რობოამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობოამი

რობოამი - („ერის ორად გამყოფი“) – გაერთიანებული ისრაელი-უდეის მეფის, სოლომონის ვაჟი და მემკვიდრე, იუდეის მეფე (დაახლ. ძვ.წ. 922-917 წ. მეორე მოსაზრებით ძვ.წ. 932-914წ.). იმეფა 17 წელიწადი. რობოამის მეფობისას გაიყო ისრაელის სამეფო ორ ნაწილად, ისრაელად და იუდეად

რობოამმა მეფობა წარუმატებლად დაიწყო. ბიბლიის მიხედვით ერის ორად გაყოფა ამ მოვლენამ გამოიწვია: სოლომონის მეფობისას ხალხი დიდ გადასახადებს იხდიდა, ისინი შეიკრიბნენ და რობოამს მოსთხოვეს, რომ გადასახადი შეემცირებინა. ამით მეფეს კარგი შანსი ჰქონდა ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა მოეპოვებინა თუ გადასახადებს შეამცირებდა, ამას მას უხუცესებიც ურჩევდნენ, მაგრამ მეფემ თავის სულელ მეგობრებს მოუსმინა, ხალხს გადასახადი არ შეუმცირა და კიდევ უფრო გაუზარდა, ამიტომ განრისხებულმა ისრაელიანებმა იერობოამის მეთაურობით აჯანყება მოაწყვეს. რობოამმა აჯანყების შეჩერება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, მისი გადასახადების ამკრეფი ხალხმა ქვით ჩაქოლა. განრისხებულმა მეფემ ჯარი შეკრიბა და ძალით უნდოდა აჯანყებულთა განადგურება, როცა წინასწარმეტყველებმა მას შეატყობინეს, რომ მისი ეს მოქმედება უფლის ნებას ეწინააღმდეგებოდა. რობოამი იძულებული გახდა ლაშქრობა შეეწყვიტა, რადგან მეფე და ხალხი აუცილებლად ღმერთს უნდა დამორჩილებოდნენ.

ისრაელის ერთიანი სახელმწიფო ორად გაიყო: ისრაელად და იუდეად. ისრაელის სამეფო ებრაელთა 10 ტომისგან შედგებოდა, დედაქალაქად ჯერ შექემი შემდეგ კი სამარია ჰქოდა და მას იერობოამი მართავდა, იუდეის სამეფო 2, იუდას და ბენიამინის ტომებისგან შედგებოდა, დედაქალაქი იერუსალიმი იყო ხოლო მეფე რობოამი. იერობოამი და რობოამი მთელი მმართველობის განმავლობაში ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იყვნენ და სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს.

რობოამის მეფობიდან მესამე წელს იუდეის სამეფოს ეგვიპტის ძლიერი ფარაონი, შეშონქ I (ბიბლიაში სუსაკიმი) დაესხა თავს, რომელმაც ააოხრა და გაძარცვა მთელი სამეფო. ეგვიპტურ ისტორიულ წყაროში, რომელიც ფარაონი შეშონქ I-ის დროით თარიღდება აღწერილია ის მეფეები, რომლებიც ფარაონმა შეიპყრო ტყვედ, მათ შორისაა რობოამიც, სოლომონის მემკვიდრე და იუდეის მეფე. ამის დამამტკიცებელი საბუთია ძველი ეგვიპტური ტაძრის, კარნაკის კედლის წარწერა და ნახატი, სადაც მეფე რობოამია გამოსახული და ჩამოთვლილია იუდეის ის ქალაქები, რომლებიც შეშონქ I-მა აიღო. ბიბლიის მიხედვით შეშონქი ანუ სუსაკიმი იერუსალიმის დამპყრობლადაც მოიხსენიება, საიდანაც მან დიდძალი განძი გაიტანა.

რობოამი თავის ბრძენ მამას, სოლომონს არ ჰგავდა და სამეფოს ცუდად მართავდა, ხალხში წარმართობაც კი გავრცელდა. რობოამმა 17 წელიწადი იმეფა და იერუსალიმში გარდაიცვალა. მის მაგივრად გამეფდა მისივე ვაჟი აბია.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები