შეშონქ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შეშონქ I

შეშონქ I - (ჰედჯჰეპერა სეტენპენრა მარიამონ შეშონქ I, ბიბლიური სუსაკიმი, დაახლ. ძვ.წ. 945-924), ეგვიპტის ფარაონი. ეგვიპტის XXII ლიბიური დინასტიის დამაარსებელი ბუბასტისიდან. შეშონქ I ეგვიპტელებთან ასიმილირებული მდიდარი და გამოჩენილი ლიბიური ოჯახიდან იყო.

შეშონქ I ეგვიპტის XXI დინასტიის ფარაონის, პსუსენეს II-ის არმიის მხედართმთავარი და სამეფო კარის ვეზირი იყო. ამას გარდა მამისგან ერთ-ერთი ლიბიური ტომის, მაშეაშის ბელადობა მიიღო. ზუსტად არ არის ცნობილი მოახდინა თუ არა შეშონქმა გადატრიალება სამეფოს ხელში ჩასაგდებად, თუმცა ის ცნობილია, რომ მისი ბიძა, ოსორკონი XXI დინასტიის კანონიერი ფარაონი იყო. როდესაც შეშონქ I-მა სამეფო ტახტი დაიკავა მან ახალ, XXII ლიბიურ დინასტიას დაუდო საფუძველი. ახალმა ფარაონმა ეგვიპტის დედაქალაქად ბუბასტისი აირჩია, ამიტომ XXII დინასტიას ბუბასტიდების დინასტია ეწოდა.

შეშონქ I-ს უნდოდა თავის მეფობა უფრო ლეგიტიმური გაეხადა და ახალი დინასტია ჩამოეყალიბებინა, ამიტომ თავის ვაჟს, ოსორკონი ეგვიპტის XXI დინასტიის ფარაონის, პსუსენეს II ქალიშვილზე დააქორწინა. თავდაპირველად შეშონქ I-ის ძალაუფლება მხოლოდ ნახევარ ეგვიპტეზე ვრცელდებოდა, მაგრამ მალე მან მთელი ეგვიპტე დაიკავა.

შეშონქ I ჭკვიანი და ანგარიშიანი კაცი იყო და მან დროებით მოახერხა ეგვიპტისთვის ძველი დიდების დაბრუნება. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ისრაელის სამეფოს მეფესთან, სოლომონთან, რომელსაც მისი ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. შეშონქ I-მა სოლომონს თავის მიერ დაპყრობილი ქალაქი გეზერიც კი აჩუქა. სოლომონის ეგვიპტელ ცოლს ისრაელის სამეფო კარზე ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა და მისთვის მეფემ მშვენიერი სასახლე ააშენა.

შეშონქ I-ს ძლიერ ისრაელთან დაახლოება უნდოდა ეგვიპტის ძლიერების განსამტკიცებლად. ფარაონი ცდილობდა როგორმე ისრაელის სამეფო დაეშალა და თავისი სიძის ზურგსუკან გამუდმებით იღწვოდა ამისთვის.

ეგვიპტეს პალესტინაში გავლენის დაბრუნება სურდა, როგორც რამზეს II-ის მეფობის პერიოდში. შეშონქ I ეგვიპტეში სოლომონის მტრებს კრებდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა მოქმედების დასაწყებად. სოლომონის მტერთაგან გამოირჩეოდა იერობოამი, რომელიც მეფის ბრძანებით გამოეძევებინათ ისრაელიდან. როდესაც სოლომონი გარდაიცვალა შეშონქი მიხვდა, რომ მოქმედების დაწყების დრო იყო. მან იერობოამი გააგზავნა ისრაელში და სოლომონის ვაჟს, რობოამს დაუპირისპირა. ხალხი ორად გაიყო, 10 ტომი იერობოამს მიემხრო და ისრაელის სამეფო დაარსეს, 2 ტომი კი რობოამისკენ დარჩა და იუდეის სამეფო შექმნეს.

შეშონქ I დიდი არმიით დაიძრა იუდეისკენ და რობოამს თავს დაესხა. მან გაანადგურა ქალაქები: ბეთ-ხორონი, გაბაონი, შარუჰენი, ბეთ-ანოთი, არადი, აიალონი, ირასუ.

შეშონქ I-მა იერობოამ I-ის სამფლობელოებიც არ დაინდო და ისრაელის ქალაქებიც გაანადგურა. აიღო მეგიდო, რესები, ტაანაჰი, სუნემი, ბეთ-შანი. შეშონქ I-მა იორდანიის გადაღმაც ილაშქრა და მახანაიმი აიღო. პალესტინიდან ეგვიპტის ჯარი მხოლოდ მაშინ გავიდა, როცა რობოამმა დიდი ხარკი გადაუხადა შეშონქ I-ს. ბიბლიის მიხედვით ეგვიპტელებმა იერუსალიმშიც ილაშქრეს და ქალაქი ნაწილობრივ გაანდგურეს. იერუსალიმის აღება კარნაკის წარწერებშიცაა მოხსენიებული.

პალესტინაში დიდებული ლაშქრობის აღსანიშნავად ფარაონმა შეშონქ I-მა კარნაკის ტაძრის სამხრეთ კედელზე წარწერები გააკეთებინა იუდეის განადგურების და იქიდან დიდი სიმდიდრით დაბრუნების შესახებ. ომის შემდეგ შეშონქ I სამშენებლო საქმიანობას შეუდგა. მან აღადგინა და დაამშვენა ეგვიპტური ტაძრები.

არსებობს ეგვიპტური ისტორიული წყაროები იმის შესახებ, რომ თითქოს შეშონქ I-მა ნუბიაშიც ილაშქრა, თუმცა ეს დამტკიცებული არ არის.

შეშონქ I ეგვიპტეს 21 წელიწადი მართავდა. პალესტინაში ლაშქრობის შემდეგ მან მხოლოდ ერთი წელი იცოცხლა და ძვ.წ. 924 წელს გარდაიცვალა. ფარაონი ტანისში დაკრძალეს.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები