რესტავრაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რესტავრაცია (ფრანგ. restauration), დაზიანებული ან მეტისმეტად დაძველებული ხელოვნების ნაწარმოების პირვანდელი სახით აღდგენა.

რესტავრაციის ძირითადი მიზანია ნაგებობის, კონსტრუქციის, დეტალის დანაკარგების (დეფექტი, ბზარი, ნახეთქი, დეფორმაცია და სხვ.) აღდგენა, გარეგნული სახის გაუმჯობესება და ზოგჯერ, დაკონსერვება. არსებობს რესტავრაცია კომერციული და სამუზეუმო. პირველ შემთხვევაში რესტავრაციის მიზანია ობიექტის ფუნქციონალურობის აღდგენა, მეორე შემთხვევაში კი – კონსევაცია, ანუ ობიექტის არსებული მდგომარეობის შენარჩუნება.

რესტავრაციისათვის გამოიყენება სხვადასხვა მასალები, როგორებიცაა: გრუნტი, საღებავი, ლაქი (ალკიდური, ზეთოვანი), წებო (ძვლის, თევზის, სადურგლო, კაზეინის და სხვ.), კირი, ცემენტი, ქაღალდი, პოლიმერი, ძვირფასი ლითონი (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ალუმინი, ბრინჯაო და სხვ.), შელაქი, ბუნებრივი ქვა, მინა და სხვ. თანამედროვე სარესტავრაციო ლაბორატორიები მუშაობაში იყენებენ სხვადსხვა სახის ინსტრუმენტებს (მიკროსკოპი, სპექტრომეტრი, რენტგენული აპარატები და სხვ.), რომელთა მეშვეობით შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრება ობიექტის აღდგენის ან დაკონსერვების მეთოდები. დღეისათვის, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, არსებობს საზოგადოება, რომელიც ყურადღებას აქცევს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას და ხელმძღვანელობს დაზიანებული ობიექტების რესტავრაციისა თუ დაკონსერვების საქმეს.

არქიტექურული ძეგლების რესსტავრაცია

არქიტექტურლი ძეგლის ან მისი ნაწილის აღდგენისა და განახლების პროცესი ისტორიული წარსულისა და ავთენტურობის გათვალისწინებით. ასეთი სამუშაოები ტარდება რესტავრაციის სპეციალიზებული ორგანიზაციების მიერ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის (არქიტექტორი, კონსტრუქტორი, ოსტატი-რესტავრატორი, ისტორიკოსი, საშენი მასალების ინჟინერი და სხვ.) მეშვეობით. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის მაგალითები ცნობილია ანტიკური (ძვ. წ. XI-IV სს.), ელინური (ძვ. წ. IV-I სს.) და რომის იმპერიის (ძვ. წ. I - ახ. წ. V სს.) პერიოდებიდან, როცა ხდებოდა ძეგლების რემონტი და განახლება.

არქიტექურული ძეგლების რესსტავრაციის ორი ძირითადი მიმართულება არსებობს: მხატვრული და ტექნიკური. მხატვრულ რესტავრაციას უძველესი ტრადიციები აქვს (მათ შორის საქართველოშიც), ხოლო ტექნიკური რესტავრაცია წარმოადგენდა ძეგლის კონსერვაციას და შემდეგში მის მოვლას (მაგ., კოლიზეუმი რომში). ამჟამად ახალი მიმართულებაც გაჩნდა „სამეცნიერო რესტავრაციის“ სახით, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს სარესტავრაციო მასალების შერჩევას. არქიტექტურული ძეგლების რესტავრაციის მაგალითებია: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, კარკასონი, სენ-შაპელი საფრანგეთში, ვინძორების ციხე ინგლისში, რაბათი და ბაგრატის ტაძარი საქართველოში, უსპენსკის ტაძარი იაროსლავში (რუსეთის ფედერაცია) და სხვ.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები