პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი – წესდება, რომელიც მონასტრის ამგებმა, ბიზანტიის პოლიტიკურმა და სამხედრო მოღვაწემ, დასავლეთის დიდმა დომესტიკოსმა, ეროვნებით ქართველმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ შეადგინა მის მიერ აგებული მონასტრისათვის. ტიპიკონი გრიგოლს ორ ენაზე შეუდგენია –ქართულად და ბერძნულად. ერთი ბერძნული ცალი, როგორც იურიდიული დოკუმენტი, სამეფო კანცელარიაში იყო დაცული კონსტანტინოპოლში, დანარჩენი კი მონასტერში რჩებოდა. ტიპიკონის ყველა ცალი თვით გრიგოლის მიერ იყო დამოწმებული. გრიგოლის ხელიდან გამოსული ეს ადრეული დედნები ამჟამად დაკარგულია.

1949 ბულგარეთში გაემგზავრა სამეცნიერო ექსპედიცია საქართველოდან, (ა. შანიძე, ს. ყაუხჩიშვილი და. ო. გიგინეიშვილი. სოფიის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში მუშაობისას მათ აღმოაჩინეს ტიპიკონის ქართული ნუსხა. გადაწერილი XIX. ს. ბოლოს (1954 ეს ნუსხა გამოსცა მ. თარხნიშვილმა ბელგიაში). უფრო გვიან (1951) ცნობილი გახდა ტიპიკონის ნუსხის არსებობა კ. ხიოსზე, კორაისის სახელობის ბიბლიოთეკაში. ხელნაწერი XIII ს-ისა აღმოჩნდა. ხიოსური ნუსხის ბერძნული ნაწილი ქართული თარგმანითურთ გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა 1963, ხოლო ქართული ტექსტი ხიოსის ხელნაწერის მიხედვით ა. შანიძემ დაბეჭდა ვრცელი გამოკვლევით, ლექსიკონითა და რუსული თარგმანით (ა. შანიძე, ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი. ტიპიკონის ქართული რედაქცია, თბ., (1971 ძველი ქართული ენის ძეგლები, I13).

ტიპიკონის ბერძნული და ქართული ტექსტები ძირითადად ერთი და იმავე შინაარსისაა, გარდა ზოგიერთი უმნიშვნელო სხვაობისა. გრიგოლი წერს, რომ „სიმტკიცე“, ე. ი. იურიდიული ძალა ბერძნულ ტექსტს ჰქონია, ხოლო მონასტრის ძმებისათვის მას ქართული ტექსტი შეუდგენია, „რამეთუ მონაზონნი მონასტრისა ჩემისანი გუარად ქართველნი არიან და არა იციან ბერძნული წარკითხვაი“. მონასტრის ძმათა და თავისი ქართველობა გრიგოლს არაერთგზის აქვს ნახსენები, საიდანაც ჩანს, რომ ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს გრიგოლ ბაკურიანის ძე სომეხი იყო. ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ტიპიკონში დაწვრილებით არის ჩამოთვლილი ის ადგილ-მამულები, გრიგოლმა რომ მონასტერს შესწირა; აქ არის აგრეთვე სიები სხვადასხვა ნივთებისა, რომლებიც გრიგოლმა გადასცა მონასტერს: ნათქვამია, რომ მონასტერი განთავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადისაგან: განსაზღვრულია მონასტრის ძმების სარჩო, დაწვრილებით არის აწერილი მათი ცხოვრების, მონასტრის ახალი წინამძღვრის დანიშვნის წესები და სხვ. ტიპიკონი უძვირფასეს მასალას იძლევა როგორც იმდროინდელი სამონასტრო ცხოვრების შესახებ, ისე საზოგადოდ XI ს, საქართულოს და ბიზანტიური ისტორიის საკითხებზე.

უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ტიპიკონს, როგორც ქართული ენის ძეგლს. ცნობილია, რომ XI ს. ძეგლთა უმრავლესობა სასულიერო მწერლობის ნათარგმნი ძეგლებია, ტიპიკონი კი ქართველის მიერ ქართულად დაწერილი ორიგინალური თხზულებაა. მისი ლექსიკა მდიდარია და მრავალფეროვანი: ჩამოთვლილია უამრავი რეალია, რომელთა აღმნიშვნელი ტერმინებიც უაღრესად საყურადღებოა; ძალზე საინტერესოა სიტყვათა ისტორიის დასადგენად ზოგიერთი ტერმინის ხმარება. მაგ., ტექსტში გვხვდება სიტყვები:.„გლეხი”, „ლარნაკი“ („კუბოს“ მნიშვნელობით), „ლიტონი“ (უბრალო), „ოსტიგანი“ (იგივე „კელარი“, ანუ სურსათ–სანოვაგის საქმის გამგე), „უღელი“, „უჴდური“ (რძის ნაწარმი), „ქორა-კანდელი“ (ჩამოსაკიდებელი სანათური ჭაღი), „ჭელტობა“ (თავისკენ მიკერძოება) და სხვ. ტიპიკონში მრავლად არის აგრეთვე ბერძნულიდან ნასესხები სიტყვები, რომელთაც მნიშვნელობა აქვს იმდროინდელი ბერძნული წარმოთქმის შესასწავლადაც.

მ. შანიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები