პოლიტიკური ეკონომია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიტიკური ეკონომია - (political economy), მეცნიერება, რომელიც სათავეს იღებს XVIII საუკუნის უკანასკნელ მესამედში კლასიკურ-ლიბერალური ეკონომიკური მიმდინარეობის წარმოშობის საფუძველზე კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის სახით, თუმცა, ეს სახელწოდება პირველმა შემოიღო ფრანგმა ა. მონკრეტიენმა, როდესაც გამოსცა ნაშრომი „პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატი“ (1615).

კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის აღმოცენებით მეცნიერების ერთიან სისტემას გამოეყო ეკონომიკა, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება. კლასიკურმა პოლიტიკურმა ეკონომიამ ცოდნის მთელ არსენალს საკვლევი პრობლემის ირგვლივ მოუყარა თავი, სიღრმისეულად გააანალიზა და ერთიან სისტემაში მოაქცია. ამასთან, მან მეცნიერული კვლევის სფერო გააფართოვა და არ შემოიფარგლა მხოლოდ სოფლის მეურნეობით, მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სიმდიდრის წყარო უნდა ვეძიოთ არა მიმოქცევაში (მერკანტილისტური მიდგომა) ან მხოლოდ მიწათმოქმედებაში (ფიზიოკრატული მიდგომა), არამედ მთლიანად წარმოებაში. კლასიკური პოლიტიკური ეკონომია თავისი მასშტაბებითა და მეცნიერული სიღრმით, რეალური ეკონომიკური მოვლენებისა და ამოცანების ადეკვატური ახსნითა და სისტემური მიდგომით ჭეშმარიტ მეცნიერებად ჩამოყალიბდა, რომელიც საუკუნენახევარზე მეტ ხანს (XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე) საფუძვლად ედო მსოფლიოს წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას.

კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ბაზაზე აღმოცენდა სხვადასხვა ეკონომიკური მიმდინარეობა. ერთ-ერთი ასეთი მიმდინარეობაა მარქსისტული პოლიტიკური ეკონომია, რომელმაც ფართოდ მოიკიდა ფეხი და საპროგრამო დოკუმენტად იქცა სოციალისტური საზოგადოების აშენების მსურველი ქვეყნებისათვის. მარქსისტულმა პოლიტიკურმა ეკონომიამ, ერთი მხრივ, კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის მიერ გამოკვლეული ზოგიერთი თეორია განავითარა და გააღრმავა, მეორე მხრივ კი, კლასიკური პოლიტიკური ეკონომიისგან განსხვავებული თეორია შექმნა.

მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის კვლევის საგანი წარმოებით ურთიერთობათა განვითარების კანონზომიერებებია. მარქსისტულ პოლიტიკურ ეკონომიას დაუკავშირდა ლენინის თეორია, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა მარქსისტულ-ლენინური პოლიტიკური ეკონომია. ეს უკანასკნელი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილია კაპიტალიზმის, ხოლო მეორე - სოციალიზმის პოლიტიკური ეკონომია. კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია აგებულია მარქსის მოძღვრებაზე, ძირითადად მარქსის „კაპტალზე“, რომელშიც გაანალიზებულია იმდროინდელი კაპიტალიზმის ეკონომიკური სისტემა. მას აგვირგვინებს ლენინის იმპერიალიზმის თეორია. მეორე ნაწილი – სოციალიზმის პოლიტიკური ეკონომია ხოტბას ასხამს და იკვლევს იმ სოციალიზმს, რომელიც არსებობდა კომუნისტურ ქვეყნებში.

XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან მარქსისტულ-ლენინურმა პოლიტიკურმა ეკონომიამ, რომელიც საფუძვლად ედო საბჭოთა კავშირისა და სხვა კომუნისტური ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას, ადგილი დასავლურ თეორიებს დაუთმო.

თანამედროვე დასავლურ ლიტერატურაში ტერმინი - „პოლიტიკური ეკონომია“ გულისხმობს იმ პოლიტიკური ფაქტორების კვლევას, რომლებიც მოქმედებენ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. „ახალი პოლიტიკური ეკონომია“ შეისწავლის პოლიტიკისა და ეკონომიკის ურთიერთმოქმედების კანონზომიერებებს, ურთიერთკავშირს პოლიტიკური საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებსა და წმინდა ეკონომიკურ თეორიას შორის.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები