საგადასახდელო ბალანსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საგადასახდელო ბალანსი - (balance of payments), ქვეყნის ტრანსაქციები დანარჩენ მსოფლიოსთან, რომელიც მოიცავს როგორც როგორც სავაჭრო, ისე ფინანსურ ნაკადებს, დაჯამებული ანგარიშების სახით. სტატისტიკური ანგარიში, რომელიც გამოხატავს თანაფარდობას ქვეყნის მიერ საზღვარგარეთიდან მიღებულ ფულად შემოსავლებსა და სხვა ქვეყნებისათვის გადახდილ გადასახდელებს შორის დროის გარკვეულ მონაკვეთში. მასში ასახულია ეკონომიკური ოპერაციების ერთობლიობა ეროვნულ ეკონომიკასა და დანარჩენ სამყაროს შორის.

არსებობს აქტიური და პასიური საგადასახდელო ბალანსები. ტერმინი - საგადასახდელო ბალანსი გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია „საბაზრო საგადასახდელო ბალანსი” და „საანგარიშსწორებო საგადასახდელო ბალანსი”. პირველი ტერმინი გამოხატავს მიმდინარე თანაფარდობას გადასახდელების ორ ნაკადს შორის - ქვეყანაში შემოსულ და მისგან გასულ ნაკადებს შორის. მეორე ტერმინი - საანგარიშსწორებო საგადასახდელო ბალანსი - სტატისტიკური ანგარიშია. იგი აღრიცხავს ეკონომიკური ოპერაციების ერთობლიობას ეროვნულ ეკონომიკასა და დანარჩენ სამყაროს შორის დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ანუ ასახავს საქონლის, მომსახურების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ნაკადების მოძრაობას ეროვნულ ეკონომიკასა და საზღვარგარეთს შორის.

საგადასახდელო ბალანსი არეგისტრირებს ოპერაციებს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის. სტრუქტურულად იგი შედგება სამი ძირითადი ანგარიშისაგან. ესენია: მიმდინარე ანგარიში, კაპიტალის ანგარიში და ფინანსური ანგარიში. მიმდინარე ანგარიში მოიცავს სავაჭრო ბალანსს, შემოსავლის ბალანსსა და მიმდინარე ტრანსფერებს. კაპიტალისა და ფინანსური ანგარიში მოიცავს: კაპიტალურ ტრანსფერებს, პირდაპირ ინვესტიციებს, პორტფელის ინვესტიციებსა და სხვა ინვესტიციებს. მონაცემები საგადასახდელო ბალანსის შესახებ გვაძლევს საშუალებას წარმოდგენა ვიქონიოთ ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე, ვინაიდან ისინი ასახავენ ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას საერთაშორისო ბაზარზე. დადებითი საგადასახდელო ბალანსი მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეული დროის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში შემოდის იმაზე მეტი ფული, ვიდრე გადის იმავე პერიოდში.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები