. დაუწყიათ ძებნა, თან იქაურ ხალხს ეკითხებიან: სადაა მელა? მათ უთქვამთ, არაფერი ვიცით, სად ჩვენ- სად მელაო?! მერე სოფლისთვისაც სადმელა ანუ სადმელი შეურქმევიათ“ (რეზო სამსონის ძე კერესელიძე, ქ.თბილისი).

აშკარაა, რომ ამ გადმოცემას სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენი ვარაუდით ტოპონიმი სადმელი წარმოქმნილია ადამიანის სადაურობა-წარმომავლობის მიმანიშნებელი -ელ სუფიქსით, რაც ამ სოფლის მიგრირებული მოსახლეობის მიერ შექმნაზე მეტყველებს (შდრ. ურავ-ელ-ი, ხორხ-ელ-ი, ყვარ-ელ-ი…) ასეთ ძირეულ სოფლად მიგვაჩნია სამცხის ისტორიული პუნქტი სმადა, რომლისაგანაც უნდა მიგვეღო სმად-ელ-ი, ხოლო აქედან – სადმელი (ფუძეში მეტათეზისის გზით, რისთვისაც ხელი უნდა შეეწყო სახელის დეეტიმოლოგიზაციას).


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები