რედუპლიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რედუპლიკაცია – (გვიანდ. ლათ. reduplication – გაორკეცება), სიტყვის, ფუძის, ძირის ერთი ან რამდენიმე ელემენტის განმეორება.

ფუძე შეიძლება იყოს გაორკეცებული მთლიანად და უცვლელად (ქაფქაფ-ი), ნაწილობრივ და ცვლილებებით:
1) ხმოვნის შენაცვლებით (ბალახ-ბულახი);
2) თავკიდური თანხმოვნის ცვლილებებით (გიჟმაჟი);
3) ბოლოკიდური თანხმოვნის დისიმილაციით (გორგოლია) და ა. შ.
ნაწილობრივი ან ცვლილებებით (მიახლოებითი) გაორკეცება ხშირად ფონეტიკური ცვლილების შედეგია (გოგორ-ა < გორ-გორ-აკ-ი). ზოგჯერ ფუძის ნაწილობრივი რედუპლიკაცია პირველადია: ჩვეულებრივ გვაქვს უშუალოდ მარცვლის ან ოდენ თანხმოვნის რედუპლიკაცია; (ღოღო „ზაქი“…).

რედუპლიკაცია გვხვდება სახელებში, ზმნებში, ზმნისართებში. მეტ-ნაკლებად გავრცელებულია სხვადასხვა წყობის ენებში (იბერიულ-კავკასიურში, ინდოევროპულში, თურქულში…). ცნობილია რედუპლიკაციის განსხვავებული სახეები: უკავშირო, ასინდეტური (ბუტბუტ-ი) კავშირიანი, კოპულატური: (ფეხ-და-ფეხ), მაერთხმოვნიანი: (ტყაპ-ა-ტყუპ-ი); ბრუნვისფორმიანი (ერთმანეთ-ი). რედუპლიკაცია დასტურდება რამდენიმე ფუნქციით:
1) თხზვის ერთ-ერთი სახეობა (პირისპირ, ბუტბუტ-ი). უფრო ხშირად თავს იჩენს ხმაბაძვითსა და ბგერწერით სიტყვებში;
2) სტილისტიკური საშუალება – აძლიერებს მნიშვნელობას: ბევრი, ბევრი ხალხი; პატარა, პატარა ლიფსიტა;
3) მორფოლოგიური, ფუნქციით გამოხატავს
ა) მრავლობითი რიცხვის სახელებში (შუმერ. ქურ – „ქვეყანა“, ქურქურ – „ქვეყნები“); მსაზღვრელის გაორკეცებით გამოხატულია მრავლობით რიცხვში ისეთ სახელთან, რომელთაც მრავლობითი რიცხვის ფორმები საერთოდ არ გააჩნიათ (ჩქარ-ჩქარი ელვა); ბ) განაწილებითობას რიცხვით სახელებში: ხუთ-ხუთ-ი;
გ) ხარისხს (აღმატებითს, ოდნაობითს) ზედსართავ სახელებში: ცხელ-ცხელ-ი (= უცხელესი) შავ-შავი (= მოშავო);
დ) მრავალგზისობას, განგრძობითობას ზმნებში: ხტუნვა-ხტუნვით მიდიოდა;
ე) პერფექტს (მაგ., ბერძნულში).

ლ. სანიკიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები