გრიგოლ ბაკურიანის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ ბაკურიანის ძე - (XIს. 20-იანი წწ., – 1086, სოფ. ბელიატოვო, ამჟამინდელი ბულგარეთის ტერიტორია), ბიზანტიელი მხედართმთავარი, სევასტოსი და დომესტიკოსი, ერისთავთა ერისთავ ბაკურიანის ძე. პეტრიწონში (ახლანდელი ბაჩკოვო, ბულგარეთი) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქართული მონასტრის დამაარსებელი (1083 წ.). რომელიც მაშინ ბიზანტიის იმპერიაში შედიოდა.

გრიგოლ ბაკურიანის ძე თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე იყო – მან გადამწყვეტი როლი შეასრულა, თავის თანამემამულე ბიზანტიელი დედოფალ მარიამ მართა-ყოფილთან ერთად, იმპერატორ ალექსი I-ის (1081-1118) გამეფებაში, რომელმაც საფუძველი დაუდო კომნენოსების (ბიზანტია) ახალ სამეფო დინასტიას. ცნობები გრიგოლ ბაკურიანის ძის შესახებ საისტორიო წყაროებში შემონახულია ქართულ, ბერძნულ, სომხურ ენებზე; ისინი როგორც ნარატიული, ასევე დოკუმენტურია. ეს წყაროები, როგორც წესი, მაღალი სანდოობით ხასიათდება და მათი გათვალისწინებით საკმაოდ დაწვრილებით შეიძლება გრიგოლ ბაკურიანის ძის ცხოვრების გზისთვის თვალის გადევნება. მის სახელთან დაკავშირებულია ბიზანტიური საკორპორაციო სამართლის ერთ-ერთი შესანიშნავი, სრულად შემონახული ძეგლი – „პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი“, შედგენილი ბერძნულ და ქართულ ენებზე (ზოგი ავტორის მოსაზრებით, სავარაუდოდ, სომხურ ენაზეც), რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, თუმცა გვიანდაწერილი (XII-XIII სს.) ხელნაწერებით.

თავისი წარმომავლობის, ბავშვობის, ყრმობისა და ჭაბუკობის წლების, ასევე თავისი ძმის, აბას მაგისტროსისა და საერთოდ, თავისი ოჯახის შესახებ გრიგოლ ბაკურიანის ძე მოკლედ, მაგრამ საკმაოდ ხატოვნად მოგვითხრობს პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის სხვადასხვა ადგილას; ტიპიკონში, როგორც წესი, თხრობა მიმდინარეობს პირველ პირში.

გრიგოლ ბაკურიანის ძეს 1064 წლისთვის ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთის მსხვილ ადმინისტრაციულ ერთეულში – იბერიის თემში ეკავა თანაშემწის თუ თანამმართველის საპატიო თანამდებობა. მისი რეზიდენცია ქ. ანისში იყო. ამ დროს თურქ-სელჩუკები მოადგნენ იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებს, მათ ალყა შემოარტყეს ანისს, რომელიც თავგანწირული, მაგრამ უშედეგო თავდაცვის შემდეგ მტერს ჩაბარდა იმ პირობით, რომ ქალაქის მცხოვრებლებსა და მის მმართველებს სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდათ.

როგორც ჩანს, გრიგოლ ბაკურიანის ძე არ შერისხულა – იგი გადაიყვანეს ბალკანეთში, სადაც იმპერიის მტრების წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლებში გარკვეული სამფლობელოებიც მოიპოვა. 1071 წ., ბალკანეთში წარმატებული სამსახურის შემდეგ, გრიგოლ ბაკურიანის ძე კვლავ გადაიყვანეს იბერიის თემის მმართველად აღმოსავლეთის დომესტიკოსის ტიტულით, ამჯერად მისი რეზიდენცია ქ. თეოდოსიოპოლში (კარინში) იყო. ამ თანამდებობაზე გრიგოლ ბაკურიანის ძე დაინიშნა მანასკერტის ცნობილი ბრძოლის (1071) შემდეგ, რომელშიც იმპერია სელჩუკებმა სასტიკად დაამარცხეს, ხოლო თვით იმპერატორი რომანოზ I დიოგენი ტყვედ ჩაიგდეს.

გრიგოლ ბაკურიანის ძის მმართველობის დროს იბერიის თემის ტერიტორია, XI ს. 40-იან წლებთან შედარებით, ბევრად შემცირდა. ამჯერად იგი შედგებოდა სამხრეთ ტაოს, კარინის და ყარსის მხარეებისა და შესაძლოა, ოლთისისგან. XI ს. 70-იანი წლებისთვის, სელჩუკთა ურდოების შემოტევამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ იმპერიას აღარ შეეძლო მარტო გამკლავებოდა. როგორც ჩანს, გადაწყდა ამ საქმეში ჩაებათ საქართველოს სამეფოც, რომელიც 60-იანი წლებიდან თვითონ განიცდიდა სელჩუკების თავდასხმებს – 1064 წ. ზაფხულში სელჩუკებმა დაიპყრეს და დაწვეს საქართველოს სამეფოს ერთ-ერთი ფორპოსტი აღმოსავლეთში ახალქალაქი. საქართველოსთან დაკავშირება გამოიხატა იმით, რომ 1073 წ. გრიგოლ ბაკურიანის ძე., აღმოსავლეთის დომესტიკოსი და იბერიის თემის დუკა, როგორც ჩანს, თავის ხელისუფალთა ნებართვით, გამოცხადდა საქართველოს მეფე გიორგი II-სთან (1072-1089) და გადასცა მას „კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანა“, რომელშიც იგულისხმება „ოლთისი, კარინი და ყარსი“. როგორც ჩანს, ამას ხელი შეუწყო გიორგი II-ის თურქ-სელჩუკებზე („სპარსებზე“) გამარჯვებამაც 1073 წ. ზაფხულში ფარცხისის ბრძოლაში.

მიწების გადაცემა რომ იმპერიის ცენტრალური ხელისუფლების ნებართვით მოხდა, ამას მოწმობს ქრიზობულები (საიმპერატორო სიგელები), რომელთა მიხედვითაც, გრიგოლ ბაკურიანის ძე ტერიტორიებს ანდერძით უტოვებდა პეტრიწონის მონასტერს.

თურქ-სელჩუკები XI ს. 70-იან წლებში ბიზანტ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლებში თითქმის ბოსფორის აზიურ სანაპიროებამდე გავიდნენ, ხოლო შემდეგში – კონსტანტინოპოლამდე.

ამის შემდეგ გრიგოლ ბაკურიანის ძე ბალკანეთში მოღვაწეობდა, სადაც იგი მსახურობდა იმპერატორების, მიხეილ VII დუკას (1071-1078) და ნიკოფორე III ბოტანიატეს (1078- 1081) მმართველობის დროს. როგორც ჩანს, მან შეინარჩუნა კეთილგანწყობა ორივე იმპერატორის მხრიდან და მიიღო მთელი რიგი სამფლობელოებისა ფილიპოპოლის (ამჟ. პლოვდივი) და მისინოპოლის რ-ნებში, რაზედაც მეტყველებს მიხეილ VII-ის მიერ გრიგოლ ბაკურიანის ძისადმი გაცემული 7 ოქრომჭედი. 1081 წ. გრიგოლ ბაკურიანის ძემ მხარი დაუჭირა ალექსი კომნენოსს ნიკოფორე III-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში და ხელი შეუწყო მის გამეფებას, რის გამოც აყვანილ იქნა დასავლეთის დიდი დომესტიკოსის რანგში (რეზიდენცია ქ. ადრიანოპოლში; ამჟ. ედირნე).

ბალკანეთში გრიგოლ ბაკურიანის ძეს ბრძოლები მოუწია იმპერიის ძლიერ და საშიშ მტერთან, რობერტ გვისკართან, ხოლო შემდეგ მოუხდა ყივჩაყებისა და პაჭანიკების შემოტევების შეჩერება. რამდენადაც წარმატებული იყო მისი ბრძოლები ნორმანების წინააღმდეგ, იმდენადვე – წარუმატებელი. საბოლოოდ კი ტრაგიკული აღმოჩნდა ბრძოლები ყივჩაყებთან და პაჭანიკებთან. ეს მოხდა 1081-1083 წწ. შორის. „მთელი ამ ხნის განმავლობაში გრიგოლ ბაკურიანის ძე იყო ალექსი კომნენოსის მარჯვენა ხელი, რომელიც მას დიდი ნდობით ეპყრობოდა და მის სამხ. ტალანტს მაღალ შეფასებას აძლევდა. ალექსი მას ანდობდა დამოუკიდებელი სამხედრო მოქმედებების წარმოებას ნორმანების, პაჭანიკებისა და ყივჩაყების წინააღმდეგ, ავალებდა მას ისეთი საპასუხისმგებლო საქმეების შესრულებას, როგორიც იყო ნორმანი გრაფების მოსყიდვა და ბოემუნდ ტარენტელთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოება და ა.შ. 1085 ნორმანებთან ომი მოიგო ბიზანტიამ“. ნორმანების მოსყიდვა სამეფო განძით ხორციელდებოდა და ამას უშუალოდ გრიგოლ ბაკურიანის ძე ეწეოდა.

ამ საქმიანობის დროს გრიგოლ ბაკურიანის ძე ტყვედაც ჩაიგდეს ყივჩაყებმა. ამის შესახებ ტიპიკონში ნათქვამია: „ეგრეთვე იგიცა შესამოსლები მივეც (მონასტერს), რომელ, ოდეს კუმანთა ტყუებისაგან გამომიჴსნა ღმერთმან წყალობით თჳსითა, წარმოეცნეს ჩემდა წმიდასა მეფესა (ალექსის) და ძლიერსა სევასტოკრატორსა, ძმასა მეფობისა მისისასა“ (ისააკს).

1086 წ. იმპერატორმა ალექსი I-მა პაჭანიკებისა და მათთან მიმხრობილი აჯანყებული პავლიკიანების წინააღმდეგ იმპერიის ჯარები წარგზავნა თავისი ორი საუკეთესო მხედართმთავრის, გრიგოლ ბაკურიანის ძისა და ვრანას წინამძღოლობით. მაგრამ მოწინააღმდეგეთა ძალები ბევრად სჭარბობდნენ ბიზანტიის ჯარებს. მტრის მრავალრიცხოვნების შემხედვარე გგრიგოლ ბაკურიანის ძემ გადაწყვიტა მათთან შებრძოლებისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა ვრანას. გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომ არ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოსდა მან სიმხდალე გამოიჩინა და ბრძოლა გადადო, მაინც შეებრძოლა სკვითებს. ბევრნი ამ ბრძოლაში მოისრნენ, დაეცა სასიკვდილოდ დაჭრილი ვრანაც. თვითონ გრიგოლ ბაკურიანის ძე გააფთრებული ბრძოლისა და მტერზე შეტევისას მუხას შეეჯახა და იქვე დალია სული.

გგრიგოლ ბაკურიანის ძემ 1083 წ. შეადგინა და საკუთარი ხელმოწერით დაამტკიცა ქართველებისთვის სოფელი პეტრიწონის მახლობლად, როდოპის მთებში, მდინარე მარიცას ხეობაში (სამხრეთ ბულგარეთი) დაარსებული ქართული მონასტრის ტიპიკონი.

ტიპიკონის ტექსტს არა მხოლოდ ისტორიული, არამედ ლიტურგიკული წყაროს მნიშვნელობაც აქვს. აგრეთვე ის წარმოადგენს XI ს. ქართული ლიტიტერატურის ფასეულ მხატვრულ ნაწარმოებს. ავტორის ღრმა ფილოსოფიურ-ლირიკული ნააზრევი მის განსაკუთრებულ ლიტერატურულ ნიჭზე მეტყველებს.

შემონახულია გრიგოლ ბაკურიანის ძისა და მისი ძმის, აბას მაგისტროსის ფრესკული გამოსახულება (XI ს.) პეტრიწონის (ბაჩკოვოს) მონასტრის საძვალეში, სადაც ისინი დაიკრძალენ.

ვ. სილოგავა


წყაროები და ლიტერატურა

  • ყაუხჩიშვილი ს., პეტრიწონის ტიპიკონი. ტექსტი და თარგმანი, „გეორგიკა“, 5, თბ., 1963;
  • შანიძე ა., ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი. ტიპიკონის ქართული რედაქცია, თბ., 1971.
  • გოზალიშვილი გ., გრიგოლ ბაკურიანის-ძე, „მნათობი“, №2, 1970, „განთიადი“, №2, 1979;
  • შანიძე ა., პეტრიწონის მონასტრის მაშენებელი გრიგოლ ბაკურიანის-ძე, „მნათობი“, №1, 1979;
  • Ломоури H. Ю., K истории грузинского Петрицонского монастыря (Бачковский монастырь в Болгарии), Tб., 1981;
  • Шанидзе A., Великий Доместик Запада Григорий Бакурианисдзе и грузинский монастырь, основанный им в Болгарии, Тб., 1970.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები