ჟენევის თათბირი 1954

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟენევის თათბირი 1954აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, სსრკ-ის, საფრანგეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. თათბირი (26.IV-21.VII) მოწვეულ იქნა ბერლინის თათბირის 1954 გადაწყვეტილების თანახმად კორეასა და ინდოჩინეთში მშვიდობის საკითხების განსახილველად. კორეის საკითხის განხილვისას კონფერენციაზე აგრეთვე დაშვებულ იქნენ კსდრ, სამხრეთ კორეა და კორეაში გაეროს ეგიდით ჩატარებული ოპერაციის მონაწილე 12 ქვეყანა (ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბელგია, ეთიოპია, თურქეთი, კანადა, კოლუმბია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, საბერძნეთი, ტაილანდი, ფილიპინები). რაიმე შეთანხმების მიღწევა ჟენევაში კორეის საკითხზე ვერ მოხერხდა მხარეთა დიამეტრულად საწინააღმდეგო პოზიციების გამო. ბევრად უფრო წარმატებულად მიმდინარეობდა ინდოჩინეთის საკითხის განხილვა, რომელშიც მონაწილეობის უფლება მიეცათ აგრეთვე ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკას, სამხრეთ ვიეტნამს, ლაოსს და კამბოჯას. საბოლოოდ, 20-21 ივლისს ხელმოწერილ იქნა შეთანხმებები, რომლებმაც ბოლო მოუღეს ვიეტნამში, ლაოსსა და კამბოჯაში 1945 წლის სექტემბრიდან მიმდინარე ომს.

ჟენევის თათბირის მონაწილეებმა, მათ შორის საფრანგეთმაც, აიღეს ვალდებულება, ეცნოთ ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა. ვიეტნამში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების თანახმად დაწესდა დროებითი სადემარკაციო ხაზი მე-17 პარალელის მახლობლად და განსაზღვრულ იქნა მეომარ მხარეთა ძალების ამ ხაზიდან გაყვანის ვადები. ლაოსისა და კამბოჯის თაობაზე ხელმოწერილი ანალოგიური შეთანხმების თანახმად ამ ქვეყნების ტერიტორიები უნდა დაეტოვებინათ საფრანგეთის კავშირის ძალებსა და ვიეტნამელთა შენაერთებს, ხოლო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატეტ-ლაოს წინააღმდეგობის ძალები უნდა გაეყვანათ ლაოსის ორ ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში. გარდა ამისა, ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯის ტერიტორიაზე აიკრძალა სხვა სახელმწიფოთა სამხედრო ბაზების შექმნა, საკუთრივ ეს სახელმწიფოები კი არ უნდა შესულიყვნენ რომელიმე სამხედრო ბლოკში. სამხედრო საკითხების განხილვის გარდა ჟენევაში მიღწეულ იქნა შეთანხმებები ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯის პოლიტიკური მოწყობის შესახებ. გადაწყდა, რომ 1955 ლაოსსა და კამბოჯაში, ხოლო 1956 ვიეტნამში ჩატარდებოდა საყოველთაო თავისუფალი არჩევნები ინდოჩინეთის სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე. ინდოჩინეთის საკითხზე მიღწეული შეთანხმებების პირობების შესრულებაზე კონტროლის გასაწევად ჟენევის თათბირზე შეიქმნა საერთაშორისო კომისია ინდოეთის (თავმჯდომარე), კანადისა და პოლონეთის წარმომადგენლების შემადგენლობით. თათბირის სამხედრო მუხლები ვიეტნამში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განსაზღვრულ დროში განხორციელდა. 1955-57 შესრულდა ლაოსსა ღა კამბოჯაში პოლიტიკური მოწესრიგების პირობებიც, მაგრამ ვიეტნამში არჩევნების ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა ქვეყნის შიგნით არსებული დიდი დაპირისპირების გამო.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები